საქართველო-ირანის ურთიერთობის თემაზე, რუსეთში გამომავალი
რუსულ-სომხურენოვანი გამოცემა "Еркрамас"-ი სერგეი შაქარიანცის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ: (შენიშვნა: მასალის თვალსაჩინოებისთვის გამოყენებული ფოტო ეკუთვნის აღნიშნულ გამოცემას)
ვაშინგტონი, ევროპასთან შედარებით, მაინცდამაინც დიდად არ არის შეშფოთებული თურქეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებით. ამერიკას ყოველთვის შეუძლია თურქეთის საჭიროებისამებრ გამოყენება. ასე რომ, „ერდოღანის სულთანატი“ აშშ-ის, ნატოს და ისრაელის მშვენიერი მოკავშირე იქნება ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით. ვფიქრობ, საყურადღებო მომენტია, რომ თურქეთის რეფერენდუმის შემდეგ ქართულ-ირანული კონსულტაციები გააქტიურდა. პრინციპში, ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველო აშშ-ისა და თურქეთის ფარულ კოლონიას წარმოადგენს, ირანი კი 19 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება. და უცებ... ინტერესი საქართველოს მიმართ! საჯაროდ გამოცხადდა, რომ თეირანს განზრახული აქვს დერეფნის „გაყვანა“ სპარსეთის ყურედან შავი ზღვის ნაპირებამდე. რასაკვირველია, ეს იდეა ახალი არ არის, ამაზე დიდი ხანია ლაპარაკი მიდის, მაგრამ საკვირველი ისაა, რომ გამალებულ წინასაარჩევნო სამზადისში მყოფ ირანს დერეფნები გაახსენდა და ამ მიზნით თბილისში რომელიღაც მეორეხარისხოვანი ჩინოვნიკი კი არა, თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ჩავიდა.
(...)
და შეხედეთ, როგორ სწრაფად ვითარდება ქართულ-ირანული დიალოგი! ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სატრანზიტო გადაზიდვის, მრეწველობის, ბანკთაშორისო ტრანზაქციების, მეცნიერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის სფეროებში. ეს თვითონ მოჰამედ ზარიფს უთქვამს, თუ ქართულ მასმედიას დავუჯერებთ. და უკვე ამ კვირის ბოლოს (!!!) საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანს ეწვევა!!
ყურადღება მიაქციეთ: ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ... თურქეთის შესახებ. თურქეთის საკითხი საქართველოსა და ირანის დღის წესრიგში საერთოდ არ დგას! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: სპარსეთი ყურედან შავ ზღვამდე დერეფნის „გაყვანის“ ინიციატივა თეირანმა სწორედ თურქეთის რეფერენდუმისა და ამ ქვეყნის „ერდოღანის სულთანატად“ გადაქცევის პროცესის დაწყების შემდეგ აამოქმედა. ჯერ-ჯერობით გაუგებარია, რატომ ცდილობს ირანი თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს მეშვეობით, მაგრამ ის, რომ თვითონ ქართველები მზად არიან თავიანთი პრემიერი თეირანში გაგზავნონ, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ საქართველო „თურქეთით დაიღალა“. ამასთან, თბილისს მხედველობაში უნდა ჰქონდეს ის, რომ ირანისათვის თურქეთის შეზღუდვა საქართველოსა და აზერბაიჯანშიც კი მხოლოდ პირველი ეტაპია ბრძოლისა, რომელსაც, სავარაუდოდ, რეგიონში აშშ-ისა და ისრაელის შეზღუდვა-შევიწროვებაც მოჰყვება.
ასე რომ, ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, თუ როგორ განვითარდება და რომელ მხარეს გადაინაცვლებს ახლო აღმოსავლეთის „პროქსი-ომი“, როგორი სიტუაცია იქნება სამხრეთ კავკასიაში მას შემდეგ, როცა რეჯებ ერდოღანმა ყველანაირი ოპოზიცია „დამარხა“ და კურსი „ნეოსმანურ სულთანატისკენ“ აიღო. თუმცა, თუ თურქები საქართველოში შეიზღუდებიან... იქნება კი „ნეოოსმანური იმპერია“? უფლის ნებით, ყველაფერი შესაძლებელია.
http://www.yerkramas.org/article/119044
