«RFE//RL» (აშშ): საქართველოში ტურიზმის ზრდასთან ერთად პრობლემებიც მატულობს
«RFE//RL» (აშშ): საქართველოში ტურიზმის ზრდასთან ერთად პრობლემებიც მატულობს
11:26 08.05.2017
საქართველოში ტურისტული სეზონი დაიწყო და საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აპრილის თვეში საქართველოს 500 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, თუმცა ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად თავი იჩინა სხვადასხვა სახის პრობლემებმა.
---------
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს ეყრდნობა, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს 10 პროცენტით მეტი უცხოელი ესტუმრა, ვიდრე შარშან, აპრილში, ხოლო პირველი 4 თვის სტატისტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ უცხოელი სტუმრების რიცხვი 11 პროცენტზე მეტად გაიზარდა.

ასეთი მონაცემები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს, ოპტიმისტური განცხადებების საფუძველს აძლევს. მისი თქმით, აპრილის თვეში დაახლოებით 27%-ით გაიზარდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში 24 საათით და მეტი დროით შემოდიან, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ მილიონ 700 ათასს მიაღწია, რაც თითქმის 11%-ით მატებას შეესაბამება.

2017 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში სომხეთიდან განხორციელდა და ზრდამ 13%-ზე მეტი შეადგინა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, საიდანაც საქართველოს 7%-ით მეტი ადამიანი ესტუმრა. მესამეა თურქეთი, რომლის წილი სულ უფრო მეტად მცირდება და ამჯერად კლება, [შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით], მინუს 19%-ზე მეტია. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორები რაოდენობის მიხედვით მეოთხე ადგილს იკავებენ 16%-იანი ზრდით. რუსეთის შემდეგ მოდის უკრაინა, საიდანაც მოგზაურების რიცხვი 27%-ზე მეტად გაიზარდა.

რასაკვირველია, ამ ციფრების უკან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კეთილდღეობა დგას. გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ვიზიტორების ნაკადის მატებასთან ერთად შემოსავლებიც იზრდება: „უცხოელები სარგებლობენ თავიანთი საბანკო ბარათებით ჩვენს ქვეყანაში და იანვარ-მარტის მონაცემებით, 34%-ითაა გაზრდილი საერთაშორისო საბანკო ბარათების მოხმარება. ეს გახლავთ ჩვენი მოსახლეობის დამატებითი შემოსავლები და, რა თქმა უნდა, დასაქმების დამატებითი წყაროც. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი ყოველწლიურად იზრდება“, - ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმზღვანელი.

გიორგი ჩოგოვაძის მიერ აღწერილი სტატისტიკა ყველაზე მეტად შესამჩნევია თბილისი ქუჩებში, სადაც უცხოელთა რაოდენობა ერთი-ორად გაიზარდა, მაგრამ მათი ნაწილი, კარგ მასპინძლობასთან ერთად, ხედავს და აწყდება ისეთ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია მათხოვრებთან და მაწანწალებთან. იმატა ტურისტების მიმართ ჩადენილმა კრიმინალურმა ფაქტებმაც - მოტყუებამ თუ გამოძალვამ. ერთ-ერთი ასეთი უსიამოვნო საუბარი აღბეჭდილი აქვთ რუს ტურისტებს, რომლებმაც საქართველოში ველოსიპედებით იმოგზაურეს. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მათ ადგილობრივები გამოელაპარაკნენ: „ჩვენი მთავრობა ფსონს აკეთებს ტურიზმზე, ჩვენ კი ვაკეთებთ არა ტურიზმზე, არამედ ჯერ ყველაფერზე და მერე სტუმრებზე. გასაგებია თქვენთვის?“, - აი, ასეთი უსიამოვნო აუდიოჩანაწერია გამოქვეყნებული რუსების მიერ, რომელსაც ისინი ქუჩაში გადააწყდნენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და სასტუმრო „ტერასას“ და ტურკომპანია „პროტრეველის“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში იმ ინციდენტსაც იხსენებს, როცა ტურისტების დასაცავად პატრულის გამოძახებაც კი გახდა საჭირო. იგი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომლებიც მწვავედ დგას საქართველოში ტურიზმის განვითარების წინაშე: „რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ტურისტთა განთავსებებს, ეს ყველაფერი მოთხოვნის მიხედვით იზრდება, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, ანუ ის პრობლემები, რომლებიც, ასე ვთქვათ, მხოლოდ კერძო ინვესტიციებზე არ არის დამოკიდებული და რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ეხება, პირველ რიგში, ძირითად ინფრასტრუქტურას - გზებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს... ავიამიმოსვლა, ასე თუ ისე, რეგულირდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ბაზარზეც, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სახმელეთო ტრანსპორტთანაა დაკავშირებული. მაგალითად, [თბილისის ბევრ რაიონში] თითქმის არ არსებობს, ან ძალიან ცოტაა ნორმალური, კეთილმოწყობილი გაჩერებები, არ არის უზრუნველყოფილი ნორმალური პირობები საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილების დროს (სიგარეტის წევა, ხმამაღალი მუსიკა და ა.შ.)“.

როგორც მაია სიდამონიძე ამბობს, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, არის სხვა სირთულეებიც, რაც ტურისტული სერვისის დაბალ დონეზე მეტყველებს. მისი თქმით, საქართველომ მაღალმხარჯველი ტურისტები უნდა მიიზიდოს: „მაღალმხარჯველი ტურისტები უფრო მეტად დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დადიან (ასევე ამერიკიდანაც), მათი მიზიდვის მიზნით აუცილებელი ტურისტული მომსახურების დონის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის გაფართოება, რომელშიც გზებისა და კომუნიკაციების გარდა, სხვა ბევრი რამ იგულისხმება. ამიტომაც საჭიროა ხელისუფლების ძალისხმევა, მაგალითად, მეტი თანხა ჩაიდოს ტრენინგებში, კვალიფიციური კადრების მომზადებაში სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის“.

ტურიზმის სფეროს ექსპერტებს ზრდის ტემპები არ აკმაყოფილებთ. მათი აზრით, საქართველოს მსგავს ქვეყანას სწრაფი შედეგების მისაღწევად ტურისტების ნაკადის მინიმუმ 20%-იანი ზრდა ჭირდება, ანუ ისეთი, როგორიც 2012-2013 წლებში იყო.

ბეჭდვა