ამერიკული გამოცემა «Politico» მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს
ამერიკული გამოცემა «Politico» მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს
11:36 04.04.2017
ამერიკულ გამოცემა «Politico» პუბლიკაციას აქვეყნებს რომლის ავტორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უკვე უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია (უკრაინის პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ხელმძღვანელი).

სტატიაში მკაცრად არის გაკრიტიკებული რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და გარკვეული უკმაყოფილებაა გამოხატული აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართაც, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.

სტატიაში, რომელიც ამერიკული ყოველდღიური გაზეთის ევროპულ გამოცემაშია გამოქვეყნებული, მიხეილ სააკაშვილი მკითხველს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს რუსეთის შესახებ:

„ამას წინათ თვალს ვადევნებდი აშშ-ში მიმდინარე დისკუსიას რუსეთის ჩარევის თაობაზე. რადგანაც პირადად გამოვცადე რუსეთის თავდასხმა და დევნა, ამიტომაც დისკუსიის დროს მხოლოდ აკადემიური ინტერესით ვერ შემოვიფარგლები. 2004-2013 წლებში, როცა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი, საკუთარი თვალით ვნახე და პირადად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ ემუქრება რუსეთი თავის მეზობლებს. დღეს ამერიკელებმა ცოტათი მაინც გამოსცადეს საკუთარ ზურგზე ის, რაც გადაიტანეს ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა ბოლო ათეული წლების განმავლობაში...

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები, რომლებიც თბილისისკენ მოემართებოდნენ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეჩერდნენ ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის ძლიერი ჩარევის შედეგად. იმ დროს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოში აშშ-ის მეექვსე ფლოტის ხომალდები გამოგზავნა ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით და იმავდროულად ამ ნაბიჯით მოსკოვს მიანიშნა, წინ ნუ წახვალთო. სწორედ მაშინ თურქეთის ხელისუფლებამ გარკვეული ბარიერები შეუქმნა აშშ-ის სამხედრო ხომალდების ბოსფორის სრუტეში გავლას. ამის მიუხედავად, მეექვსე ფლოტის სარდალმა თურქეთს შეუთვალა, რომ სრუტეში გემები მაინც გაივლიან ყოველგვარი ნებართვისა და დოკუმენტების გარეშე, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების შესრულების მიზნით. ვთვლი, რომ ბუშის მოქმედებამ თავიდან აგვაცილა საქართველოს სრული ოკუპაცია და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა. კრემლის ბინადარმა ვლადიმირ პუტინმა მკაცრი და მკაფიო გაფრთხილება მიიღო. ჯორჯ ბუშის მოქმედებით აღდგა ამერიკის ავტორიტეტიც - მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაბედა და თავისი პროამერიკული მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

„რაც შეეხება პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მისმა ადმინისტრაციამ სრულიად სხვა კურსი აიღო. ამერიკელმა ჩინოვნიკებმა ნათლად მიგვითითეს, რომ ნუ ელოდებით ჩვენგან იმას, რაც ჯორჯ ბუშმა 2008 წელს გააკეთაო. 2009 წლის მაისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის კოლეგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად „გადატვირთვის“ პოლიტიკა დაიწყო იმ იმედით, რომ კრემლის მოქმედება უფრო კონსტრუქციული იქნებოდა. ამის შემყურე ერთმა რუსეთის მეზობელი ქვეყნის ლიდერმა მითხრა - მე მგონი, ეს ორი ადამიანი ჩვენს თავიდან მოშორებას აბეზარი ბუზის მსგავსად ცდილობენო.... „გადატვირთვის“ მადემორალიზებელი ეფექტი მთელ რეგიონზე აისახა. ვფიქრობ, ამ ფაქტმა ბევრად განაპირობა რუსეთის მეზობელ უკრაინაში პროდასავლური მთავრობის დაცემა და ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლა, საქართველოში კი - „გაზპრომის“ მსხვილი აქციონერის ბიძინა ივანიშვილისა“, - აღნიშნავს ავტორი.

მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას სისუსტედ თვლის იმასაც, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი უმოქმედობით რუსეთს ნება მისცა უკრაინისგან ყირიმი მიეტაცა. ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ ძალიან რბილად განხორციელდა, თუმცა იქ კიევს საკმარისი ძალები ჰყავდა წინააღმდეგობის გასაწევად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი უკრაინას რჩევას აძლევდა, ძალა არ გამოიყენოო. საბოლოო ჯამში კი მოხდა ის, რასაც მე და სხვა დამკვირვებლები ველოდებოდით - რუსეთი ისე გათავხედდა, რომ დონბასშიც ავანტიურა დაიწყო. რასაკვირველია, ბარაკ ობამას მიერ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი, მაგალითად, სანქციების დაწესება, გამართლებული იყო, მაგრამ ულვე საკმაოდ დაგვიანებულიც. ასეთი პოლიტიკით აშშ-ის პრესტიჟი ჩემს რეგიონში შესამჩნევად შემცირდა.

რას უნდა ველოდოთ დონალდ ტრამპისაგან? - ასეთი კითხვაა დასმული ავტორის მიერ სტატიაში. მიხეილ სააკაშვილი იხსენებს, რომ 2009 წელს, როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო, დონალდ ტრამპს არჩევანი ჰქონდა თავისი პროექტი რომელიმე ქვეყანაში - რუსეთში ან საქართველოში განეხორციელებინა. რუსეთში მას დიდი მოგება ელოდა, მაგრამ საქართველო უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ინვესტიციებისათვის, მსოფლიოში ცნობილი არაკორუმპირებულობითა და უსაფრთხოებით, სადაც ძალიან იოლია ბიზნესის წარმოება.

„ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში დაიწყებდა საქმიანობას, ვლადიმირ პუტინისათვის „პერსონა ნონ-გრატა იქნებოდა, დონალდ ტრამპმა მაინც საქართველო ამოირჩია. მაშინ შევამჩნიე, რომ მას პრეზიდენტობის ამბიციები ჰქონდა. ეს ფაქტი ყველაფერს ნიშნავდა ჩემს თვალში. დონალდ ტრამპი არ არის სიმპათიებით განწყობილი რუსეთის მიმართ. მას ჩემთან საუბრისას ხშირად გამოუხატავს სკეპტიციზმი რუსული ბიუროკრატიული სისტემის მიმართ.

რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვებს, რომლებიც მისი მხარდამჭერების მოსკოვთან კავშირებსა და გარიგებებს ეხება, მაგრამ პირადი გამოცდილების საფუძველზე ვამბობ, რომ დონალდ ტრამპის შესახებ შექმნილი კონსპიროლოგიური თეორიები მხოლოდ თეორიებად დარჩება, ხოლო მისი წინამორბედის სისუსტე და ვლადიმირ პუტინის მიმართ არასწორი, მცდარი დამოკიდებულება უკვე ფაქტია, რომელმაც რეგიონში მძიმე შედეგებამდე მიიყვანა. აი, ამის გამოძიებას როდის დაიწყებთ, ამერიკელებო?“, - ასეთი შეძახილით ამთავრებს სტატიას მიხეილ სააკაშვილი.


http://www.politico.eu/article/when-america-toes-moscow-line-vladimir-putin-barack-obama-donald-trump/


ბეჭდვა