ნიკარაგუაში გამომავალ ოპოზიციურ გაზეთ «La Prensa»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კომენტირებულია აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონი (H.R.244) 2017 წლის
ფედერალური ბიუჯეტის თაობაზე (Consolidated Appropriations Act, 2017), რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ხელი მოაწერა. როგორც ცნობილია, ამ კანონში აღნიშნულია (განყოფილება 7070), რომ აშშ-ის მთავრობას ეკრძალება იმ სახელმწიფოებისადმი დახმარება, რომლებმაც აღიარეს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია და რუსეთის მიერ „ოკუპირებული“ საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს (ავტორები - იუდით ფლორესი და ლეონორ ალვარესი).
„ნიკარაგუა მსოფლიოს ოთხი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომელსაც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს დამყარებული. ორივეს დამოუკიდებლობის აღიარება დანიელ ორტეგას მთავრობის მმართველობის დროს მოხდა, როცა ნიკარაგუამ რუსეთთან თამაში დაიწყო, მოსკოვთან დაახლოების მიზნით.
„ამ კანონს აუცილებლად მოჰყვება არასასურველი შედეგები ნიკარაგუასათვის. შესაბამისად, დანიელ ორტეგამ უნდა აირჩიოს - გააგრძელებს თუ არა თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ნიკარაგუის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთს არანაირად არ შეუძლია აშშ-ის ჩანაცვლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სავაჭრო სივრცეში. შესაბამისად, ხელისუფლებას მოუწევს განსაზღვროს რომელია მისთვის უკეთესი - რუსეთთან ეკონომიკური კავშირები თუ აშშ-სთან“, - ამბობს ჯეისონ პობლეტე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი. მისი თქმით, აშშ-ის ამ შემთხვევაში აშშ-ის მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეფექტს მოახდენს იმ კანონის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც კონგრესში უნდა განიხილონ და რომელიც ნიკარაგუასათვის დახმარებას და ინვესტიციებს ითვალისწინებს (Nica Act).
ექსპერტი განმარტავს, რომ აშშ-ის ბიუჯეტის კანონი (H.R.244) თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს: ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობა პრივილეგიაა და არა უფლება. დონალდს ტრამპის მიერ ხელმოწერილი კანონის საფუძველზე გამოჩნდება, თუ რომელი ქვეყნები თვლიან ჩრდილოამერიკულ ბაზარს საჭიროდ და აუცილებლად თავიანთი ინტერესებისათვის.
ჯეისონ პობლეტე დარწმუნებულია, რომ კანონი დაუყონებლივი ეფექტი მოჰყვება: „პროცესი უკვე დაიწყო და ჩვენ შედეგს მალე დავინახავთ“. ისეთი ქვეყნებმა, როგორებიცაა კუბა, ვენესუელა, ბოლივია, ეკვადორი და ნიკარაგუამ უნდა გააცნობიერონ და მხედველობაში იქონიონ, რომ აშშ-ის პოლიტიკა იცვლება, რაც გულისხმობს ცვლილებებს ამ ქვეყნის ბაზარზე ყოფნასთან დაკავშირებითაც.
ექსპერტის თქმით, დანიელ ორტეგას მიერ გატარებულმა საგარეო პოლიტიკამ და მისმა ნაბიჯებმა ნიკარაგუელი ხალხი მძიმე სიტუაციაში ჩააგდო: „მისი პოლიტიკა ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან ხორციელდება, ცივი ომის პერიოდიდან. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტმა ურთიერთობა განამტკიცოს აშშ-სთან, მის ინტერესს მხოლოდ ისეთი ქვეყნები წარმოადგენენ, როგორებიცაა რუსეთი და ირანი.
რაფაელ კარკამო, საზოგადო მოღვაწე და აქტივისტი, რომელიც პროფესიით ექიმია, მაგრამ კარგად ერკვევა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში, ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონი დანიელ ორტეგას მთავრობის წინააღმდეგაა მიმართული. მისი თქმით, ყველამ იცის იმ ქვეყნების სია, რომლებმაც საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარეს და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს - რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. „იმის გამო, რომ ნიკარაგუამ სეპარატისტების დამოუკიდებლობა აღიარა, დონალდ ტრამპის კანონის მოქმედება ჩვენც შეგვეხება. შესაბამისად, Nica Act-ისადმი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მცირდება“, - ამბობს რაფაელ კარკამო.
კერძო მეწარმეობის საბჭოს პრეზიდენტმა ხოსე ადამ აგერმა განაცხადა, რომ მან აშშ-ის საელჩოს სთხოვა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს კონგრესის მიერ მიღებული ბიუჯეტის კანონის შესახებ, თუმცა მას ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიუღია. ჩვენი გაზეთი შეეცადა აშშ-ის სავჭრო პალატის პრეზიდენტს ალვარო როდრიგესს დაკავშირებოდა, მაგრამ იგი მობილურ ტელეფონზე არ პასუხობდა.
ნიკარაგიოს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ვილმა ნუნესის თქმით, პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ, თავისი უპასუხისმგებლო მოქმედებით, აღიარა რა რუსეთის მოკავშირე ორი სეპარატისტული რეგიონი, საკუთარი ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცია. ფაქტია, რომ აშშ-ის კანონის მოქმედება და მის საფუძველზე მიღებული თეთრი სახლის გადაწყვეტილება ნიკარაგუაზეც გავრცელდება, რაც, ვილმა ნუნესის თქმით, საფრთხეს უქმნის Nica Act-საც.
----------
გაზეთი «La Prensa» ოპოზიციური გამოცემაა და პროამერიკული პოზიციით გამოირჩევა, ხშირად აკრიტიკებს ნიკარაგიოს ხელისუფლების კურსს. იბეჭდება მანაგუაში. ტირაჟი - 42 ათასი ეგზემპლარი.
