ირანელები ახალ-ახალი „ინფრასტრუქტურული“ იდეებით გამოსვლას აგრძელებენ. ამჯერად ხმამაღალი ინიციატივა გააჟღერა
თბილისში ვიზიტით მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამაფ ჯავად ზარიფმა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. მოლაპარაკების დროს ირანელმა მინისტრმა სპარსეთის ყურესა და შავი ზღვას შორის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის იდეა წამოაყენა, - აღნიშნულია აზერბაიჯანულ გამოცემა "Эхо"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ნურანი კასიმოვა).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული შეხვედრებისა და მოლაპარაკების თემატიკა და ქართველ ექსპერტთა შეფასებები.
„თავის დროზე ირანს ჰქონდა კავკასიაზე ტრანზიტის შესაძლებლობა, მაგრამ თეირანს ტრანზიტის განხორციელებაში ხელი შეუშალა არა იმდენად დასავლეთისაგან გამოცხადებულმა სანქციებმა, არამედ სომხეთის პოზიციამ, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში დაბლოკა აზერბაიჯანის რკინიგზის მეგრის მონაკვეთი, შეწყვიტა ნახჭევნის ასსრ-სთან სარკინიგზო მიმოსვლა. სწორედ ნახჭევნის ავტონომიაში არსებობდა ირანის საზღვარზე სარკინიგზო გადასასვლელი - სადგური ჯულფა. ახლა კი, როცა გამალებული ტემპით მიმდინარეობს კასპიისპირა რკინიგზის - ასტარა-რეშტის მშენებლობა, როცა სატესტო მატარებელი მზადდება, უკვე გასაგებია, საით განხორციელდება ირანული პროდუქციის ექსპორტი... მაგრამ ზოგიერთები რატომღაც ახალ „სატრანზიტო“ მიმართულებაზე ოცნებობენ, რაღაც გეგმებს აწყობენ ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და სომხურ წყაროებს იმოწმებს: სომხური მასმედია თურმე მომხდარ ფაქტებს თავდაყირა აყენებს და სულ სხვაგვარად წარმოუდგენს საზოგადოებას, „ფეიკურ“ (ცრუ) ინფორმაციებს ავრცელებს. აი, მაგალითად, გამოცემა „პანორამა“ და „არანნიუსი“ აღნიშნავენ, რომ სპარსეთის ყურედან შავზღვამდე სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფანი აზერბაიჯანზე კი არა, არამედ სომხეთზე გაივლისო, ანუ, მათი მტკიცებით, სანქციებმოხსნილმა ირანმა თავისი საქონლის მთავარ სატრანზიტო ქვეყნად სომხეთი აირჩია. მარშრუტიც კი არის ნაჩვენები: მეგრი-ვაიოც-ძორ-ერასხი, შემდეგ რკინიგზით საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურ ფოთამდე და იქიდან ბულგარეთში და რუსეთში. ისე, საკითხავია, სომხურ გამოცემებს რატომ არ უჩნდებათ სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორი გზით უნდა განახორციელოს ირანმა ტვირთების ტრანზიტი სომხეთის გავლით? ორი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზა ხომ არ არსებობს...
სხვათა შორის, ამ რკინიგზის მშენებლობის იდეა წინა წლებში არსებობდა, მაგრამ სიძვირის გამო მიყუჩდა. საერთოდ კი, ეს რკინიგზა თუნდაც რომ აშენებულიყო, მისი მეშვეობით ირანი საქართველოზე გავლით რუსეთს პირდაპირ ვერ დაუკავშირდება, ასტარა-რეშტის რკინიგზით კი თეირანს სეუძლია პირდაპირ გავიდეს რუსეთზეც, საქართველოზეც და ევროპის ქვეყნებზეც... რასაკვირველია, სომხებს საავტომობილო ტრანზიტის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ მათი გეგმები უკვე აორთქლდა: აზერბაიჯანის გავლით საავტომობილო ტრანზიტიც მომგებიანი და საიმედოა.
http://ru.echo.az/?p=58792
