"ng.ru" (რუსეთი): „წვეთი კუპრი“ პრემიერ კვირიკაშვილისათვის აშშ-ში წარმატებული ვიზიტის ფონზე
"ng.ru" (რუსეთი): „წვეთი კუპრი“ პრემიერ კვირიკაშვილისათვის აშშ-ში წარმატებული ვიზიტის ფონზე
11:50 11.05.2017
რუსულ გამოცემა «Незавсисимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში, ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარია, რომელმაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია და ამ ავარიასთან დაკავშირებული მოვლენები, საუბარია აგრეთვე შრომის დაცვის კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობის შესახებ (ავტორი - იური როქსი).

„ტყიბულის ქვანახშირის შახტში მომხდარმა ავარიამ, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მკვეთრად აჩვენა, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ქართულ კანონმდებლობაში შრომის უსაფრთხოების დაცვის მხრივ“, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში, რომლის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს, კარგი იქნებოდა, რომ ეს საკითხიც დარეგულირებულიყო. ავარიის ფაქტმა ქვეყნის მოსახლეობა ააღელვა, რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანმა (ჯგუფ „აუდიტორია-115“-დან) საპროტესტო აქციაც მოაწყო, თუმცა პოლიციამ მათი მოქმედება სწრაფად აღკვეთა. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ერთობ მწვავედ შეაფასა სიტუაცია და განაცხადა, რომ ხელისუფლება მკვლელის როლს ასრულებს.

ოპოზიციაც, ბუნებრივია, ავარიასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებში მთავრობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს პსაპროტესტო აქციის მონაწილეებს. ოპოზიციის აზრით, პოლიციამ მათ მიმართ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა. პოლიცია კი განმარტავს, რომ აქციის მონაწილეებს ქუჩის გადაკეტვა სურდათ, რაც დაუშვებელია.

როგორც ჩანს, ერთი მხრივ, პოლიციამ ბათუმის მოვლენებიდან გაკვეთილი გამოიტანა და აქციის დასაწყისშივე აქტიურად იმოქმედა, თუმცა არსებობდა რისკი იმისა, რომ წესრიგის დამცველებს ძალის არაადექვატურ გამოყენებას დააბრალებდნენ. მეორე მხრივ, თბილისური წყაროების ინფორმაციით, „აუდიტორია-115“-ის პროტესტი ზოგადად სამართლიანია, თუმცა მათი ზოგიერთი მოქმედება კითხვებს იწვევს. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას ავარიის შედეგების სალიკვიდაციოდ არაფერი გაუკეთებიაო, მაგრამ ცნობილია, რომ მთავრობა მოქმედებდა ისე, როგორც უნდა ემოქმედა ტექნოლოგიური ავარიების დროს: შემთხვევის ადგილზე მოხდა მაშველთა მობილიზება, იქვე მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, დაზარალებულთა ოჯახებს დახმარება აღუთქვეს და ა.შ. თუმცა ახალგაზრდებმა მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისად ჩათვალეს და მთავრობას თანამოქალაქეთა ბედის „ფეხებზე დაკიდვა“ დააბრალეს.

თბილისში სიტუაცია გარკვეულ მომენტში იმ დონემდე დაიძაბა, რომ სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებები გახდა საჭირო. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აქციის მონაწილეებს დამშვიდებისაკენ თავისი რეზიდენციიდან მოუწოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ვაშინგტონიდან, სადაც იგი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

„ქართულ პოლიტიკურ წრეებში პრემიერის ვიზიტი ზეწარმატებულად შეფასდა: გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს და კონგრესის ცნობილ წევრებს. ამგვარ [ზეწარმატებულ] შეფასებას იზიარებს საქართველოს პრეზიდენტიც და ოპოზიციის ის ნაწილიც (სხვათა შორის, პირველად!), რომელიც ყოველთვის ცდილობს ხელისუფლების საქმიანობა ნეგატიურად წარმოაჩინოს. თუმცა პრემიერისათვის ტყიბულში მომხდარმა ცუდმა ამბავმა „ერთი წვეთი კუპრის“ როლი შეასრულა: ისევ დაიწყო ლაპარაკი შიდა არაკეთილსმურველებზე, რომლებშიც, რასაკვირველია, მაღაროელთა დაღუპვა კი არა, ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლა იგულისხმება“, - წერს ავტორი.


http://www.ng.ru/cis/2017-05-11/6_6985_georgia.html


ბეჭდვა