«kaspiy» (აზერბაიჯანი): დიდგორში ქართველთა ჯარმა თითქოსდა თურქ-სელჯუკების 300 ათასიანი არმია დაამარცხა; მოგონილი ამბავი
«kaspiy» (აზერბაიჯანი): დიდგორში ქართველთა ჯარმა თითქოსდა თურქ-სელჯუკების 300 ათასიანი არმია დაამარცხა; მოგონილი ამბავი
12:42 27.04.2017
ბოლო დღეებში გახმაურებულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც "დიდგორობის" ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას და ამის გამო თურქული მხარის უკმაყოფილებას უკავშირდება, აზერბაიჯანული გამოცემა "Каспiй", ჟურნალისტ სალეჰ ბაიათის სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
როგორღაც ფართო საზოგადოების შეუმჩნევლად საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს შრომით კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, 12 აგვისტო შეიძლება „დიდი გამარჯვების დღედ“ იქნეს გამოცხადებული, შესაბამისად, გამოსასვლელ დღედაც. ეს თარიღი სახალხო დღესასწაულ „დიდგორობასთანაა“ დაკავშირებული, ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის თურქ-სელჯუკებზე გამარჯვებასთან, რომელიც მან 1121 წელს დიდგორის ველზე გამართულ ბრძოლაში მოიპოვა.

ისტორია მითებში

ქართველები ტრადიციულად ფართოდ აღნიშნავენ „დიდგორობას“, აწყობენ ბაზრობებს, სპორტულ ღონისძიებებს... ჩვენც, რასაკვირველია, მეზობლის სიხარულს ვიზიარებთ, როცა ისინი ეროვნული მიღწევებით ამაყობენ. მაგრამ არის ერთი ჭეშმარიტება - კარგია, როცა მითების საფუძველი ისტორიაა და პირიქით - ცუდია, როცა ისტორია რაღაც მოგონილ ამბებს ეფუძნება.
აბა, წარმოვიდგინოთ და განვსაჯოთ: 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა ჯარმა (40 ათასი ქართველი, პლუს 15 ათასი ყივჩაღი) თითქოსდა დაამარცხა... არ დაიჯერებთ... თურქ-სელჯუკების 300 ათასიანი არმია. და დავით აღმაშენებლის ამ გამარჯვების შედეგად თითქოსდა თურქ-სელჯუკთა შემოსევებს გადაურჩნენ არამარტო საქართველოს მეზობელი ქვეყნები, არამედ მთელი ევროპაც. აქედან დასკვნა: სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო „ოქროს საუკუნე“ საქართველოს სიტორიაში.
„ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების აზრით, რომლებმაც ამ კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს, „დიდგორის ველზე მოპოვებული გამარჯვების დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება ქართველი ხალხის ეროვნულ კონსოლიდირების სიმბოლო იქნება და არანაირად არ ატარებს რაღაც არაკეთილმოსურნე იდეებს მეზობლების, პირველ რიგში კი თურქეთის მიმართ“. მაგრამ ქართველები წინა წლებშიც ხომ ფართოდ აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს, მისი პროგრამა მოიცავდა ფოლკლორული ანსამბლების თეატრალიზებული წარმოდგენებსაც და ეროვნულ კონსოლიდაციის საკითხშიც რაიმე პრობლემები არ იყო... ახლა კი რა ხდება? განა რა მიზანი დაისახეს ქართველმა დეპუტატებმა ამ საკითხის წამოწევით? ძალიან-ძალიან გაუგებარია.
კაცმა რომ თქვას, „დიდგორობა“, ქართველების „ეროვნული კონსოლიდაციისათვის“, ერთადერთი სიმბოლო არ არის. თბილისის ერთ-ერთ რაიონში - ავლაბარში მეტროს სადგური „სამასი არაგველი“ მდებარეობს. ეს სახელი მას 1795 წლის 8 სექტემბერს სპარსეთის შაჰის აღა-მაჰმად-ხან ყაჯარის წინააღმდეგ გამართულ კრწანისის ბრძოლაში დაცემული სამასი არაგველი მხედრის პატივსაცემად ეწოდა, 300 სპარტელის მსგავსად. ალბათ, ქართველების „ეროვნულ კონსოლიდაციას“ ემსახურება თბილისში ცნობილი გოგირდის აბანოებისათვის სახელის გადარქმევაც - იყო შაჰ-აბას სეფევიდელის აბანოები, გადაიქცა ერეკლე მეორის აბანოებად.
თუმცა ჩვენ ძალიან ისტორიულ სიღრმეში წავედით, ისევ დღევანდელობას დავუბრუნდეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პარლამენტში მომხდარმა, რბილად რომ ვთქვათ, ამ საკმაოდ უცნაურმა ევოლუციებმა თურქეთში გაოცება გამოიწვია. ანკარამ წარბები შეკრა: თბილისში არსებულმა თურქეთის საელჩომ ქართველ დეპუტატებს სიგნალი გაუგზავნა - ასეთი საოცარი კანონპროექტი არ მიიღოთ, რადგან ამგვარი მოქმედება საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას ხელს არ შეუწყობსო. შედეგად, კანონპროექტის მიღების პროცესი შეჩერდა.
საერთოდ კი, თუ ჩვენი მეზობლების ლოგიკით ვიმოქმედებთ, იმ ხალხებს, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეები არიან და იმათაც, რომლებიც თურქულ სამყაროში მმართველი დინასტიების - სეფევიდების, აფშარების, ყაჯარების სახელმწიფოს შთამომავლები არიან და რომლებსაც ქართველები და სხვა ქრისტიანები სპარსელებს უწოდებენ, შეუძლიათ მსგავსი გამარჯვებები ქართველების მიმართ მთელი წლის განმავლობაში მინიმუმ 10-ჯერ მაინც იზეიმონ, მაგრამ... არც ანკარაში, არც ბაქოში და არც თეირანში მსგავსი უცნაური იდეა აზრადაც არავის არ მოსდის.

