„გალის რაიონის მოსახლეობას ბინადრობის მოწმობის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. დოკუმენტის მიზანი, რომელსაც მცხოვრებლებს
აფხაზეთის ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება სთავაზობს, ისაა, რომ აღმოიფხვრას მათი - ეთნიკური ქართველების გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსი. ბინადრობის მოწმობა გარეგნულად პარპორტს მოგვაგონებს და რუსეთის ზარაფხანაშია დამზადებული. დოკუმენტი ხუთი წლის ვადით გაიცემა და მისი გაგრძელებაც გათვალისწინებულია“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა "Независимая газета"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:
„ოთხ წელზე მეტი ხნის მანძილზე აფხაზეთის გალის რაიონის ქართული მოსახლეობა გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებოდა. უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა აქვს, რაც მათ უფლებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფდა, მაგრამ არა აფხაზეთში. შესაბამისად, გალის რაიონში ისინი უუფლებო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რამდენიმე წლის წინათ, საპრეზიდენტო არჩევნების წინა ხანებში, გალელებზე აფხაზური პასპორტების გაცემა დაიწყეს, მაგრამ ბოროტმა ენებმა რესპუბლიკის იმდროინდელი პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ხმების მიღების მიზნით „ქართველებთან თამაშში“ დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ „გალის რაიონის გაქართველება კანონდებაო“. აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი კი ამბობდა, რომ ამ ადამიანების სამოქალაქო უფლებები დაცული უნდა იყოსო. სერგეი ბაღაფშმა მოახერხა თავისი გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარება, მაგრამ მოგვიანებით პასპორტების გაცემა შეჩერდა. როგორც გაირკვა, თურმე აფხაზური დოკუმენტებით უზრუნველყოფა კანონის დარღვევით ხდებოდა - ქართველებს საქართველოს პასპორტები ჰქონდათ, დამატებით კი მეორე პასპორტით აფხაზეთის მოქალაქეობა ენიჭებოდათ, ორმაგი მოაქლაქეობა კი რესპუბლიკაში აკრძალულია. მოკლედ, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ მოსულმა ახალმა მთავრობამ გაცემული პასპორტების რევიზია დაიწყო, ქართველების უფლებები შეილახა.
„ხელისუფლების მოქმედება კანონზომიერია. პასპორტები შეცდომით იყო გაცემული, სიტუაცია უნდა გამოსწორებულიყო. მართალია, 2014 წელს დოკუმენტების გაცემა შეჩერდა, მაგრამ უკვე გაცემული პასპორტების კონფისკაცია არ მომხდარა, ანუ გალებს ისეთი დოკუმენტი ჰქონდათ, რომლითაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ დასტურდებოდა, თუმცა პირადობის მოწმობის ერთგვარ როლს ასრულებდა“, - ეუბნება „ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტს აფხაზი პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი. გაცემული პასპორტებით ხელფასებისა და პენსიების აღება შეიძლება. ამგვარი დოკუმენტები აქვთ რიგი სხვა ხალხების წარმომადგენლებსაც. ყველა ფაქტი ცალ-ცალკე იქნება განხილული და გადაწყვეტილი.
აფხაზეთის ხელისუფლება მზადაა გალის რაიონის ქართველობისათვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განსახილველად. კანონის მიხედვით, აფხაზური პასპორტის მფლობელი მხოლოდ ეთნიკური აფხაზი უნდა იყოს და ის აფხაზებიც, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1994-1999 წლებში ცხოვრობდნენ და არ ითვლებიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებად, რუსეთის გარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ გალის ქართველებს მიანიშნა, რომ თუ ისინი აფხაზურ პასპორტებს აიღებენ, მათთვის უკვე არასასურველი იქნება ქართული პასპორტების შენახვა: „ასეთი ადამიანები რისკზე მიდიან, შეიძლება მათ აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგონ“.
„აფახაზეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლებელი და რთული არ არის. თუ ადამიანს ბინადრობის შესაბამისი ცენზი აქვს და რუსეთის გარდა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა არ აქვს და და აფხაზურ ენას ფლობს, მოქალაქეობას აუცილებლად მიიღებს“, - განმარტავს ინალ ხაშიგი.
თბილისის პოზიცია განსხვავებულია. თბილისი ეთანხმება იმ აზრს, რომ გალის რაიონის ქართველთა უფლებები აფხაზეთის სხვა მცხოვრებლების უფლებათა თანაბარი უნდა იყოს, თუმცა ამგვარ ეთნიკურ მიდგომას სეგრეგაციის პოლიტიკად მიიჩნევს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქიდან ქართული მოსახლეობის ეთნიკური და პოლიტიკური გამოდევნა ხდება. ერთი მხრივ, მიმდინარეობს მოსკოვისა და თბილისის მოლაპარაკება ნორმალური ურთიერთობის აღდგენის მიზნით, მეორე მხრივ კი მოსკოვი ტრაიბალისტურ რეჟიმებს ეხმარება“, - ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში რეგიონული უსაფრთხოების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი..
მისი აზრით, ასეთი პოლიტიკა დამღუპველია როგორც სოხუმისათვის, ასევე ცხინვალისთვისაც. დღეს ორივე უკონტროლო რეგიონის ხელისუფლება თავიდან იცილებს უნიონისტებს, ანუ საქართველოსთან ურთიერთობის მომხრეებს, მათ ადგილს კი რუსეთთან სრული ინტეგრაციის მომხრეები, ანუ მის შემადგენლობაში შესვლის მსურველები იკავებენ“.
http://www.ng.ru/cis/2017-04-27/6_6983_abhasia.html
