რუსული გამოცემა „РосБалт“-ი, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭების
შესახებ ანდრეი ნიკოლაევის ავტორობით სტატიას აქვეყნებს.
ავტორი სკეპტიკურად ხატავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა სტატიაში, ესაა პედალირება რუსული პასპორტების შესაძლო მასიურ დარიგებასთან დაკავშირებით. ამასთან, ნიკოლაევი არც მალავს, რომ პასპორტიზაცია კარგად აპრიბირებული მეთოდია აფხაზეთში, ცხინვალსა და დნესტრისპირეთში.
სტატიის ქართულენოვან ვერსიას, მცირეოდენი შემოკლებით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
საქართველომ ახლახან მიიღო ის, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში იღწვოდა - ლიბერალური სავიზო რეჟიმი ევროკავშირის შენგენის ზონის ყველა სახელმწიფოსთან და რიგ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც აღნიშნულ ზონაში არ შედიან. ე.წ. „უვიზო რეჟიმის“ ძალაში შესვლა შთამბეჭდავად აღინიშნა - კონცერტებით, სხვადასხვა შოებით, პრემიერ-მინისტრის საჩვენებელი ვიზიტით საბერძნეთში, მჭექარე გამოსვლებით და ფიცი-მტკიცით ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულების თაობაზე. მაგრამ რა მოუტანა რეალურად „ვიზალიბერალიზებამ“ ევროპის ამ ნაწილს? აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველო საკმაოდ შეძლებულ ქვეყნად არის ნაგულისხმევი, თორემ ღარიბ-ღატაკებს ევროკავშირში ცხვირსაც არ შეაყოფინებდენ.
ბევრს არ ვილაპარაკებთ ვიზალიბერალიზების პირობებზე, რადგან ის ყველასათვის ცნობილია. არის ნებართვებიც და შეზღუდვებიც, ანუ სასიამოვნო - იმოგზაურე, რამდენიც გნებავს ყოველ ნახევარ წელიწადში, დატკბი ევროპით, მაგრამ იქვე არასასიამოვნოც არის - ვერ იმუშავებ და ხეირიანად ვერც ისწავლი. და თუ დაარღვევ რეჟიმს, მკაცრად დაისჯები.
გამოდის, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც კარგად ცხოვრობენ, ლიბერალური რეჟიმის შემოღებამდეც მთელი ევროპა შემოიარეს და ვინც ცუდად ცხოვრობს და სამუშაო უნდა (საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონეა), მათთვის ევროპის კარი დახურულია. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში წასვლა ცოტა გამკაცრდა კიდეც იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო: მოწვევის ვიზა თუ გქონდა, მაინცდამაინც არავინ ინტერესდებოდა, გქონდა თუ არა ფული ჯიბეში ან საბანკო ანგარიშზე, ახლა კი აუცილებლად მოგკითხავენ საზღვარზე გადასვლისას. უფრო უარესიც - ევროკავშირს საქართველოს ვიზალიბერალიზება ყოველ წუთს შეუძლია შეაჩეროს და გააუქმოს კიდეც, თუ შეატყო, რომ საქმე ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს - „უსაფრთხოების თვალსაზრისით“. მოკლედ, მშვიდობით იაფი მოგზაურობის პერსპექტივავ და წელებზე ფეხის დადგმით, წვალებით მოგროვილო ფულო... ვის რაში აინტერესებს კულტურით ტკბობა და მუზეუმებში სიარული, როცა სამუშაო არ აქვს. „დავაი, იდი დამოი“.
