რუსულ გამოცემა «Московский комсомолец»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებული
სპარეზიდენტო არჩევნების შედეგები: „ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებას ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მის წარმატებას უფრო მეტად მეორე ტურში ელოდებოდნენ. არჩევნების შედეგები იმას მოწმობს, რომ კრემლის პოლიტტექნოლოგებმა კარგად აითვისეს „შეცდომებზე სწავლა“ და ახლა უკვე წაგებას აღარ შეურიგდებიან“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - მარინა პერევოზკინა).
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ანატოლი ბიბილოვის პოლიტიკური საქმიანობის ზოგიერთ მომენტს, კერძოდ, 2011 წელს ჩატარებულ სკანდალურ "საპრეზიდენტო არჩევნებს", როცა იგი, როგორც „კრემლის კანდიდატი“, ოპოზიციონერ ალა ჯიოევას დაუპირისპირდა... იმ დროს კრემლის პოლიტიკამ ფიასკო განიცადა. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში, 2012 წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტად ლეონიდ თიბილოვი იქნა არჩეულია, რომელიც ერთგვარ კომპრომისულ ფიგურას წარმოადგენდა. მას "რესპუბლიკაში" დაძაბულობა უნდა განემუხტა. ლეონიდ თიბილოვმა ამოცანის შესრულება შეძლო. მან ოპოზიციის ნეიტრალიზება მოახერხა, ალა ჯიოევას ვიცე-პრემიერად დანიშნა. ანატოლი ბიბილოვი წაგებას არ შეურიგდა და ბოლო წლებში „პოლიტიკურ კუნთებს“ აქტიურად აძლიერებდა: შექმნა პარტია „ერთიანი ოსეთი“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო თვითონ ანატოლი ბიბილოვი სპიკერად იქნა არჩეული.
ანატოლი ბიბილოვისა და ლეონიდ ჩიბიროვის პროგრამები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება: ორივენი პრორუსული პოლიტიკის გამტარებლები არიან და მჭიდრო ინტეგრაცია სურთ. ანატოლი ბიბილოვი ჯერ კიდევ წინა წლებში აცხადებდა, რომ თავის სტრატეგიულ მიზნად რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებას თვლის. ინიციატივა კი რეფერენდუმის გამართვის თაობაზე, რომელიც, პრინციპში, იგივე მიზნისთვის ნიადაგს ამზადებს, ლეონიდ თიბილოვს ეკუთვნის. ასე რომ, მოსკოვისათვის სულ ერთი იყო, ვინ გაიმარჯვებდა, კრემლს ორივე კანდიდატი აწყობდა. თუმცა არის ორიოდე ნიუანსი: ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებით კრემლის პოლიტტექნოლოგებმა 2011 წლის სირცხვილი „ჩამოირეცხეს“. იგივე მოხდა აფხაზეთში 2004 წელს, როცა „კრემლის კანდიდატი“ რაულ ხაჯიმბა ჯერ სერგეი ბაღაფშთან ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მოგვიანებით იგი მაინც გახდა პრეზიდენტი. იგივე მოხდა დნესტრისპირეთში 2011 წელს... მოკლედ, დასკვნა ასეთია: კრემლის ამჟამინდელი მკვიდრნი წაგებას არ ურიგდებიან და ყოველთვის ბრუნდებიან ვალების გასასტუმრებლად.
---------
რას ამბობენ ექსპერტები რეფერენდუმის შედეგებზე („სამხრეთ ოსეთი“//„ალანეთის სახელმწიფო“) და ორი ოსეთის გაერთიანების პერსპექტივის შესახებ?
ვლადიმირ ნოვიკოვი, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:
„მიუხედავად იმისა, რომ სახრეთ ოსებმა, ჩრდილოელების მსგავსად, თავიანთი წინაპრების სახელის დაფიქსირება მოისურვეს, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ დღის წესრიგში ორივე ოსეთის გაერთიანება დგას. ანატოლი ბიბილოვის იდეა საკმაოდ საეჭვო ჩანს. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთისათვის სახელწოდების შეცვლა საქართველოსთვის კიდევ ერთი გამღიზიანებელი ფაქტორი იქნება - თბილისი რეგიონის დაკარგვას არ შეეგუება“.
ალექსანდრე სკაკოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიისა და ცენტრალური აზიის შემსწავლელი ინსტიტუტის კოორდინატორი:
„მთავარი ის კი არაა, თუ რა ერქმევა სამხრეთ ოსეთს, არამედ ის, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკა, რაც რესპუბლიკისათვის ძალიან მძიმე პრობლემას წარმოადგენს. იქ არიან პოლიტიკოსები და ე.ე. გავლენის ჯგუფები, მაგრამ რეგიონის კრიზისიდან გამოყვანის რეალური გეგმა არცერთ არ გააცნია. რაც შეეხება ალანთა ისტორიულ მემკვიდრეობას, ეს ყველაფერი თამაშებია და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს... ასეთ რაღაცეებზე თამაშობენ, რადგან არ იციან პრობლემები როგორ მოაგვარონ. ამას თვითონ ოსებიც კარგად ხვდებიან, მაგრამ რა ქნან, როცა მოსახლეობის ნახევარს ან უფრო მეტს მართლაც სურთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა? აი, ამისთვის მოსკოვი ჯერ მზად არ არის და აჩქარება ამ საკითხში ზიანის მომტანი იქნება“.
http://www.mk.ru/politics/2017/04/10/zachem-yuzhnuyu-osetiyu-pereimenovali-v-alaniyu-novaya-strana-novyy-prezident.html
