ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მშფოთვარე სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორისაა მოქცეული, ზეწოლის მექანიზმი
და ავტორიტეტი უნდა აღადგინოს, წერს ამერიკულ ჟურნალ «The National interest»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სვანტე კორნელი, აშშ-ის კვლევითი ცენტრის „კავკასია-ცენტრალური აზიის ინსტიტუტის“ დირექტორი, რომელიც ასევე არის სტოკჰოლმის (შვედეთი) უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის თანადამფუძნებელიც.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:
„კავკასიის მნიშვნელობა ციფრებით არ გამოიხატება. კავკასია მნიშვნელოვანია როგორც გეოგრაფიული, კულტურული და გეოპოლიტიკური გზების გადაკვეთის წერტილი“, - წერს ავტორი, - „ისევე როგორც მონღოლებისა და თემურ-ლენგის დროს, ან რუსეთის, ოსმალეთისა და სეფევიდური სპარსეთის იმპერიების პერიოდში, კავკასია დღესაც ითვლება აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის „შეხვედრის“ ერთგვარ ადგილად, ხიდისა თუ ბარიერის როლის შემსრულებლად ევროპასა და აზიას, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთს შორის“. კავკასია, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან 21-ე საუკუნის მიჯნამდე რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფებოდა, დღეს ნელა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად აგრძელებს თავისი პოზიციების აღდგენას საერთაშორისო არენაზე, - წერს ანალიტიკოსი. სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო - აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი - ერთმანეთთან ღრმა უთანხმოების მიუხედავად, აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობას ესწრაფვიან.
დღეს რეგიონს რამდენიმე პრობლემა შეიმჩნევა, რომლებიც ევროპულ უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს. ესენია რუსეთის აგრესიული ექსპანსია, ისლამური რადიკალიზმი, ირანის მზარდი ამბიციები, აგრეთვე ის წინააღმდეგობრივი სიტუაცია, რომელიც თურქეთს ახასიათებს.
„ამ ყველაფერმა შეერთებული შტატები უნდა დააფიქროს და და მისი ყურადღება მიიპყროს, რეგიონისადმი თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავების მიზნით“, - წერს სვანტე კორნელი, თუმცა, მისივე აზრით, ბოლო წლებში ყველაფერი პირიქით ხდება: იმ დროს, როცა ათი წლის წინათ ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაზე ჰქონდა გავლენა, დღეს ასეთი გავლენა აღარ არის, განსაკუთრებით ბარაკ ობამას მმართველობის (ეპოქის) დროს. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებისას ძველი გავლენებიდან თითქმის აღარაფერი დარჩა. შესაბამისად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას აშშ-ის ინტერესებს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა აღარ არ აქვს.
„ფაქტები ამას მეტყველებენ: სომხეთმა 2013 წელს უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და დათანხმდა მოსკოვის მიერ შეთავაზებულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას. აზერბაიჯანთან კი, რომელიც რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება რუსეთსაც და ირანსაც, ვაშინგტონის ურთიერთობა 2015 წლისათვის ძალიან გაუარესდა“, - აღნიშნავს ავტორი.
„საქართველოც კი, რომელიც ერთნაირად უყვართ როგორც ამერიკელ დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს, არ თვლის საჭიროდ იმას, რომ საარჩევნო კამპანიების დროს პროდასავლელი ფიგურები ჩართოს და წარმოაჩინოს“, - ასე თვლის სვანტე კორნელი.
ავტორი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კავკასიიდან, პრაქტიკულად, დეზინტეგრირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამით რეგიონის სიტუაცია არანაირად გაუმჯობესებულა. სვანტე კორნელი ამის დამადასტურებელ ფაქტად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში 2016 წლის აპრილში მომხდარი კონფლიქტის ესკალაციას ასახელებს. ამ გამწვავებამ ორივე მხარეს ასეულობით ადამიანის მსხვერპლი მოუტანა და კინაღამ დიდი ომში გადაიზარდა. თუ ასეთი ვითარება გაგრძელდება, მაშინ ვაშინგტონს არ უნდა გაუკვირდეს, რომ კავკასიაში პრობლემები მოიმატებს, რაც გავლენას მოახდენს თვითონ აშშ-ის სტაბილურობაზეც და მის გრძელვადიან ინტერესებზე უფრო ფართო [სამხრეთ კავკასიის ირგვლივ] რეგიონში.
სვანტე კორნელი დარწმუნებულია, რომ ამერიკამ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას კავკასიის მიმართ, მხედველობაში უნდა მიიღოს რეგიონის რეალიები და მეტი ძალისხმევა განახორციელოს საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად.
„[ვაშინგტონის მიერ] გლობალური ბალანსის მცდარი აღქმის შედეგად კავკასიაში აშშ-ის ავტორიტეტი ბევრად სუსტია, ვიდრე აქ მდებარე ქვეყნების დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს იყო“, - აღნიშნულია სტატიაში. ავტორი მიიჩნევს, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა უკვე დროა გააცნობიერონ, რომ აუცილებელია მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ კავკასიას: „თუ ვაშინგტონი ასე მოიქცევა, მაშინ მას ძლიერი ბერკეტები ექნება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან რეგიონზე გავლენის მოსახდენად. თავის მხრივ, ეს დადებითად აისახება ამერიკის მდგომარეობაზე ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში და აღმოსავლეთ ევროპაში“.
https://www.the-american-interest.com/2017/05/02/the-raucous-caucasus/
