ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შემდეგ,
თეთრმა სახლმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა:
„თეთრ სახლში, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 25 წელია, ღრმავდება. აღინიშნა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის მნიშვნელობა. ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის გამო - 31-მა ქართველმა ჯარისკაცმა ავღანეთში, ნატოს ძალების მხარდამხარ ბრძოლაში თავი გაწირა. ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის ურყევი მხარდაჭერა. ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს გადაწყვეტილების მიმართ, გააგრძელოს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში, მათ შორის ნატოში, ინტეგრაცია. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან ახალ გზებს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად“.
პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრას შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც სურვილი გამოთქვა მისალმებოდა საქართველოს პრემიერს და კვლავ დაედასტურებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა. გიორგი კვირიკაშვილმა ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის უმაღლესმა პირმა მას მტკიცე გზავნილები გადასცა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე.
