თურქული რადიოსადგური "თურქეთის ხმა" აგრძელებს გადაცემაა ციკლს - "მემლექეთზე ფიქრებით".
გადაცემის ავტორი ამჯერად მსმენელს ქართული წარმოშობის თურქი პოეტის აბდულაჰ ჩელებიოღლუს (ჩელებაძე) შესახებ ესაუბრება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რადიოსიუჟეტის ბეჭდვურ ვერსიას:
"მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს თურქეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, როცა თურქეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გადასახლებული ქართველების შთამომავლებს გარკვეული სახელწოდებით იგივე „ჩვენებური ქართველებით“ მოვიხსენიებ, უხერხულობას ვგრძნობ და შთაბეჭდილება მექმნება, რომ მათ თითქოს სხვა ეთნიკური ჯგუფის სახით გამოვყოფ ხოლმე. თუმცა ალბათ თავის გასამართლებლად ის დამეხმარება, რომ მათ შესახებ დაწერილ სამეცნიერო ლიტერატურაშიც კი, ისინი ჩვენებურ ქართველებად არიან მოხსენიებულნი. და არა მარტო თურქეთის არამედ ირანის, ფერეიდანის ტერიტორიაზე მცხოვრები ე.წ. მუჰაჯირი ქართველებიც ამ სახელწოდების ქვეშ ერთიანდებიან .
დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემას რაც შეეხება, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თურქეთში, დუზჯეს რეგიონში მცხოვრები ქართველი წარმოშობის პოეტზე აბდულაჰ ჩელებიოღლუზე, რომელსაც მე პირადად ვიცნობ და მისი ლექსების ქართული ვარიაციებიც მომისმენია, როცა ის თავად კითხულობდა. სავარაუდოდ, რამდენიმე გადაცემას ისევ დუზჯეს ქართველების შესახებ მოვამზადებ. ინფორმაციით საქართველოდან მოწვეული დუზჯეს უნივრესიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის პროფესორი ქალბატონი ნანა კაჭარავა გვამარაგებს, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
დუზჯეს რეგიონი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. დუზჯედან თურქეთის ორი მნიშვნელოვანი დიდი ქალაქი სტამბოლი და ანკარა თითქმის ერთნაირი მანძილით არის დაშორებული. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დუზჯეს რეგიონში კოსმოპოლიტური დასახლებაა, ასევე დუზჯე, მუჰაჯირ კავკასიელთა ლოკალური დასახლების რეგიონია. აქ არის თავმოყრილი მუჰაჯირობის დროს გადმოსახლებული ქართველები, ლაზები, აფხაზები, ჩერქეზები, ოსები. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია - დღევანდელ დუზჯეში დაახლოებით 24 ენა ისმის. აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადასახლებული ქართველებიც მრავლად არიან. მარტო ის რად ღირს, რომ დუზჯეს უნივერსიტეტის ახლანდელი რექტორი ქართველი წარმოშობის გახლავთ და თანაც ქალბატონი, რაც შეიძლება ითქვას გენდერული თვალსაზრისით ამ რეგიონის მოსახლეობის მხრიდან ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია.
ისევ ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, მინდა გაგაცნოთ პოეტი აბდულაჰ ჩელებიოღლუ. დუზჯელი პოეტი აბდულაჰ ჩელებიოღლუ (ჩელებაძე) დაიბადა 1958 წლის 20 ოქტომბერს. იგი გახლავთ ჩელებაძეთა გვარის შთამომავალი, რომელთა წინაპრებს აჭარის ქედის რაიონის სოფ. წონიარიდან ოსმალეთში მოუხდათ გადასახლება. ეს იყო რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომის შედეგად აგორებული, მუჰაჯირობის სახელით ცნობილი დიდი მიგრაცია. მუჰაჯირების პირველი ნაკადი, ძირითადად, გირესუნის ვილაეთში დასახლდა. ჩვენი პოეტიც გირესუნის ვილაეთის სოფ. ანბარალანში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მან აქვე, სოფლის სკოლაში მიიღო, ხოლო საშუალო სკოლა დუზჯეს ვილაეთის გოლიაქას რაიონში დაამთავრა, სადაც ოჯახს მეორედ მოუხდა გადასახლება. უმაღლესი განათლების მისაღებად აბდულაჰ ჩელებიოღლუ ანკარის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, შემდეგ ბურსას პედაგოგიურ ინსტიტუტში გადავიდა, რომელიც 1980 წელს ისტორიის მასწავლებლის სპეციალობით დაამთავრა. მასწავლებლობასთან ერთად იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა სამოხელეო თანამდებობებსაც ითავსებდა.
