აზერბაიჯანულ გამოცემა "Каспiй"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სეპარატისტული „მთავრობის“ მიერ ეთნიკურ
ქართველთა უფლებების შელახვის ფაქტები, რომლებიც უმეტესად გალის რაიონში ცხოვრობენ. საქმე ეხება მათთვის პასპორტის მსგავს „ბინადრობის მოწმობის“ გაცემას (ავტორი - რაუფ ორუჯევი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა გალის რაიონის ქართველებისათვის „ბინადრობის მოწმობების“ გაცემის იურიდიულ საფუძვლებს (უცხოელ მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე ექვსი თვის ვადით, გაგრძელების უფლებით). აღნიშნულია, რომ „მოწმობების“ მფლობელებს პოლიტიკური უფლებები არ აქვთ და აფხაზეთში მათ უძრავი ქონების ყიდვა არ შეუძლიათ. თბილისს განზრახული აქვს ქართველების დისკრიმინაციის საკითხი ჟენევის მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანოს.
1989 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, აფხაზეთში 48% ქართველი და 17% აფხაზი ცხოვრობდა. დღეს კი, აფხაზ სეპარატისტთა „ოფიციალურ“ მონაცემთა თანახმად, ქართველთა რაოდენობა 19,26%-მდე შემცირდა, აფხაზი მოსახლეობის წილი კი 50,71%-მდე გაიზარდა. იმავდროულად ეთნიკური ქართველებისათვის პოლიტიკური უფლებების წართმევის შედეგად, 2017 წლის 12 მარტის „საპარლამენტო არჩევნების დროს გალის რაიონში მხოლოდ 603 ამომრჩეველი დაფიქსირდა, თუმცა, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ 2011 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, გალის რაიონში 46 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ წარმომადგენლის მამუკა შენგელიას თქმით, ბევრი გალელი, რომლებთაც ქართული პასპორტები აქვთ, საქართველოს ხელისუფლებისაგან სოციალურ დახმარებებს იღებენ, უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო მომსახურებით, სწავლობენ ზუგდიდში არსებულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, მუშაობენ კიდეც... აფხაზ სეპარატისტებს კი არც ამ დონის სერვისის გაწევა შეუძლიათ და არც იმ შესაძლებლობით უზრუნველყოფა, როგორიც თბილისის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზეა. „ბინადრობის მოწმობების“ გაცემით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ცდილობს გალის რაიონის ქართველები არჩევანის წინაშე დააყენოს - იძულებულნი გახადონ ისინი გალში თავიანთი სახლები მიატოვონ, ზუგდიდში გადასახლდნენ ან გზა მოიჭრან დანარჩენი საქართველოსაგან“.
გარეშე დამკვირვებლისათვის ნათელია, რომ აფხაზი სეპარატისტების მოქმედება დისკრიმინაციისა და ეთნიკური ნიშნით სეგრეგაციის გამოვლენაა, ადამიანის უფლებათა აშკარა დარღვევას წარმოადგენს. ყველაზე გასაკვირი კი ისაა, რომ აი, ამ ფონზე აფხაზი სეპარატისტები და მათი მოსკოველი მფარველები ბედავენ და რეგულარულად ლაპარაკობენ „აფხაზეთის რკინიგზის გახსნის“ თაობაზე, ანუ მათ სურთ, რომ გალელი ქართველების ასეთი დამცირება-შეურაცხყოფის შემდეგ თბილისი მატარებლების მოძრაობის აღდგენაზე დათანხმდეს.
http://www.kaspiy.az/news.php?id=59621#.WQa4Poq1vs0
