«kommersant»(რუსეთი): მიზეზები, რის გამოც მოსკოვი ცხინვალის მიერთებაზე არ წავა; რატომ აღარ ეპიტნავებათ აფხაზ "დეპუტატებს" რუსეთის დირექტივები?
«kommersant»(რუსეთი): მიზეზები, რის გამოც მოსკოვი ცხინვალის მიერთებაზე არ წავა; რატომ აღარ ეპიტნავებათ აფხაზ "დეპუტატებს" რუსეთის დირექტივები?
10:24 22.04.2017
„სამხრეთ ოსეთში ცხრა აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ახალი პრეზიდენტი მოსახლეობას რესპუბლიკის რუსეთში შემადგენლობაში გაერთიანებას აღუთქვამს. „კომერსანტ-ვლასტმა“ გამოარკვია, რატომ არ შეუძლია სამხრეთ ოსეთს ყირიმის ბედის განმეორბა, როგორ იცვლება რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში და რატომ ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით სერგეი ლავროვი აფხაზეთში“, - ასე იწყება ჟურნალ "КоммерсантЪ-Власть"- ის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია, რომელშიც სპეციალური კორესპონდენტის ოლრა ალენოვას მიერ სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციაა გადმოცემული.
ავტორი ესაუბრება ცხინვალელ პოლიტოლოგს, სამხრეთ ოსეთის სახ.უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრის ლექტორს დინა ალბოროვას. მისი თქმით, „ედუარდ კოკოითის პრეზიდენტობისაგან განსხვავებით, ლეონიდ თიბილოვის მმართველობის დროს სიტუაცია უფრო სტაბილური გახდა, ადამიანებს აღარ იტაცებენ, თავს არ ესხმიან, სხვა აზრის მქონე ადამიანებს აღარ სცემენ, ცხინვალი ოდნავ ქალაქს დაემსგავსა, მაგრამ ხალხი მაინც გაჭირვებულად ცხოვრობს, ეკონომიკა ჩამკვდარია, მხოლოდ რამდენიმე კერძო საწარმო მუშაობს, ადამიანები გარბიან, ადგილობრივი ბიზნესი არ არსებობს, ყველაფერი რუსეთიდან შემოდის, მწვანილის ჩათვლით. ყველგან კორუფცია და ნათლიმამობა ბატონობს. ხელისუფლება საერთაშორისო აღიარებისათვის არაფერს აკეთებს, რესპუბლიკა იზოლაციაშია... დაბალ დონეზეა სამედიცინო მომსახურება, განათლების სფერო, ხელფასები მიზერულია“.
ახალ პრეზიდენტს ბევრი პრობლემის მოგვარება მოუწევს. ანატოლი ბიბილოვს რაიმე პროგრამა არ ჰქონია, რომელიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება. ამომრჩეველმა მას ხმა მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა მოსწონდათ. ელექტორატმა დაიჯერა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთში მალე გაერთიანდება და მათი მდგომარეობაც გაუმჯობესდება, მაგრამ საეჭვოა, რომ ანატოლი ბიბილოვმა თავის მიზანს მიაღწიოს. იმიტომ, რომ ამაში მოსკოვი დაინტერესებული არ არის: საერთაშორისო არენაზე პრობლემები წარმოიქმნება. გარდა ამისა, თუ რუსეთი სამხრეთ ოსეთს მიიერთებს, საქართველოს შეუძლია მოსკოვის ერთადერთი გეოპოლიტიკური მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში - სომხეთი ბლოკადაში მოაქციოს: ერევნისათვის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ხომ საქართველოს ტერიტორიაზე, ზემო ლარსზე გადის.
გასაგებია, რომ სომხეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზას მუდმივი მომარაგება ჭირდება, მაგრამ რადგანაც საქართველოს სამხედრო გზა დიდი შეფერხებებით მუშაობს, შესაბამისად, საჭიროა ალტერნატიული გზის მოძებნა, მით უმეტეს, საქართველო-ნატოს აქტიური თანამშრომლობის ფონზე. ბოლო დროს დიდი ხნის ნანატრი ალტერნატივა გამოჩნდა - საბორნე მიმოსვლა შავი ზღვის ნავსადგურების მეშვეობით, თუმცა ამ ტრანსპორტით სარგებლობა ძვირი ჯდება. ამიტომაც, რუსეთი არ წყვეტს სხვა სატრანსპორტო დერეფნების ძიებას: თბილისთან ნიადაგის მოსინჯვას ცდილობს, კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.
ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა ამიერკავკასიის რკინიგზის აფხაზეთის უბანზე მოძრაობის აღდგენა, ამ მიზნით რუსეთმა აფხაზეთს ორმილიონიანი კრედიტი ჯერ კიდევ 2008 წელს მისცა. იმ დროს ხმები ვრცელდებოდა, რომ აფხაზეთის რკინიგზა იჯარით რუსეთის რკინიგზებს გადაეცაო, მაგრამ ეს არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. ამჟამად ელექტრომატარებლები ფსოუდან ოჩამჩირემდე დადიან. არ მუშაობს მხოლოდ გალი-ზუგდიდის მონაკვეთზე, სადაც რკინიგზა აყრილია ჯერ კიდევ 1992-93 წლის ომის დროიდან, ენგურის ხიდი კი აფეთქებული. თუ რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება, მაშინ სწრაფად ანაზღაურდებოდა მისი რემონტზე დახარჯული თანხები, მაგრამ, სამწუხაროდ, სოხუმ-თბილისს შორის ამ მხრივ ჯერ-ჯერობით გადაულახავი დაბრკოლება არსებობს. აფხაზური მხარის აზრით, თუ რკინიგზაზე მოძრაობა აღდგება, მაშინ მხოლოდ ტვირთების ტრანზიტისათვის, მგზავრთა გადაადგილება არ მოხდება. ქართული მხარე კი კატეგორიულია: თუ რუსეთს ეს რკინიგზა ჭირდება, მაშინ კეთილინებოს და საქართველოს ინტერესები გაითვალისწინოს. რაში გამოიხატება თბილისის ინტერესები? აი, რას ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილე სერგი კაპანაძე „კომერსანტ-ვლასტის“ სპეცკორესპონდენტთან საუბარში: „თუ საქართველოს მოქალაქეები ამ რკინიგზით ვერ ისარგებლებენ, მაში რაში გვჭირდება მისი გახსნა?“. გარდა ამისა, საქართველო აცხადებს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ მოსკოვს დაელაპარაკება, სოხუმთან კონტაქტები არ სურს.
სამი-ოთხი წლის წინათ რკინიგზის აღდგენის საკითხი თითქოსდა ადგილიდან დაიძრა, როცა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რკინგზის ამოქმედება საჭიროა საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვისო. მას მოჰყვა რუსეთის რკინიგზების ხელმძღვანელის ვლადიმირ იაკუნიონისა და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პოზიტიური გამოხმაურება, მაგრამ საქართველოში საპროტესტო განწყობების ზრდისა და ოპოზიციის გააქტიურების კვალობაზე თბილისს მოსკოვთან მოლაპარაკება უძნელდება. მოკლედ, ეს პრობლემა პერმანენტულად დღის წესრიგშია, მაგრამ მოგვარება რთულია. სულ ბოლოს აფხაზეთის რკინიგზის შესახებ თბილისს და მოსკოვს საუბარი თებერვალში ჰქონდათ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში, როცა რუსეთის ინიციატივით აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გამავალი სავაჭრო დერეფნების ამოქმედების შესახებ იმსჯელეს. 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად, როცა რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრიანდებოდა, თბილისი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნებოდა სატრანსპორტო დერეფნები საბაჟო პუნქტებით, ტვირთების გადაადგილებისა და მათი გაკონტროლების მიზნით, შვეიცარიის დახმარებით.
„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო) ითხოვდა, რომ მის წევრებს შორის თანასწორი ვაჭრობა ყოფილიყო, ჩვენ კი ვამბობდით, რომ ვერ გავიგებდით, თუ რა შევიდოდა ჩვენს მიერ არაკონტროლირებულ ტერიტორიებზე, ვიღაცას ხომ უნდა შეემოწმებინა ტვირთების მოძრაობა. ამ მიზნით ხელი მოეწერა სპეციალურ შეთანხმებას, თუმცა ამ დოკუმენტს არ უმუშავია და დერეფნებით დახურული იყო“, - ამბობს სერგი კაპანაძე, - ადრე რუსეთს არ აინტერესებდა ამ შეთანხმების შესრულება, ახლა კი, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა, მოსკოვს ტრანზიტი ჭირდება, მაგრამ შეთანხმების პირობების შესრულების (ანუ სავაჭრო დერეფნების ამოქმედების) გარეშე ეს შეუძლებელია“.
პოლიტიკურ-დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების საკმაოდ დიდი ხნით გაწყვეტის შედეგად საქართველო სწრაფად გადის რუსეთის გავლენის ზონიდან. 2014 წელს ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე, 2016 წელს კი შეთანხმება ასოცირების შესახებ, ხოლო მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ინტენსიურად ვითარდება საქართველო-ნატოს თანამშრომლობაც: ალიანსის ლიდერები რეგულარულად აცხადებენ, რომ საქართველო ამ ორგანიზაციაში აუცილებლად გაწევრიანდებაო.
მოსკოვს სულ უფრო ნაკლები ბერკეტები რჩება საქართველოზე გავლენის მოსახდენად და თუ რუსეთი, ვთქვათ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს, უკვე დაგვიანებულიც კი იქნება: მას ისეთი ეფექტი აღარ ექნება, როგორიც, დავუშვათ, ექვსი თვის ან ერთი წლის წინ ექნებოდა. თუმცა აშკარაა, რომ მოსკოვის დაინტერესება საქართველოსთან ურთიერთობით უკიდურესად მაღალია და ასეთ სიტუაციაში სამხრეთ ოსეთის გადაქცევა რუსეთის ფედერაციის სუბიექტად არ განხორციელდება, რადგან მოსკოვს თბილისი ძალიან ჭირდება რეგიონული პარტნიორის სახით.
