„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული და სტაბილური იყო, მაგრამ, როგორც საქართველოს მოსახლეობის ბოლო
გამოკითხვამ აჩვენა, აზერბაიჯანს მნიშვნელოვან პარტნიორად ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის მესამედიც კი არ მიიჩნევს. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებად ითვლებიან ევროკავშირი (42%), აშშ (33%) და აზერბაიჯანი (29%).
როგორც პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე ამბობს, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე მსჯელობა მხოლოდ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით არ უნდა მოხდეს.
„მე საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ. იქაური მოსახლეობა ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანს და ჩვენ მეგობრულ ქვეყნად გვთვლიან. თუმცა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური წრეები აზერბაიჯანის მიერ გაწეულ დახმარებას შესაბამის დონეზე არ აფასებენ. ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის ინტერესი მათ მიმართ მხოლოდ აზერბაიჯანთან ერთად არსებობს. ეს იმიტომ, რომ ევროპისათვის მნიშვნელოვანი რიგი პროექტების ინიციატორად სწორედ აზერბაიჯანი გამოდის“, - უთხრა ილგარ ველიზადემ „ეხო“-ს კორესპონდენტს.
მისი თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს კარგი და პარტნიორული თანამშრომლობა ყოველთვის არსებობდა - „ჯერ ედუარდ შევარდნაძის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ჩვენთან მეგობრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში შედიოდა. თუმცა დღეს ეს პოზიცია, ცოტა არ იყოს, შესუსტდა და გამოიფიტა. მე არ მინდა ვთქვა, რომ ამას საქართველო მიზანმიმართულად აკეთებს, მაგრამ [თბილისის პოზიცია] არაშორსმჭვრეტელური მიდგომაა“, - განმარტა პოლიტოლოგმა.
ამავე დროს, როგორც ილგარ ველიზადემ აღნიშნა, საქართველოში ჩასულ ტურისტთა რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანელებს მოწინავე პოზიციები უკავიათ; „საქართველოს მოსახლეობას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ამ ფაქტისადმი. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში მშვიდად შეიძლება მანათის ლარზე გადაცვლა, ხოლო ქართული ტურისტული მარკეტინგი ითვალისწინებს აზერბაიჯანელი ტურისტების მოთხოვნებს - ისინი ხომ ფულს საქართველოში ხარჯავენ. ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის დონემ მილიარდ დოლარს მიაღწია“.
http://ru.echo.az/?p=58391