უფრო და უფრო მეტი

ამ დღეებში თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქეს, ქალს, სასაზღვრო კონტროლის დროს ჰიჯაბის მოხსნა მოსთხოვეს, თითქოსდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რის გამოც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა თბილისში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შენიშვნა მისცა და განაცხადა, რომ საქართველოს ისლამური ქვეყნების ტურისტების რელიგიური ტრადიციებისადმი პატივისცემა მართებსო.
მართლაცდა, ერთი მხრივ, დასავლელი მეზობლები [ქართველები] ირანის მიმართ ურთიერთობის დათბობას ცდილობენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ევროკავშირის დასანახად, ძალიან გადაჭარბებულად ახდენენ დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულებას. სხვათა შორის, ზოგიერთი თბილისელი „ცხელთავიანი“ ანკარისა და თეირანის დიპლომატიურ დემარშებს დაუშვებლად და შეურაცხმყოფელად თვლიან: ვიღაც „ანალიტიკოსი“ გია ხუხაშვილი გამოდის და ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნული პრეტენზიები ერთგვარი ტესტია, თუ როგორ ადვილად შეიძლება საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ლაგამი ამოსდონო. „რა დღე დაწესდება საქართველოში ზეიმად, თურქეთის მხრიდან ამ საკითხის ასე დაყენებაც კი თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გვიყურებენ ჩვენ. ეს უფრო ვასალისადმი მიმართვაა, ვიდრე პარტნიორისადმი. ისინი გვეუბნებიან, რითაც ამაყობთ, ის კი არ უნდა იდღესასწაულოთ, არამედ აზიზიეს მეჩეთი უნდა ააშენოთ ბათუმში. აზიზიე კი ისტორიულად იმის საპირისპირო მაგალითი იყო, რაც დიდგორი“, - ამბობს გია ხუხაშვილი, თუმცა [ავიწყდება, რომ] საქართველომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანებით მიუერთდა დოკუმენტს, რომლის თანახმად, თბილისმა, თავის ტერიტორიაზე, ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა კონფესიების წარმომადგენლებს მეჩეთის მშენებლობის საკითხში. გია ხუხაშვილმა ეს ან არ იცის, ან არ სურს ამის გაგება. აი, ასეთია საქართველოს დამოკიდებულება თურქეთისადმი... მაგრამ რა ვუყოთ „სამარადისო ძმობა-მეგობრობას“?
თურქეთის მნიშვნელობა საქართველოსთვის ძალიან ძნელია შეაფასო, ანკარას იმდენი კარგი აქვს გაკეთებული თბილისის მიმართ: თურქეთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის პირველ ნოემბერს; თურქეთი საქართველოსთვის უპირველესი სავაჭრო პარტნიორია; თურქ ინვესტორებს საქართველოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტები აქვთ რეალიზებული, ანუ თურქული ბიზნესი ავითარებს საქართველოს ინფრასტრუქტურას: რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - თბილისისა და ბათუმის აეროპორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა... საქართველოს და თურქეტს ორი ამბიციური ენერგოპრეოექტიც აკავშირებს - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. გარდა ამისა, თურქმა სამხედროებმა დიდი როლი შეასრულეს ქართული არმიისა და სასაზღვრო დაცვის რეფორმირებაში, აღადგინეს და ააშენეს თავდაცვითი მნიშვნელობის მქონე ცალკეული სამხედრო ობიექტები, მაგალითად, მარნეულის აეროდრომი.
სამწუხაროდ, საქართველოში, როგორც ჩანს, გია ხუხაშვილის მსგავსად ძალიან ბევრი ფიქრობს. სწორედ ამიტომ თურქი-მესხების შთამომავლები, რომელთა დეპორტაცია (დაახლ. 90 ათასი ადამიანისა) 1944 წლის ნოემბერში მოხდა - ისინი საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს, ჯერაც ვერ მოუხერხებიათ ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში დაბრუნება. არადა, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ ივალდებულა თურქი-მესხების რეპატრირების შესახებ კანონი ორი წლის განმავლობაში მიეღო, მოქალაქეობის მინიჭებით და მომდევნო ათი წლის მანძილზე, ანუ 2011 წლის ბოლომდე მათი დაბრუნება უზრუნველყო. მას სემდეგ, რაც თურ-მესხების უმრავლესობამ სამშობლოდ აზერბაიჯანი ამოირჩია, ნაწილი კი მუდმივ საცხოვრებლად აშშ-ში წავიდა, ქართველებმა შვებით ამოისუნთქეს.
უნდა ითქვას, რომ ჩვენს მეზობელ ხალხში უცნაური ფობიებია გავრცელებული - ბევრი ქართველი დარწმუნებულია, რომ თურქეთს მათი გადაყლაპვა სურს, ხოლო თურქი ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში მაღაზიებს და სხვა ეკონომიკურ ობიექტებს ხსნიან, გაწვრთნილი თურქი აგენტები არიან, გრძელვადიანი პერპექტივით. მეორე მხრივ, საქართველო ძალიან უკმაყოფილოა რუსული პოლიტიკით და ყოფილი [ერთმორწმუნე] დამცველის მოქმედებას იმპერიულს და შოვინისტურს უწოდებს. მაგრამ, აშკარაა, რომ ქართველი პოლიტიკოსების მოქმედება ძალიან მცირედ თუ განსხვავდება მათი რუსი კოლეგების მოტივაცი-მოქმედებისაგან.
როცა უზარმაზარი ქვეყანა - რუსეთი ასე იქცევა ახალი გეოპოლიტიკური რეალიების დროს, ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულა იმპერიული ამბიციებისაგან, მაგრამ როცა იგივეს აკეთებს პატარა საქართველო, ეს უფრო მის ეროვნულ არასრულფასოვნების კომპლექსზე მიუთითებს.


http://www.kaspiy.az/news.php?id=59398#.WQEPe4q1vs0


ბეჭდვა