აშკარაა, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს უახლოეს მომავალში სერიოზული ცვლილებები ელოდებათ. „ტრანზიტის საკითხზე სამხრეთ ოსეთზე გავლით უკვე მსჯელობენ, დღის წესრიგი მზადდება და ამაზე რომ არ ვილაპარაკოთ, უფლება არ გვაქვს“, - ამბობს დინა ალბოროვა. მას ეთანხმება პარტია „ახალი ოსეთის“ ლიდერი დავით სანაკოევი, რომლის თქმით, ხელისუფლებამ ამ საკითხში ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.
„სამხრეთ ოსეთი, ჩვეულებრივ, თავის ინტერესებს რუსეთის ინტერესებზე მაღლა არ აყენებს, მაგრამ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტვირთების ტრანზიტი ჩვენთვისაც სასარგებლო იყოს. ავტომაგისტრალი ხომ ცხინვალზე გადის, ჩვენს ტერიტორიაზე და ეს დაკავშირებულია ეკოლოგიური სიტუაციის გაუეარესებასთან. თუ მხოლოდ დაზარალებულ ბუნებას მივიღებთ, მაშინ დათანხმება არ გამოვა, მაგრამ თუ ტრანზიტისგან შემოსავლები ჩვენს ბიუჯეტში შემოვა, თუ თანხები ბიზნესის განვითარებასაც მოხმარდება, მაშინ ღირს ამ საკითხზე მსჯელობა“, - ამბობს დინა ალბოროვა.
მოსკოვისათვის უფრო ძნელია ტრანზიტზე აფხაზეთის დაყოლიება. მარტის თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად რესპუბლიკის 35 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში ათი ოპოზიციური და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატი შევიდა. ეს პოლიტიკოსები ნაციონალისტურად არიან განწყობილნი და ხშირად არ ეპიტნავებათ მოსკოვის კარნახი. გარდა ამისა, თვითონ აფხაზური საზოგადოებაა საკმაოდ თავისუფალი მოსკოვის გავლენისაგან. მაგალითად, მოსკოველი ჩინოვნიკებმა ვერა და ვერ მიაღწიეს აფახაზეთის პარლამენტისაგან იმ კანონის მიღებას, რომელიც ნებას მისცემდა უცხოეთის მოქალაქეებს (ცხადია, პირველ რიგში რუსებს) აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენაზე.
კორესპონდენტი ესაუბრება აფხაზ საზოგადო მოღვაწეს, პარლამენტის ექს-დეპუტატს, ორგანიზაცია „აფხაზეთი ჩვენი სახლია“ ხელმძღვანელს ალხას თხაგუშევს. მისი თქმით, უძრავი ქონების პრობლემისაგან განსხვავებით, რომელშიც აფხაზები მხოლოდ რუსული ელიტის კერძო ინტერესებს ხედავენ, ტვირთების ტრანზიტი აფხაზეთის გავლით უფრო სერიოზულ საკითხს წარმოადგენს: „აქ უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესები აშკარად ჩანს. ამიტომ, თუ ჩვენი ქვეყნების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული, მაშინ, ალბათ, ამ საკითხის განხილვა შეიძლება. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველაფერი ისევ თბილისის პოზიციას არ შეეჯახება. რკინიგზის საკითხზე მოლაპარაკების დროს საქართველოს არ სურს, რომ ერთ-ერთ მხარედ აფხაზეთი იყოს, მაგრამ წარმოუდგენელია ჩვენ რომ მონაწილეობა არ მივიღოთ იმ მოლაპარაკებაში, რომელიც ჩვენივე ტერიტორიაზე ტრანზიტს ეხება. ვინ უზრუნველყოფს ტვირთების უსაფრთხოებას აფხაზეთის ტერიტორიაზე? ეს ეხება საავტომობილო ტრანზიტსაც. გალის რაიონში, საზღვრისპირა ადგილებში, სიტუაცია არასტაბილურია. გარდა ამისა, დიდი სატვირთო ნაკადი ბევრ სხვა პრობლემებსაც წარმოქმნის. ცხადია, ტრანზიტი ეკონომიკურად მომგებიანი იქნება საქართველოსთვისაც და აფხაზეთისთვისაც, ორივე თავის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად შეავსებს, მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისს ჯერ-ჯერობით ვერ მოუხერხებია მეზობლებთან თავისი ეკონომიკური ურთიერთობების დეპოლიტიზება. თუ საქართველო საკუთარ თავში ძალას იპოვის და კომპრომისზე დათანხმდება, მაშინ ტრანზიტით აფხაზეთიც უფრო მეტად დაინტერესდება“.
18-19 აპრილს სოხუმს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უნდა ეწვია. ეს ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ მინისტრის ვიზიტის მიზანს მხოლოდ „რუსეთის საელჩოს შენობის ახალი კომპლექსის“ გახსნა წარმოადგენს, როგორც ეს საგარეო საქმეთა უწყებამ გამოაცხადა. როგორც ჩანს, რუს დიპლომატს მოუხდა პრინციპულად მოლაპარაკებოდა აფხაზ პარტნიორებს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესების არსზე მსოფლიოს ამ ნაწილში.
http://kommersant.ru/doc/3267685

ბეჭდვა