«kommersant.ru» (რუსეთი): სერგეი ლავროვი აფხაზეთის „რუსული სამყაროსადმი“ კუთვნილებაში დაარწმუნეს
«kommersant.ru» (რუსეთი): სერგეი ლავროვი აფხაზეთის „რუსული სამყაროსადმი“ კუთვნილებაში დაარწმუნეს
10:42 20.04.2017
რუსულ გამოცემა "КоммерсантЪ"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში დეტალურადაა გადმოცემული აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მიმდინარეობა და შედეგები, მისი შეხვედრა-მოლაპარაკებები აფხაზეთის პრეზიდენტთან: „სერგეი ლავროვი და რაულ ხაჯიმბა ერთმანეთს სულ „ძვირფასო მეგობრით“ მიმართავდნენ, ბევრ პრობლემაზე იმსჯელეს, კონკრეტული საკითხები განიხილეს, ემოციური ფონიც იყო, მაგრამ ორმხრივი საკითხების უმრავლესობის გადაწყვეტა მაინც შეუძლებელი აღმოჩნადა... საქართველოს გარეშე“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
„სოხუმში მოლაპარაკებისას უწყვეტად საუბრობდნენ რუსეთ-აფახაზეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრობაზე, აფხაზების „რუსული სამყაროსადმი“ მიკუთვნებაზე. რუსეთთან მეგობრულ დამოკიდებულების საკითხში აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვა ერთნაირია: რაულ ხაჯიმბას თქმით, რუსეთი აფხაზეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია. პრეზიდენტს ეთანხმება ოპოზიციონერი სერგეი შამბაც და ამბობს, რომ რუსეთთან კავშირებს აფხაზეთის მთელი პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს. „ჩვენ მოძმე ხალხები ვართ. დღეს, როცა რუსეთს ყველა მხრიდან მტრები ემუქრებიან, აფხაზეთი და სხვა მეგობრული სახელმწიფოები რუსეთის გვერდით დგანან... ჩვენ ერთ სივრცეში ვიმყოფებით“, - აღნიშნა „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში აფხაზეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ, ამჟამად ოპოზიციონერმა. ამ თეზისის დადასტურება იყო სერგეი ლავროვის ვიზიტის არაფორმალური პროგრამა: მოლაპარაკების შემდეგ რუსმა მინისტრმა და მისმა აფხაზმა კოლეგამ, პრეზიდენტთან ერთად, სოხუმის სანაპიროზე გაისეირნეს, შევიდნენ ლეგენდარულ კაფე „ბრეხალოვკაში“ (ადრე ამ კაფეს „ყავა აკოფასთან“ ერქვა) და სომხურად მომზადებული ყავა მიირთვეს. „ეჰ, არანაირი პირადი ცხოვრება არ მაქვს“, - ამოიოხრა სერგეი ლავროვმა და თვალით ჟურნალისტებზე მიანიშნა.
სოხუმში მიანიშნებენ, რომ სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, რომელმაც რეფერენდუმი ჩაატარა რუსეთთან მიერთების საკითხზე, აფხაზეთი დამოუკიდებლობის ერთგულია: „თუ რომელიმე ჩვენი პოლიტიკოსი ამგვარი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი გახდება, ჩათვალე, რომ ის პოლიტიკური გვამია“, - ეუბნება „კომერსანტის“ კორესპონდენტს ერთ-ერთი სოხუმელი რესპოდენტი. მოსკოვს სოხუმთან ურთიერთობის დღევანდელი ფორმატი სრულიად აწყობს, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სტატიაში აღწერილია რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსიც, რომლის საზეიმო გახსნაში სერგეი ლავროვი მონაწილეობდა, აფხაზური სტუმართმოყვარეობა („სერგეი ლავროვს სოხუმის აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპთან დიდი ყანწით შეხვდნენ“). აღნიშნულია, რომ მხარეებმა ინვესტიციების შესახებაც ისაუბრეს, თუმცა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე არცერთს არ უთქვამს არაფერი იმ პრობლემებზე, რაც რუს ბიზნესმენებს აფხაზეთში საქმიანობის დრო ხელს უშლით (მხედველობაშია უძრავი ქონების შეძენა, რაც უცხოელებისთვის აკრძალულია). ჟურნალისტთან საუბარში მაქსიმ ღვინჯია ამბობს, რომ აფხაზეთს უდიდესი პოტენციალი აქვს და უძრავი ქონების, განსაკუთრებით მიწის გაყიდვის გარეშეც რუსი ბიზნესმენები მოგებას მაინც მიიღებენ. "საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, კურორტების, სამრეწველო საწარმოების მშენებლობა. შავი ზღვის რეგიონი მომგებიანია. აბა, შეხედეთ, ვინ მიაღწია აქ წარმატებას? თურქებმა. ჩვენ კი ვიღაცას თუ რაღაცას ველოდებით“.
