"mk.ru"(რუსეთი): არაა გამორიცხული, რომ სირია-ერაყში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში გადმობარგდნენ
 "mk.ru"(რუსეთი): არაა გამორიცხული, რომ სირია-ერაყში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში გადმობარგდნენ
11:41 02.05.2017
რუსულ გამოცემა «Московский комсомолец»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულ-გაანალიზებულია სიტუაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეშია შექმნილი: როგორი ურთიერთობაა დსთ-ის სახელმწიფოებს შორის, როგორი ინტეგრაციული პროცესები მიმდინარეობს, რა როლს ასრულებს დასავლეთი და რუსეთი ამ პროცესებში და ა.შ. მასალაში გადმოცემულია რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგების თვალსაზრისი (ავტორი - არტურ ავაქოვი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას, რომელიც ჩვენი აზრით, რამდენადმე ტენდენციურ ხასიათს ატარებს ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი კავკასიური სახელმწიფოს მიმართ (რედ.):
„თუ ადრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ჯიუტად იმზირებოდნენ შორეული ამერიკა-ევროპისაკენ და უახლოესი მეზობლების დანახვაც კი არ უნდოდათ, დღეს სხვა სიტუაციაა - მათი ერთმანეთთან დაახლოება მიმდინარეობს“, - ნათქვამია სტატიაში. მასში, ბუნებრივია, ყურადღება ეთმობა აგრეთვე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულებას და მათ საგარეოპოლიტიკურ კურსს.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორ-მოკავშირედ ტრადიციულად სომხეთი ითვლება, რომელსაც რეგიონში ორი მრისხანე მოწინააღმდეგე ჰყავს - თურქეთი და აზერბაიჯანი. ცხადია, უპირველესად ეს ფაქტორი განაპირობებს სომხეთის თითქმის უსიტყვო მორჩილება-ერთგულებას მოსკოვთან პარტნიორობისადმი, თუმცა... კრემლი სამხრეთ კავკასიაში მეტი წარმატებით ვერაფრით ვერ დაიტრაბახებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, აზერბაიჯანი კი, ვისთანაც მოსკოვს შედარებით ნორმალური დამოკიდებულება აქვს, უპირველესად თურქეთის დასაყრდენს წარმოადგენს. თუმცა, ევგენი პრიმაკოვის სახ. პოსტსაბჭოური კვლევების ცენტრის დირექტორის ალექსანდრ კრილოვის თქმით, კრემლთან თანამშრომლობის გარეშე სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას ვერ შეძლებენ:
სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია რთულია, თუმცა არა ისეთი, რომ იქ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ თავისუფლად ინავარდონ. თუმცა, რასაკვირველია, ჩვენს სწრაფად ცვალებად სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ სირია-ერაყში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს კოალიციური ძალები ერთბაშად შეუტევენ, არაა გამორიცხული, რომ ისინი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში გადმობარგდნენ. ცნობილია, რომ ამ რეგიონების ქვეყნებში უკვე მოქმედებენ მათი „უჯრედები“, რომლებიც საჭირო შემთხვევაში შეიარაღებული ბრძოლის პლაცდარმებად გადაიქცევიან.
ჯერ-ჯერობით კი სამხრეთ კავკასიაში აქტიურობა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ იგრძნობა. ეს დაკავშირებულია აზერბაიჯანის მცდელობასთან, რომელიც მიისწრაფვის რაც შეიძლება მეტი „ოკუპირებული ტერიტორიები“ დაიბრუნოს. ბაქოსათვის ამ თემაზე ყოველგვარი ვაჭრობა უადგილოა. სხვათა შორის, მთიანი ყარაბაღის საკითხი ერთგვარი „ვულკანის“ როლს ასრულებს სომხეთის შიდა პოლიტიკაშიც: დროდადრო „იღვიძებს“ ხოლმე და დესტაბილიზებას იწვევს. ასეთ ფონზე სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა რუსული დიპლომატიის ფორმულით ამგვარად გამოიხატება: ბაქო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ერევანი კი - სტრატეგიული მოკავშირე. ამ ფორმულის შესაცვლელად არანაირი საფუძველი არ არსებობს. რუსეთ-სომხეთის ურთიერთობასთან შედარებით რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა შეიძლება ერთგვარ პარადოქსადაც კი ჩანს: მთიანი ყარაბაღის პრობლემის გარდა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პოზიციები ძირითადად თითქმის ყველა საერთაშორისო პრობლემისადმი ერთმანეთს ემთხვევა.
რუსეთის „მოკავშირე და ერთგულ“ სომხეთში კი ანტისამთავრობო პროტესტები ხშირად ანტირუსული ლოზუნგების ფონზე მიმდინარეობს. შესაბამისად, კრემლი იძულებულია იფიქროს, რომ სომხეთის ხელისუფლებაში შეიძლება რადიკალური ოპოზიცია მოვიდეს. ცხადია, სიტუაციის ამგვარი განვითარება ჯერ-ჯერობით ნაკლებადსავარაუდო ვარიანტია, მაგრამ პრაქტიკულად შესაძლებელია. ამ შემთხვევაში სომხეთში მოვლენები, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი „ქართულ-რადიკალური“ გზით განვითარდება. პრობლემა იმაშია, რომ სომხური ოპოზიციის აზრით, ყველაფერი ცუდი, რაც კი რესპუბლიკაში ხდება - ეს იქნება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, კორუფცია, მთიანი ყარაბაღის პრობლემა და ა.შ. - მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალია. თუმცა, ცხადია, რუსეთი თავს იკავებს დამოუკიდებელი სომხეთის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევისაგან, დასავლეთის სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, როგორც ეს მათ საქართველოში გააკეთეს.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, აქ არანაირი გარღვევა არ მომხდარა. კონფლიქტის მწვავე სტადიამ გაიარა და ახლა ურთიერთობის ნორმალიზება მიმდინარეობს. გაჭირვებით, ძნელად, მაგრამ მაინც მიდის. ლაპარაკია აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედებაზე, რომელიც თავის დროზე თბილისმა დაბლოკა. რკინიგზებზე მოძრაობის აღდგენა, მათ შორის აფხაზეთის მონაკვეთზეც, სასარგებლო იქნებოდა არამარტო პირველ რიგში საქართველოსთვის, არამედ სომხეთისთვისაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საკითხის გადაწყვეტა იმდენად თბილისზეა კი არაა დამოკიდებული, რამდენადაც თურქეთზე და აზერბაიჯანზე: სწორედ მათ უპყრიათ ხელთ რეალური ბერკეტები საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად.
თუ თბილისი, მისივე ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, ჩრდილოატლანტიკური ორიენტაციიდან გადაუხვევს (როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ნატოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში კრიზისულ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია), ამ შემთხვევაში საქართველო საკუთარი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობით შეძლებს. რამდენად ღრმად წავა თბილისი [ჩრდილოატლანტიკური] მიმართულებით და რამდენი დრო დაჭირდება ამ გზაზე სიარულს (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გათვალისწინებით), ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების სრულფასოვანი აღდგენა და განვითარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას“.
http://www.mk.ru/politics/2017/05/01/komu-nuzhna-rossiya-kak-izmenilis-strany-byvshego-sssr.html

ბეჭდვა