რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია იწყება თურქეთში 1915 წელს მომხდარი
„სომხების გენოციდის“ გახსენებით, რომლის შედეგად მილიონნახევარზე მეტი სომეხი დაიღუპა. აღნიშნულია, რომ სომხების დევნა შევიწროება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა. „თნიკური წმენდის“ მსხვერპლნი გახდნენ აგრეთვე 500 ათასი ბერძენი და 100 ათასი ასირიელი“. ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომელთა კანონმდებლობაში იურიდიულადაა აღიარებული სომეხთა გენოციდი. (ავტორი - იური როქსი).
„საქართველოში არსებულმა სომხურმა თემმა (სათვისტომომ) თბილისის მერიისაგან რეკომენდაცია მიიღო, რომ "სომეხთა გენოციდის" მორიგ წლისთავთან დაკავშირებით (24 აპრილს) თურქეთის საელჩოსთან რაიმე საპროტესტო აქცია არ ჩაატაროს. ოფიციალური მიზეზი - ქუჩაში მოძრაობას ხელი არ უნდა შეეშალოსო, მაგრამ სომხები თავის გადაწყვეტილებას მაინც არ ცვლიან.
საქართველოში, მოსახლეობის ბოლო აღწერის მონაცემებით, თითქმის 250 ათასი სომეხი ცხოვრობს, მათგან ნახევარი კი თბილისის მკვიდრნი არიან. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აქაური სომხები „სომხურ სამყაროს“ შეუერთდნენ და 24 აპრილს, ტრადიციულ ღამის ჩირაღდნებიან მსვლელობას აწყობენ, დღისით კი საპროტესტო აქციას მართავენ თურქეთის საელჩოსთან მოწოდებით, რატა ანკარამ გენოციდის ფაქტი აღიაროს
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ისეთი აქციის გამართვას, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არაა მიმართული, ხელისუფლების ნებართვა არ ჭირდება, საკმარისია მხოლოდ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, აქციის მიზნის მოკლე აღნიშვნით. თავის მხრივ, ხელისუფლების ორგანო ამ ინფორმაციას ცნობად იღებს და თუ იმ ადგილზე სხვა აქციის გამართვაა დაგეგმილი, მაშინ ის აქციის გამართვის ორგანიზატორებს ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს. მაგრამ თბილისიმ მერია უფრო შორს წავიდა და სომეხთა თემს (სათვისტომოს) წერილობითი რეკომენდაცია მისცა, რომ თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია არ გამართოს, ვაითუ ქუჩაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხდესო. კანონის მიხედვით, მერიამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, რადგან 24 აპრილის დღის ორ საათზე თურქეთის საელჩოსთან არანაირი სხვა ღონისძიება არ იგეგმება.
როგორც სომხური სათვისტომოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი სანდრო ოგანოვი ამბობს, მერიის გასაწყვეტილება მათთვის არასასიამოვნო მოულოდნელობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, „მას ამკრძალავ აქტად არ აღვიქვამთ და ჩვენს გეგმას, კონსტიტუციის თანახმად, მაინც განვახორციელებთ და აქციას გავმართავთ“. მისი თქმით, არის ეჭვები იმაზე, „თუ საიდან უბერავს ქარი“, თუმცა სანდრო ოგანოვმა იქვე აღნიშნა, რომ სომეხთა ორგანიზაციას სულაც არ სურს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მცირედი დაძაბულობის შეტანაც კი.
ამრიგად, როგორც ჩანს, თბილისში სამგლოვიარო მსვლელობა მაინც ჩატარდება, საელჩოსთან აქციაზე მაინც გაცხადდება მიმართვა თურქეთისადმი „სომეხთა გენოციდის“ აღიარების თაობაზე. იგივე საკითხზე სომხურმა დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრსაც მიმართეს. ასეთი მიმართვები ბოლო დროს ყოველწლიურად ხდება, თუმცა საქართველო თავს შორს იჭერს იმ ქვეყნების ჯგუფისაგან, რომლებმაც „სომეხთა გენოციდი“ აღიარეს. სომხებს, როგორც ჩანს, მოუწევთ, რომ „სიტუაციას გაგებით მოეკიდნონ“.
საქართველო, რიგი მიზეზების გამო, ბოლო დროს თურქეთზე ძალიან დამოკიდებული აღმოჩნდა: და საერთოდ, განა რა მოსატანია სომხური საკითხი იმ დროს, როცა საქართველოს პარლამენტმა, თურქეთის პირველივე მინიშნებისთანავე, გადადო საკითხის განხილვა, რომელიც 12 აგვისტოს სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ითვალისწინებს! ამ დღეს, 1121 წელს, საქართველოს გაერთიანებულმა ჯარმა, მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის სარდლობით, თურქ-სელჯუკების ჯარი გაანადგურა და ჯერ საქართველოს, შემდეგ კი სომხეთის გათავისუფლება დაიწყო. 1121 წლის 12 აგვისტოს ბრძოლა საქართველოს ისტორიაში „დიდგორის ბრძოლის“ სახელით შევიდა. ამ დღეს ტრადიციულად იმართება მრავალი ღონისძიება. მიმდინარე წელს გადაწყდა სადღესასწაულო (გამოსავლელი) დღის დაკანონებაც, მაგრამ, როგორც ქართული მასმედია წერს, თურქეთმა უკმაყოფილება გამოხატა და საქართველოს პარლამენტმაც კანონპროექტის განხილვა-მიღება გადადო- ნათქვამია სტატიაში.
http://www.ng.ru/cis/2017-04-24/5_6980_georgia.html