ახლა ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები იმაზე ბჭობენ - წარადგინოს თუ არა გავიზალიბერალიზებულმა საქართველომ ევროპის კავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი. მოიძებნებიან ისეთები, რომლებთაც „ჰყოფნით თავხედობა“ და ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა წარადგინოს, რადგან საქართველომ ევროკავშირის წევრობა უკვე დაიმსახურაო, მაგრამ საინტერესოა, რით დაიმსახურა? ვერბალური აღტაცებით ევროპულ ფასეულობებებთან დაკავშირებით თუ ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების სფეროს, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული მდგომარეობით? რომელ ევროპულ ქვეყანაში შიმშილობენ მოხუცები 70-დოლარიანი პენსიით? რომელ ევროპულ ქვეყანაშია ერთ ნაგვის ბუნკერზე სამი ადამიანი, რომლებიც მასში საჭმელს და ტანსაცმელს ეძებენ? ასეთები მთელი არმიაა. ჯერ-ჯერობით ქართველთა უმეტესობა კვლავ იძულებულია ვალები გაისტუმროს და ბინები გაყიდოს სერიოზული მკურნალობისათვის.
ვთქვათ და საქართველომ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში მიღებისათვის. მერე რა? მაინც არ მიიღებენ. სამაგიეროდ, ბრიუსელელი პოლიტიკოსები დემონსტრაციულად იტყვიან, რომ „ბრექსითის“ მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყნებს მაინც სურთ ევროკავშირში შესვლა - აი, ხედავთ, საქართველო, რომელიც მომავალს იმედით შესცქერის... საქართველოს ხელისუფლება კი ქულებს დაითვლის და საკუთარ ხალხს ეტყვის, როგორ მაღალ დონეზე შეფასდა მისი საქმიანობა. მაგრამ ხალხი ხომ ბრმა და ყრუ ხომ არ არის, ბოლოს ყველაფერს მიხვდებიან ვიზალიბერალიზების პლუსებზე და მინუსებზე და კვლავ იმედგაცრუების დრო დადგება. მიხვდებიან, რომ ევროპის ღია კარი, ფაქტიურად, დახურული რჩება. აბა რა - ხომ მოისტუმრიანეთ, ფულიც ხომ დახარჯეთ, ახლა დააწექით გაზს და სახლებში მოუსვით...
აუცილებელია ავღნიშნოთ ისიც, რომ ევროპული ვიზალიბერალიზების მოლოდინში ბევრ ქართველს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთიც „უვიზოს“ დააწესებდა. ისინი თვლიდნენ, რომ რუსეთს პირველ რიგში საქართველოსთვის უნდა გაეუქმებინა ვიზები, რათა ევროპისათვის ცხვირში წკიპურტი გაეკრა, სამხრეთელი მეზობლის ევროპული კურსი გაენეიტრალებინა და თავისთან მიეახლოვებინა.. მით უმეტეს, რომ ამის წინამძღვრები იყო - ეს რამდენჯერმე განაცხადა თვითონ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
მაგრამ მოსკოვმა სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად პირობები წამოაყენა - ამისთვის ჯერ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არის საჭიროო, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. სხვათა შორის, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნისათვის არანაირი ვიზა არ ჭირდებათ.
ჰოდა, თბილისში ძალიან გაუკვირდათ, რომ რუსეთმა შანსი არ გამოიყენა და ევროპას არ დაასწრო, არ ისარგებლა მომენტით საქართველოზე გავლენის გაფართოების მიზნით. განა რა დიდი რამე უნდოდათ ქართველებს? ლოდინისა და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე წასულიყვნენ თავიანთ მეგობარ-ნათესავებთან რუსეთში, გაეხსენებინათ ენა, წასულიყვნენ თეატრში სპექტაკლების საყურებლად, ბოლოს და ბოლოს, საინტერესო წიგნები ეყიდათ, რომლებთაც თბილისში სანთლით ვერ იპოვი, ესწავლათ რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში. და რასაკვირველია, კიდეც ემუშავათ.
