„ng.ru“(რუსეთი): ქართველთა უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთიდან მომავალი პოტენციური საფრთხის ნიველირება ურთიერთობის გაუმჯობესებით უნდა მოხდეს
„ng.ru“(რუსეთი): ქართველთა უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთიდან მომავალი პოტენციური საფრთხის ნიველირება ურთიერთობის გაუმჯობესებით უნდა მოხდეს
10:12 06.04.2017
რუსული გამოცემა «Независимая газета», საქართველოში „აირაის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს პოლიტიკური მიმომხილველის იური როქსის სტატიით ეხმაურება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზოთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI - „აირაი“) სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მთელი საქართველო მასშტაბით ჩატარდა. რესპოდენტებმა ათობით კითხვაზე უპასუხეს, რომლებიც სახელმწიფოს მოქმედების ყველა სფეროს ეხებოდა. ზოგიერთი შედეგი, რომლებთაც „აირაი“ თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში ამუშავებდა, შეიძლება პარადოქსულიც კი მოგვეჩვენოს: მაგალითად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაო და იმავდროულად, გამოკითხულთა ნახევარი მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

სინამდვილეში კი პასუხებში არავითარი წინააღმდეგობა არ არის. რადგანაც რუსეთს მტრად მიიჩნევენ და აცნობიერებენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეს, რესპოდენტთა უმრავლესობა კანონზომიერად თვლის, რომ პოტენციური საფრთხის ნიველირება ურთიერთობის გაუმჯობესებით უნდა მოხდეს. გამოკითხულთა 76%-მა მოსკოვთან ურთიერთობას „ცუდი“ უწოდა, 11%-მა პირიქით - „კარგი“, დაახლოებით ამდენივეს კი რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობების შეფასება გაუჭირდა.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დიალოგი მოსკოვთან. 10% თვლის, რომ რუსეთთან ყოველგვარი კონტაქტები უნდა შეწყდეს („ამ კონტაქტებს საქართველოსთვის არასდროს სიკეთე არ მოუტანია და არც მოუტანს“). რესპოდენტთა ცოტა მეტი რაოდენობა (16%) კი რუსეთს მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევს. საერთოდ კი, ამ კრიტერიუმით დღეს საქართველოში პირველ ადგილზე ევროკავშირი დგას - ასე თვლის რესპოდენტთა 42%.

„ბებერმა ევროპამ“, ურთიერთობის აქტუალურობითა და მნიშვნელობით, როგორც ჩანს, პირველად აჯობა და გაასწრო თბილისის მთავარ მფარველს საერთაშორისო არენაზე - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ევროკავშირს 9%-ით ჩამორჩა. საზოგადოების პრიორიტეტის შეცვლა იმით უნდა აიხსნას, რომ ამას წინათ ევროპამ ვიზალიბერალიზაციით ქართველებს კარი გაუხსნა, აშშ-ში წასვლა კი ძველებურად გართულებულია. საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორთა რიცხვში მოხვდნენ უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და ირანი (კლებადური კოეფიციენტით).

თუ უშუალოდ მეზობელი ქვეყნების მიმართ ქართველების შეფასებები გასაგები და კანონზომიერია, გარკვეულ გაკვირვებას იწვევს უკრაინასთან დამოკიდებულება: ის დრო, როცა საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთთან სტუმრად დადიოდნენ და ბავშვებს ნათლავდნენ, მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იუშენკოსთან ერთად წავიდა. ამ ქვეყნებს ერთმანეთთან რაიმე დიდი და განსაკუთრებული ეკონომიკური კავშირებით კვეხნა არ შეუძლიათ. გარდა ამისა, უკრაინაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის აქტიურობამ კიევისა და თბილისის ერთმანეთთან დამოკიდებულების გაცივება მოჰყვა: როგორც ცნობილია, უკრაინის ხელისუფლებამ თავის დროზე თბილისის მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავება-დეპორტაცია არ განახორციელა და პირიქით მოიქცა - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშნა. ასე რომ, ქართველებში უკრაინის პოპულარობის მიზეზი კიევ-მოსკოვისა და თბილის-მოსკოვის ურთიერთობის მსგავსებაში უნდა ვეძებოთ. ამ მხრივ გასათვალისწინებელია აგრეთვე დიასპორის ფაქტორი: ქართულისა - უკრაინაში, უკრაინულისა კი საქართველოში, ასევე ერთნაირი პროდასავლური ვექტორი და მსგავსი ტერიტორიული პრობლემები.

