"მოსკოვი შესაძლებლად მიიჩნევს ახლო მომავალში იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმებას საქართველოს
და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკების შემდეგ. თბილისმა მყისიერი მოახდინა რეაგირება რუსი მინისტრის სიტყვებზე და მას გაახსენა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს“-ამის შესახებ რუსულ გამოცემა "Независимая газета"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას, საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობბთ:
„ჩვენ სრულიად დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ საჭიროა აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო კონტაქტებში. ამ მხრივ ე.წ. ჟენევის დისკუსიები კარგ შედეგს იძლევა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი მთელი კავკასიის რეგიონისათვის, ისტორიის გათვალისწინებით. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ იგი აფხაზეთის ხელმძღვანელობას ძალიან საფუძვლიანად მოელაპარაკა.
დასკვნით პრეს-კონფერენციაზე „რეგიონული მასშტაბის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაჟღერდა: სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი არანაირ დაბრკოლებას არ ხედავს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხში.
„ჩვენ ამ საკითხსაც შევეხეთ. რუსულ მხარეს არანაირი პრობლემა არ აქვს ტრანზიტული მოძრაობის აღდგენის საკითხში. უფრო მეტიც - ამისათვის არსებობს სამართლებრივი საფუძველიც, ანუ ის შეთანხმება, რომელსაც რუსეთმა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიაღწიეს 2011 წელს’, - აღნიშნა მინისტრმა იმ კითხვის პასუხად, რომელიც რუსეთში სომხეთიდან და საქართველოდან, აფხაზეთის გავლით, სარკინიგზო ტვირთების გადატანას ეხებოდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხით სომეხი კოლეგები არიან დაინტერესებულნი. დღეს "აფხაზეთის პრეზიდენტმა" განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგი არ არის. ასე რომ, ჩვენზე უკვე ყველაფერი აღარ არის დამოკიდებული, არამედ სხვა ქვეყნებზეც, რომელთა ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთები გაივლის“.
რასაკვირველია, „სხვა ქვეყნებში“ სერგეი ლავროვი საქართველოს გულისხმობდა - „პროექტში“ სხვა მონაწილე არავინაა. რუსეთი რკინიგზის აღდგენისადმი თავდაპირველადაც პოზიტიურად იყო განწყობილი, მით უმეტეს მისი სამხრეთკავკასიელი მოკავშირე სომხეთი, რომელიც ბლოკადაშია მოქცეული. ერევანი ამ სახმელეთო გზას ყოველთვის ეფექტურად მიიჩნევდა. განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ "აფხაზეთს" და საქართველოს: სოხუმს უნდოდა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, სარკინიგზო მოძრაობა მხოლოდ მის ტერიტორიაზე აღმდგარიყო (ანუ ეთანხმებოდა რკინიგზის მხოლოდ ნაწილობრივ რეაბილიტაციას რუსეთის მიმართულებით და არა მთლიან მარშრუტზე). შესაძლოა, აფხაზეთს რკინიგზის საკითხის კოზირად გამოყენება სურდა საქართველოსთან მოლაპარაკებებში. აფხაზეთი ყოველნაირად აჭიანურებდა გადაწყვეტილების მიღებას - არ ამბობდა არც მტკიცე „ჰო“-ს და არც კატეგორიულ „არა“-ს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, თბილისზე აფხაზური კოზირი არანაირ გავლენას არ ახდენდა და, შესაბამისად, ზეწოლის ბერკეტად არ გამოდგებოდა: საქართველომ გამოაცხადა, რომ რკინიგზის აღდგენისათვის პოლიტიკურ საფასურს არ გადაიხდიდა და საერთოდ, ეს გზა მას მაინცდამაინც არ ჭირდებოდა. ზოგადად, ეს მართლაც ასეა - თბილისს შეუძლია ეშელონები ჩრდილოეთის მიმართულებით აზერბაიჯანის გავლით გაგზავნოს. მთავარია გასაგზავნი საქონელი ჰქონდეს, თორემ დაბრკოლება ამ მხრივ არ ექნება. რუსეთიდან ტვირთებსაც იმავე გზით მიიღებს - მართალია, ცოტა დაგვიანებით (აფხაზურ მარშრუტთან შედარებით), მაგრამ მტკიცედ და სტაბილურად, ყოველგვარი პოლიტიკური „წყალქვეშა დინებების“ გარეშე.
პოლიტიკურ საფასურსა და „წყალქვეშა დინებებში“, რაზედაც საქართველო ლაპარაკობს, იგულისხმება ტვირთების კონტროლი, მათი დაცვა, უსაფრთხოება და მათგან ყველაზე მთავარი - საბაჟო პროცედურები. ცხადია, რომ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე ქართველ მებაჟეებს არავინ არ დაუშვებს, ხოლო თუ საბაჟო პროცედურების ჩატარების უფლებას საქართველო აფხაზეთს დაუთმობს, მაშინ ასეთი მოქმედება არაკონტროლირებული ავტონომიის სუვერენიტეტის ნაწილობრივ აღიარებას ნიშნავს. ეს საკითხი თავის დროზე, 2011 წელს შვეიცარიულ მხარესთან საქართველოს მოლაპარაკების დროს თითქოსდა გადაწყდა, მაგრამ სოხუმი და ცხინვალი არ დათანხმდნენ. შემდეგ კი რაღაც უცნაური მოვლენები მოხდა: ქართულმა მხარემ ყველა დონეზე დაიწყო განცხადებების გაჟღერება და კატეგორიულად უარყოფდა რკინიგზის რასკონსერვაციის საკითხზე მოლაპარაკების ფაქტებს, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ამ საკითხზე საუბარი არაერთხელ მომხდარა, მათ შორის თბილისში სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს. მართალია, ქართველებს სომხებისათვის არანაირი თანხმობა არ მიუციათ, მაგრამ ის, თუ რატომ უარყოფდა ქართული მხარე რკინიგზის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებს, გაუგებარია და დამატებით კითხვებს აჩენს.
და ამჯერადაც, სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტის ფონზე, საქართველომ ისევ „ვერ შენიშნა“ სარკინიგზო პრობლემის განხილვა და მხოლოდ მინისტრის განცხადების კრიტიკით შემოიფარგლა: თბილისმა უარყო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა და მოსკოვს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა შეახსენა.
http://www.ng.ru/cis/2017-04-19/abhazzhd.html