მაგრამ ახლა სიტუაცია გაირკვა: რუსეთმა ვიზები არ გააუქმა, მაგრამ სამაგიეროდ, საქართველოს (და არა მარტო მას) ახალი „სიურპრიზი“ მოუმზადა: საქმე ეხება რუსეთის მოქლაქეობის მინიჭების გამარტივებულ პრინციპს, ე.წ.„ნიადაგის საფუძველზე“, ანუ რუსული პასპორტის მიღება შეუძლიათ ყველა იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომლებიც ყოფილი რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა და მათთვის რუსული ენა მშობლიური ენაა. თუ ამ კანონპროექტს სახელმწიფო სათათბირო მიიღებს (უკვე რამდენიმე კომიტეტმა მოიწონა), მაშინ რუსეთის პასპორტის აღებას მოისურვებს უამრავი ადამიანი უკრაინიდან, ცენტრალური აზიიდან, სამხრეთ კავკასიიდან... მაგრამ არის ერთი ნიუანსი: თუ კანონპროექტში არ იქნება შეტანილი პუნქტი არსებული მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, მაშინ მსურველები რაოდენობა, მინიმუმ, ორჯერ შემცირდება.
მოკლედ, კანონპროექტიდან გამომდინარე, რუსეთი კურსს იღებს პასპორტების მასობრივი დარიგებისაკენ, რაც, პრინციპში, ახალი არაა და აპრობირებულია აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში... თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტული ტერიტორიის ტოტალური პასპორტიზაციით ანექსიის სუნიც ასდის. რადგან ამოცანა უკვე დასახულია, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველისაგან რუსული ენის ტურგენევისეუილ ცოდნას არავინ მოითხოვს. სხვათა შორის, საქართველოში ბევრი რუსულ ენაზე კარგად ლაპარაკობს, განსაკუთრებით უფროსი და საშუალო თაობა, თუმცა არიან ახალგაზრდებიც.
რას მისცემს ქართველებს რუსული პასპორტი?
პირველ რიგში, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგალური მუშაობის უფლებას, რუსულ პენსიასა და იმ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პრეფერენციებს, რომლებიც საქართველოში არ არსებობს. და ბოლოს, არცთუ უმნიშვნელო სიკეთეს - იცხოვრონ ერთ სივრცეში საქართველოდან წასულ ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად.
და რას მიიღებს მოსკოვი პასპორტიზაციით?
ზემოთ უკვე ვახსენეთ ანექსიის შესაძლებლობა. გარდა ამისა, დღეს რუსეთის ფედერაცია „ტვინებისა“ და „სამუშაო ძალის“ გადინებას განიცდის, არსებობს სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა. პასპორტიზაცია კი საუკეთესო შესაძლებლობაა რუსეთისადმი ლოიალური ელექტორატის ჩამოსაყალიბებლად და „რუსული სამყაროს“ გასაფართოებლად.
თუმცა... პასპორტიზაციამ შეიძლება უარყოფითი შედეგებიც გამოიღოს:
პირველი - იმიგრანტთა ნაკადი პასპორტის მიღების მიზნით შეიძლება იმდენი იყოს, რომ სოციალურ სისტემას დიდ ტვირთად დააწვეს. გარდა ამისა, აუცილებელია ახალი მოქალაქეების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; მეორე - რუსეთი, სავარაუდოდ, იგივე პრობლემების წინაშე დადგება, როგორიც ევროპაში გაჩნდა. საქმე ეხება მენტალიტეტებისა და კულტურების კონფლიქტს. თუმცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ცენტრის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობის 78% მხარს უჭერს ახალი მოქალაქეების მიღებას.
მოკლედ, პასპორტის გაიოლებული მიღება შეასრულებს შეყოვნებული მოქმედების ნაღმის როლს როგორც რუსეთისათვის, ასევე იმ ქვეყნების მოსახლეობისათვის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, საქართველოს ჩათვლით, როგორც ჩანს, გარკვეული დროის მანძილზე ქართველთა ეიფორია შესამჩნევი იქნება. რაც შეეხება ევროპულ „უვიზოს“, ამ „ისტორიულ მოვლენას“ სწრაფად დაივიწყებენ - პრაქტიკული ეფექტის არარსებობის გამო.
http://www.rosbalt.ru/world/2017/04/04/1604332.html
