საქართველომ უარი განაცხადა რუსული გაზის შესყიდვაზე, 2017 წლის ბოლომდე და ცისფერ საწვავს მხოლოდ აზერბაიჯანიდან
შეიძენს. უარის თქმა ლეგიტიმურია, რადგან მისი შესაძლებლობა რუსეთ-საქართველოს ორწლიან კონტრაქტშია ჩადებული - მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე საქართველო შეძლებს თავი დააღწიოს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას: ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, 2018 წელს გაზსაცავის მშენებლობაც დასრულდება, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Московский комсомолец»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ინა დეგოტკოვა).
პუბლიკაციაში მოკლედაა მიმოხილული 2016 წელს გამართული საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების შედეგები გაზით უზრუნველყოფის თაობაზე (სომხეთისათვის მილსადენით მიწოდებული გაზის ტრანზიტის ჩარჩოებში), რომელმაც ქართული ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.
„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ექსპერტები თვლიან, რომ თბილისის უარი რუსული გაზის შეძენაზე „გაზპრომ“-ისთვის სასარგებლოა, თვითონ საქართველო კი წლის ბოლომდე, რუსული გაზის გარეშე, შეიძლება „გაიყინოს“:
„ამჟამად საქართველოს რუსული ბუნებრივი გაზი აღარ ჭირდება, რაც სეზონური ფაქტორით აიხსნება: ახლოვდება წლის ყველაზე თბილი დრო. მაგრამ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანი საქართველოსთვის საკმარისი რაოდენობის სათბობის მიწოდებას ვერ შეძლებს“, - ამბობს რუსეთის ეროვნული ენერგოუსაფრთხოების ფონდის წარმომადგენელი ალესეი გრივაჩი, - „საქართველოს დამატებითი გაზი მხოლოდ პიკურ პერიოდებში ესაჭიროება და თუ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერი ცივი იქნება, თბილისს რუსული საწვავი კიდევ დაჭირდება“.
თავის მხრივ, რუსეთის ენერგეტიკული განვითარების ფონდის დირექტორმა სერგეი პიკინმა „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება „გაზპრომ“-ისათვის სასარგებლოა:
„გაზის ტრანზიტის კონტრაქტის თანახმად, საქართველო ნატურალური სახის გადახდიდან ფულადი გადახდის სისტემაზე გადავიდა და გაზს აზერბაიჯანიდან ყიდულობს. ეს კარგია რუსეთისათვის, რადგან „გაზპრომი“ შეძლებს უფრო სტაბილურად მოამარაგოს სომხეთი“.
