შვედური გაზეთი «Aftonbladet», შიდა ქართლში არსებული გამყოფი ზონიდან რეპორტაჟს აქვეყნებს
შვედური გაზეთი «Aftonbladet», შიდა ქართლში არსებული გამყოფი ზონიდან რეპორტაჟს აქვეყნებს
13:00 07.04.2017
„რუსეთი ხელს უწყობს ევროპული სახელმწიფოების დაშლას: გზავნის ჯარისკაცებს, ქმნის სამხედრო ბაზებს და დაპირისპირებას ამწვავებს. ეს ქვეყნებში მუდმივ კონფლიქტებში არიან ჩაძირულნი და ვლადიმირ პუტინის ჩრდილიდან ვერ გამოდიან. ნუთუ ასეთია აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, რომ რუსეთის მოწყალებით იცხოვროს? ავტორებმა სამი ქვეყანა - ევროპის ცხელი წერტილები მოიარეს. ჩვენს პლანეტაზე სწორედ აქ შეიძლება მსოფლიო ნაკერებზე დაირღვეს. აქ რუსეთი მეზობლის ტერიტორიას იტაცებს - ნელ-ნელა და ნაბიჯ- ნაბიჯ“, - ნათქვამია სტატიის სარედაქციო შესავალში.

პუბლიკაციის ავტორები პეტერ კადხამარი და ურბან ანდერსონი მკითხველს შიდა ქართლის სოფელ ხურვალეთში ყოფნის შთაბეჭდილებას უზიარებენ და მოკლე მონაცემებს აცნობენ როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ისტორიას.

„ერთხელ, დილით, ხურვალეთელმა ლალი ჯერანაშვილმა დაინახა, რომ მისი სიმინდის ყანა სხვა ქვეყანაშია და მას აღარ ეკუთვნის. „ყურადღება! სახელმწიფო საზღვარი! გადაკვეთა აკრძალულია!“ - ასეთი წარწერები აქვს ბანერს, რომელიც იმ გზაზე დგას, რომელზეც ლალი და მისი ოჯახის წევრები, დედ-მამა, ბებია-ბაბუა და პაპის პაპები ყოველდღე დადიოდნენ. რასაკვირველია, ლალის შეეძლო ბანერზე წაწერილი გაფრთხილების იგნორირება და თავის ნაკვეთზე მისულიყო - საქმე ეხებოდა იმ სიმინდის ყანას, რომელიც ოჯახს არჩენდა და შემოსავალს აძლევდა, მაგრამ იგი შეჩერდა და უკან დაბრუნდა. ლალიმ იცოდა, რომ მას სოფელთან მოდარაჯე რუსი მესაზღვრეები დააკავებდნენ, წაიყვანდნენ ცხოინვალში და იქ დიდ ჯარიმას გადაახდევინებდნენ - ორი ათას რუბლს, ანუ დაახლოებით 400 შვედურ კრონს. ეს ძალიან დიდი ფულია იმ ქვეყნის მცხოვრებლებისათვის, რომელთა მინიმალური ხელფასი თვეში 800 შვედურ კრონს არ აღემატება.

სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ახლა თავის თავს „რესპუბლიკას“ უწოდებს. სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელალამ, ნიკარაგუამ და ორიოდე კუნძულოვანმა ქვეყანამ აღიარა, თუმცა ყველა ამღიარებელმა კარგად იცის, რომ სამხრეთ ოსეთი არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის. მას რუსეთი აძლევს ფულს და მის ე.წ. საზღვარსაც რუსი მესაზღვრეები იცავენ“, - აღნიშნავენ ავტორები.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლის ცხოვრება: „ადრე აქ ცხოვრება დუღდა, ადამიანები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ, მუშაობდა ტრანსპორტი მუშაობდა... აქ ქართული და ოსური სოფლები ერთმანეთის მეზობლად არიან - ხურვალეთს იქით ოსური სოფელი ოდოლეთია, იმის იქით - ქართული სოფელი ბერშუეთი. დღეს მათ შორის ძველებური კავშირები დარღვეულია, ბლოკ-პოსტებია გასავლელი“.

შვედური გაზეთის კორესპონდენტები ესაუბრებიან ადგილობრივ მცხოვრებლებს (მურმანს, მურთაზს, დავითს), აგრეთვე ქართველ პოლიციელებს, რომლებიც პოსტებზე დგანან. აქვე ახლოს საქართველოს და კავკასიის რეგიონის მთავარი ავტომაგისტრალი გადის. საერთაშორისო დამკვირვებლები „საზღვრის“ გადმოწევის პროცესს „ბორდერიზაციას“ უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ რუსეთი საერეთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევენ. ეს არის ფარული ანექსია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომის შემდეგ დაიწყო: რუსეთი მაშინ საქართველოში დაახლოებით იგივე საბაბით შევიდა, რომელიც შემდეგ უკრაინის წინააღმდეგაც გამოიყენა: ქართულ არმიას „ჰიტლერულს“ უწოდებდნენ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „ისტერიულ ფიურერს“. თვითონ ვლადიმირ პუტინმა კი 2008 წლის აგვისტოს ომი გერმანია-საბჭოთა კავშირის ომს შეადარა (ავტორები ციტირებენ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის და ამჟამად ოპოზიციონერის ანდრეი ილარიონოვის განცხადებებს). ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზა შექმნა და თვითნებურად გაავლო „საზღვარი“ ამ რეგიონსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის.

„ევროკავშირს კონფლიქტისა და „ბორდერიზაციის“ ზონაში თავისი დამკვირვებლები ჰყავს. მათი ფუქნციები პატრულირება და სიტუაციის მონიტორინგია. ისინი ხელს უწყობენ გრძელვადიან სტაბილურობას, საქართველოსა და რუსეთს შორის ნდობის ფაქტორის განმტკიცებას. მაგრამ იმ დროს, როცა ევროპელები თბილის-მოსკოვს შორის ნდობის განმტკიცებას ცდილობენ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის შიგნით საზღვრის გავლებას არ წყვეტს. სამწუხაროდ, თბილისს პასუხის გაცემა არ შეუძლია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „საზღვარზე“ 200 ნიშნული დგას და 19 სადარაჯო პუნქტია, რომლებშიც 80-100 რუსი მესაზღვრე მსახურობს, სამხედრო ბაზაში კი ოთხი ათასამდე ჯარისკაცი.

ჩვენი წყარო არსებულ სიტუაცია „კონტროლირებულ არასტაბილურობას“ უწოდებს. სწორედ ასეთ სტრატეგიას ატარებს რუსეთი კონფლიქტების „მოსაგვარებლად“, ანუ როგორც მოსკოვს სურს, სიტუაციას ისე წარმართავს. გასაგებია, რატომაც: სანამ საქართველო საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, სანამ მის საზღვრებზე არასტაბილურობაა, საქართველო ვერ ნატოში და ვერც ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება“, - ნათქვამია სტატიაში.

http://putinsgransland.story.aftonbladet.se/chapter/har-tar-ryssland-mark-av-grannen-meter-for-meter/


ბეჭდვა