აბდულაჰ ჩელებიოღლუმ (ჩელებაძე) ლექსების წერა 1980 წლიდან დაიწყო. მის კალამს ეკუთვნის თავისუფალი სტილით დაწერილი მრავალი ლექსი. მან შემდგომში ლექსების წერა თურქული ხალხური ლექსის სახელით ცნობილი 11 მარცვლიანი საზომით (5+6) არჩია. მისი ლექსები, წერილები თუ ინტერვიუები წლების მანძილზე იბეჭდებოდა სხვადასხვა თურქულ გაზეთებსა და ჟურნალებში. ის თავისუფლად საუბრობს დუზჯეს ეთნიკური ქართველებისათვის დამახასიათებელი ქართულით.
მას ჰყავს მეუღლე ნერმინ ჩელებიოღლუ (ქუშჩუოღლუ) და ქალ-ვაჟი. მიუხედავად იმისა, რომ მამისეული სახლი გირესუნშია, პოეტი ამჟამად ცხოვრობს დუზჯეში, სადაც მისი ნათესავების უმრავლესობა ცხოვრობს. იგი არის დუზჯეს პოეტთა და ხელოვანთა ასოციაციის დამაარსებელი და თავმჯდომარე.
აბდულაჰ ჩელებიოღლუს პოეზია, ძირითადად მუჰაჯირობის თემასა და მშობლიური მიწა-წყლის მონატრებას ეხება. მისი ლექსები თარგმნა ქალბატონმა ნანა კაჭარავამ. მის ერთ ლექსს, სახელწოდებით „ყრმობის ჩიტი“, ასეთი პატარა განმარტება ახლავს: (ვუძღვნი ჩემი ძვირფასი პაპის მეჰმეთ ჩელებიოღლუს ნათელ ხსოვნას, რომელსაც უყვარდა გამოთქმა: „ყრმობის ჩიტი მეწვია, ადგა და გაფრინდა.“ მარადიული სუფევა მის სულს...). გადაცემის დასასრულს მინდა მისი ერთი ლექსიდან ფრაგმენტი შემოგთავაზოთ, რომელიც ნათლად ასახავს ჩვენებური ქართველების წარსულ ყოფასა და დღევანდელ დამოკიდებულებას ნანატრი სამშობლოსადმი:
„შენ იცი, რაა მუჰაჯირობა? კლდის ჩამოშლაა, წყლის დენა აღმა, გაოგნებაა, დაღონებაა, მიტოვებაა ყველაფრის. მწუხარებაა, უსაზღვრო ნატვრა, ბებოს სითბოა, ძალა ბაბუის, დედაშვილობის გვერდის ვერ ავლა. // შენ იცი, რაა მუჰაჯირობა? გაციებული კერის ტირილი, უბედურების თავი და ბოლო, როცა იმედებს არა აქვს მოცლა. // როცა მარტო ხარ, ვით შემოქმედი, როცა მშობლიურს ნელ-ნელა კარგავ, ვეღარ იხსენებ ცეკვა-სიმღერას, წინაპრის, ენის ღვთაებრივ
ქარგას. // რა რიგ ძნელია, რა რიგ მწველია, ჰო, სიკვდილია მუჰაჯირობა!“.
მომავალ შეხვედრამდე, ძვირფასო რადიომსმენელებო.