ქართულ ფაქტორს სოხუმში დელიკატურად გვერდს უვლიან, ერიდებიან „ნაწილობრივ აღიარებულ“ სტატუსზე საუბარსაც. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაციის შესაძლებლობა სულ უფრო რთულდება, ოფიციალური თბილისი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, მაინც იმას აცხადებს, რომ „სერგეი ლავროვის ვიზიტი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და სოხუმში საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უპატივცემლობის გამოვლენა არისო“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ სერგეი ლავროვის სოხუმში ყოფნა, რა თქმა უნდა, მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, კერძოდ, პრაღის შეხვედრებზე (აბაშიძე-კარასინის ფორმატში) [ნეგატიურ] გავლენას მოახდენს. „დიალოგისათვის აუცილებელია ნორმალური ფონი“, - თქვა ქართველმა დიპლომატმა და ხელშემშლელი ფაქტორები ჩამოთვალა: სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტი, რეფერენდუმის ჩატარება „სამხრეთ ოსეთში“, სამხედრო ბაზების არსებობა, მუდმივი ინციდენტები აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვარზე.
ასეა თუ ისე, აფხაზეთის ეკონომიკური მომავალი ბევრადაა დამოკიდებული თბილისის ნებაზე, თუმცა სოხუმს მაინც აქვს იმედი, რომ საერთაშორისო აღიარებას გაიფართოვებს. მკითხველს შევახსენებთ, რომ გაეროს წევრი ქვეყნებიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარა ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ (ვანუატუმ და ტუვალუმ თავის დროზე კი აღიარეს, მაგრამ შემდეგ თავიანთი აღიარება უკან გაიწვიეს). „გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ მსოფლიო მაინც გვაღიარებს, მაგრამ აფხაზური საზოგადოება რუსეთისაგან რაღაც კონკრეტულ მინიშნებებს ელოდება, - ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში ვიტალი ლაბახუა, „აფხაზეთის განვითარების ხელშემწყობი ფონდის“ პრეზიდენტი, - საკითხი ძალიან მწვავედ დგას. ამით სარგებლობენ აფხაზეთისა და რუსეთის არაკეთილსმურველები. აფხაზებს აინტერესებთ, კითხვები უჩნდებათ, რატომ არ მივდივართ წინ აღიარების საკითხში“.
„სოხუმ-სოჭის ავტოტრასაზე, გზისპირას მდებარე ერრთ-ერთ კაფესთან დიდი პლაკატია დაკიდებული, ვენესუელის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის უგო ჩავესის სურათით. მან აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის ხელისუფლების შემდეგ, ერთი წლით გვიან აღიარა. პლაკატი უკვე მზემ გააყვითლა, მაგრამ არავინ არ ცდილობს მის ჩამოღებას. აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ახალი დამცველები კი საერთაშორისო არენაზე არავინ ჩანს.
----------
შენიშვნა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სოხუმური ვოიაჟი ფართოდ გაშუქდა რუსული ტელევიზიითაც: ყველა ძირითადმა ფედერალური მნიშვნელობის ტელეარხმა ეთერში რეპორტაჟები გადასცა. მაგალითად, «НТВ-ის ვრცელ რეპორტაჟში ყურადღება დაეთმო რუსი მინისტრის გასეირნებას სოხუმის სანაპიროზე, მოსახლეობასთან კონტაქტებს და ა.შ. (წყარო: http://www.ntv.ru/novosti/1797804/).

https://www.kommersant.ru/doc/3275661


ბეჭდვა