«Die Welt» (გერმანია): საქართველო ოქროს საუკუნეში-თამარ მეფის ცხოვრება და გარდაცვალება
«Die Welt» (გერმანია): საქართველო ოქროს საუკუნეში-თამარ მეფის ცხოვრება და გარდაცვალება
11:02 24.04.2017
პოპულარული გერმანული გამოცემა «Die Welt», საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მეფის-თამარის შესახებ ფრანკ შტოკერის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
საქართველოს ეროვნული ვალუტის 50-ლარიან კუპიურაზე ქალი-მმართველია გამოსახული. ქართველები მას „მეფე-ქალს“ უწოდებენ: მან აყვავებული სახელმწიფო შექმნა და მას „უკურნებელი სენით“ გარდაცვალებამდე მართავდა.
ტრადიციული წესით, საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელი დედოფალი იყო - ისევე როგორც იმდროინდელ სხვა ქვეყნებში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ან დანიაში. ამ სახელწოდებას ყველა ენაში შევხვდებით. ასევეა ქართულ ენაშიც. მაგრამ თამარი, რომელიც ქვეყანას 1184 წლიდან 12013 წლამდე მართავდა, ქართულ კუპიურაზე გამოსახულია არა როგორც დედოფალი, არამედ როგორც „მეფე-ქალი“. ამის ახსნა შეიძლება იმ ისტორიული პერიოდის სპეციფიკით, როცა იგი ტახტზე ავიდა. მამამისი გიორგი მესამეც დრამატულ სიტუაციაში გამეფდა, რადგან მას სამეფო ტახტს ძმა - უფლისწული დემნა (დემეტრე) ეცილებოდა. დემნამ შეთქმულებაც კი მოაწყო დიდგვაროვანი ფეოდალ-მხარდამჭერებთან ერთად, ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით, მაგრამ გიორგი მესამემ აჯანყება ჩაახშო, თავის ძმას კი თვალები დასთხარა და დაასაჭურისა.
გიორგი მესამემ გადაწყვიტა მმართველობის მემკვიდრეობითობა ერთმნიშვნელოვნად განემტკიცებინა და თავისი ქალიშვილი თამარიც, 12 წლის ასაკში, ტახტზე დაისვა, თანამოსაყდრედ გამოაცხადა და ექვსი წელი სამეფოს ერთად მართავდნენ. როცა გიორგი მესამე გარდაიცვალა, თამარი საქართველოს პირველი მეფე-ქალი გახდა, ანდა სხვაგვარად რომ ვთქვათ - ქალი-ხელმწიფე. თამარის წოდება ქართულად ასე ჟღერს - „მეფე“ - რაც ხელმწიფეს და მბრძანებელს ნიშნავს. თამართან მიმართებით სიტყვა „დედოფალი“იშვიათად გამოიყენება, რადგან იგი ქვეყნის უპირველესი მმართველი იყო, დედოფლები კი ძირითადად მეფეებს ემორჩილებიან.
თამარ მეფე საქართველოს ისტორიაში უდიდეს პიროვნებად ითვლება. მისი მეფობის დროს ქვეყნის ვაჭრობა-ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების აყვავების ეპოქა დადგა, რომელსაც „ოქროს საუკუნეს“ უწოდებენ. თამარ მეფემ თავისი ჯარით ბევრი ტერიტორია დაიკავა და მისი მეფობის დასრულების ჟამს საქართველოს ტერიტორია ყველაზე დიდად გაფართოვდა. თამარ მეფემ რეფორმებიც განახორციელა: მან გააუქმა სიკვდილით დასჯა და ბრძანება გასცა წამების აკრძალვის შესახებაც. მისი მეფობის ხანაში კულტურაც აყვავდა: სწორედ მაშინ შეიქმნა ქართული ეროვნული ეპოსის შედევრი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ლეგენდის თანახმად, შოთა რუსთაველმა თავისი პოემა თამარ მეფეს მიუძღვნა.
როგორც ჩანს, თამარ მეფე საქართველოს 1213 წლამდე მართავდა, თუმცა სხვადასხვა წყაროებში 1207 წელი და 1210 წელიცაა ნახსენები. იგი „საშინელი უკურნებელი სენით“ გარდაცვლილა. მანამდე კი თამარმა თავისი ვაჟი ლაშა გიორგი გაამეფა (თანამოსაყდრედ დაისვა), რათა მისი მეფობა, დიდი თამარის გარდაცვალების შემდეგ, სადაო არ გამხდარიყო.


https://www.welt.de/finanzen/article163922870/Das-schreckliche-Ende-der-goldenen-Regentin.html


ბეჭდვა