გამოკითხულთა მცირე რაოდენობა საქართველოსთვის საფრთხეს დასავლეთშიც ხედავს და არ იწონებენ თბილისის ინტეგრირებას ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებთან.

ქართველებში ყველაზე მწვავე უკმაყოფილებას იწვევს პოლიტიკური პარტიებისა და ეროვნული ბანკის საქმიანობა (გამოკითხულთა 70%), აგრეთვე პარლამენტისა და მთავრობის მუშაობა (58%), ადგილობრივი ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის საქმიანობა (51-54%).

რესპოდენტებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა (88%), არმია (86%), მასმედია (745), პოლიცია (59%), პრეზიდენტი (51%). როგორც ჩანს, იმ რეზონანსულმა სკანდალებმა, რომლებიც ბოლო დროს საქართველოში ხდება, ჩამოთვლილი სტრუქტურების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე გავლენა არ მოახდინეს.

ის კითხვები, რომლებიც ნატოსთან ურთიერთობას და ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების საკითხებს ეხება, „აირაი“-მ ცალკე გამოყო. ყველაზე საკვირველი ისაა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციისადმი მიძღვნილი მძლავრი საინფორმაციო კამპანიის, სამდღიანი გართობა-სეირნობისა და საზეიმო ღონისძიებების მიუხედავად, გამოკითხულთა 2%-მა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის ამბავი არ გაუგია, ხოლო 1% საერთოდ აზრზე არ არის ამ საკითხის ირგვლივ. ნატოსთან მიმართებით სურათი ასეთია: 10-15 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირებულია. თუ ადრე საქართველოს მოსახლეობა თვლიდა, რომ ნატოში მიღება აუცილებელი იყო და ერთადერთ მხსნელ გზად ჩანდა, დღეს ამ გზის მტკიცე მომხრე მხოლოდ 56%-ია, ალიანსში შესვლას 26% დადებითად მიიჩნევს, მაგრამ შენიშვნებით, 15% კი წინააღმდეგია. გამოკითხულთა 14% დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნატოს წევრად არ მიიღებენ, ხოლო 42% ფიქრობს, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერასოდეს ვერ გახდება. დანარჩენ 44%-ს ამ მხრივ ოპტიმისტური განწყობა აქვს.

„აირაი“-ს მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად, გამოკითხვაში საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1501 მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილების ფარგლები - 2,5%.

ქართულმა საექსპერტო საზოგადოებამ გამოკითხვის შედეგები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ თავშეკავებულად შეაფასა. ზოგიერთმა ექსპერტმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ გამოქვეყნებულ მონაცემებს სერიოზულად ნუ მოეკიდებიან, რადგან რესპოდენტთა პასუხები, ცხადია, სუბიექტურია და ბევრი ნიუანსზეა დამოკიდებული. თუმცა ზოგიერთი მონაცემი, როგორც ჩანს, ჭეშმარიტ მდგომარეობას ასახავს: მაგალითად, ევროპაში ლიბერალურ სავიზო რეჟიმს არ შეეძლო არ გაეხარებინა ყველაზე პრორუსულად განწყობილი მცხოვრებიც კი - შენგენის ზონაში გაიოლებულ წასვლაში ძნელია რაიმე ნეგატივი და კომპრომატი იპოვო.


http://www.ng.ru/cis/2017-04-06/6_6967_georgia.html

ბეჭდვა