«golosarmenii » (სომხეთი): საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში წასვლა უვიზოთ შეუძლიათ, სომხეთმა რა დააშავა?
«golosarmenii » (სომხეთი): საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში წასვლა უვიზოთ შეუძლიათ, სომხეთმა რა დააშავა?
12:44 08.04.2017
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზების მინიჭების საკითხს სომხური გამოცემა "გოლოს არმენიია" ჟურნალისტ ტიგრან არუთინიანის სტატიით ეხმაურება.
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
„საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად ლიბერალური სავიზო რეჟიმი მიიღეს. „სომხეთმა რა დააშავაო“, - ჰკითხავს თავის ჩინოვნიკებს გულუბრყვილო ევროპელი, რომლისთვისაც ძალიან რთულია ქართველებსა და სომხებს შორის განსხვავების პოვნა. განა ჩინოვნიკები მოახერხებენ მარტივად აუხსნან თავიანთ მოქალაქეებს, რომ ჩვენი დამთმობი მეზობლები - ქართველები უფრო პროევროპულად არიან განწყობილნი, ვიდრე [ჯიუტი] სომხები? ვთქვათ და რომელიმე ევროპელი ობივატელი, რიგითი მოქალაქე, გადაწყვეტს სიტუაციაში თვითონვე გაერკვეს, გამოემგზავრება საქართველოში და სომხეთში, ყველაფერს თავისი თვალით ნახავს და როცა პოლიტიკურ განსხვავებას ვერ იპოვეს, მერე სოციალური ქსელებით მთელ ევროპას მოსდებს ამბავს, თუ როგორ ატყუებენ მოქალაქეებს საკუთარი პოლიტიკოსები... მაგარი სკანდალი იქნება...
ახლა კი ისე გამოდის, რომ ევროკავშირი სომხებისთვის საჩვენებელ გაროზგვას აწყობს. ქართველებისთვის დადგენილი გაიოლებული სავიზო რეჟიმის ფონზე დასავლეთი სომეხი მოქალაქეებისაგან კვლავ დოკუმენტების და ცნობების გროვას ითხოვს და ყოველ წერტილ-მძიმეს ჩაჰკირკიტებს. ქართველებისთვის ამგვარი კოშმარი უკვე დასრულდა... განა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ნავსადგურები, სარკინიგზო მიმოსვლა გარე სამყაროსთან, საზღვრები ყველა მიმართულებით გახსნილი, ასე ძალიან განსხვავდება სომხეთის მცხოვრებისაგან, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, სარკინიგზო კავშირი გარესამყაროსთან? რომელიც თითქმის 30 წელია სახმელეთო ბლოკადაში იმყოფება, რომელიც მას ოთხი მეზობლიდან ორმა დაუწესა? ძალიან საწყენია, როცა ჩვენს თანამემამულეებს უყურებ, რომლებიც შეშფოთებული სახეებით დგანან დასავლეთის ქვეყნების საელჩოების კარებთან, „კაპიტალისტურ სამოთხეში“ მოსახვედრად... იქნებ გავახსენოთ დასავლური დემოკრატიის სახელმწიფოთა მთავრობებს მაღალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დონეზე, რომ სომხეთის მოქალაქეების თავისუფლება და ეროვნული ინტერესები არაფრით ჩამოუვარდება და არ განსხვავდება მეზობელი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისაგან... იქნებ დასავლეთი მიხვდეს, რომ არ ღირს ხელოვნურად შექმნას პოლიტიკურად ანგაჟირებული „წყალგამყოფი“ ორი კეთილმეზობელი ქვეყნისათვის...
http://golosarmenii.am/article/51947/poblazhki-dlya-sgovorchivyx

ბეჭდვა