რუსულ მასმედიაში ფართოდ გაშუქდა გერმანიის კანცლერის ოფიციალური ვიზიტი რუსეთში 2 მაისს, რომლის დროსაც ანგელა მერკელი
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდა. საინტერესოა, რომ გერმანიისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა-მოლაპარაკების კომენტირებისას რამდენჯერმე იქნა მოხსენიებული საქართველოც.
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Итоги дня» (02 მაისი, 22.45) აღინიშნა, რომ ანგელა მერკელმა მშვენივრად იცის რუსული ენა, ახალგაზრდობის ჟამს იგი აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ) კომკავშირის წევრი იყო, რუსული ენა კარგად შეისწავლა და ბევრჯერაა ნამყოფი საბჭოთა კავშირში, 1970-იან წლებში იმოგზაურა საქართველოშიც „ავტოსტოპით“.
რუსულ გაზეთ «Российская газета»-ში (03 მაისი) გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც გერმანელი პოლიტოლოგი ალექსანდრე რარი, მერკელ-პუტინის შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ პოლიტიკური უთანხმოებისა და გამოცხადებული სანქციების მიუხედავად, მოსკოვი და ბერლინი ერთმანეთის მსხვილი ეკონომიკური პარტნიორები რჩებიან. ნიშანდობლივია, რომ ორივეს - გერმანიის კანცლერსაც და რუსეთის პრეზიდენტსაც ერთნაირი პოზიციები აქვთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით დადებულ მინსკის შეთანხმების საკითხში: ახალი დოკუმენტის გაფორმება აუცილებელი არაა, ძველი უნდა შესრულდეს.
პოლიტოლოგი ალექსანდრე რარი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმაზე, რომ ანგელა მერკელი რუსეთის პოზიციას ყოველთვის ანგარიშს უწევდა და უწევს. ამის დამადასტურებლად მან ნატოს ბუქარესტის სამიტი დაასახელა, როცა სწორედ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაუწია წინააღმდეგობა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და დაბლოკა საქართველოს მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ანუ, შეიძლება ითქვას, რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედა.
http://www.ntv.ru/video/1424545/
https://rg.ru/2017/05/02/aleksandr-rar-merkel-stavit-cennosti-vyshe-voprosov-geopolitiki.html
