სამხრეთ ოსეთში ცხრა აპრილს „საპრეზიდენტო არჩევნები“ და „რეფერენდუმი“ (სახელის გადარქმევის მიზნით) უნდა
გაიმართოს. „კომერსანტის“ კორესპონდენტმა ოლღა ალენოვამ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა „პრეზიდენტ“ ლეონიდ თიბილოვს, რომელიც სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის შესახებ საუბრობს.
გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:
ა) სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია
ლეონიდ თიბილოვის თქმით, იგი ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა: „მან მომისმინა და მითხრა, რომ რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს თვალსაზრისს, რომ მე მეორე ვადით ვიყო არჩეული პრეზიდენტად. იმიტომ, რომ ის კურსი, რომელიც ჩვენს მიერაა არჩეული, რუსეთისათვის მისაღებია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ხომ გულზე ხელდაკრეფილები არ ვისხედით?. რუსეთის უანგარო დახმარებით ბევრი საქმის გაკეთება მოვახერხეთ. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს მშენებლობაში, ჯანდაცვის დარგში, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. ავაგეთ და გავარემონტეთ საავადმყოფოები, მუზეუმები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები... ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა... ამჟამად ჩვენ ახალ საინვესტიციო პროგრამაზე ვმუშაობთ - 2018-2020 წლებისათვის, რომელიც სასოფლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს - სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობას, გზების შეკეთებას და.აშ. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ლენინგორის რაიონს, რათა მოსახლეობამ ხელისუფლებისაგან ყურადღება იგრძნოს, რომ მთავრობა მათზეც ზრუნავს“.
ლეონიდ თიბილოვის თქმით, ადრე ბევრი ადგილობრივი მცხოვრები მიდიოდა რუსეთში სამუშაოდ, ახლა კი მათი უკან დაბრუნების პროცესი შეიმჩნევა: „ადამიანებს უკვე აქ ცხოვრების სურვილი უჩნდებათ: ისინი ხედავენ, რომ სიტუაცია უმჯობესდება. სოფლები გამოცოცხლდნენ“.
ბ) სამხედრო ინტეგრირება რუსეთთან
პრეზიდენტი ინტერვიუში ეხება რუსეთის არმიაში ოსი სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრირების საკითხსაც და ამბობს, რომ თანამშრომლობით „ჩვენი არმიის დამოუკიდებლობა არ ზარალდება“. საქმე ეხება არა მთელი ქვედანაყოფების გაერთიანებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, არამედ ცალკეული სამხედრო პირების სამსახურს, მათი რაოდენობა დაახლოებით 100 ან 150 იქნება“.
გ) რუსეთის შემადგენლობაში შესვლა // ორი ოსეთის გაერთიანება
შეკითხვაზე, მოითხოვს თუ არა სამხრეთ ოსეთი რუსეთში შესვლას, ლეონიდ თიბილოვი პასუხობს: „თქვენ როგორ მიგაჩნიათ - არ გინდათ, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის საზღვრებში იხილოთ? მინდა მადლობა ვუთხრა რუსეთს დახმარებისა და თანადგომისათვის. რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის იდეა ცოცხალია, ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს. ოსები ორად გაყოფილი ხალხია, ჩვენი ძმები რუსეთში ცხოვრობენ. შესაბამისად, მე ამ იდეას მხარს ვუჭერ, თუმცა მესმის, რომ ეს საკითხი რიგითი და უბრალო საკითხი არ არის. ორივე მხრიდან უნდა იყოს შექმნილი შესაბამისი პირობები... თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთში გველოდებიან, თუ იქნება შესაბამისი სიგნალები, ჩვენც იმ სქემას გამოვიყენებთ, რომელიც მსოფლიოში უკვე არსებობს“.
დ) ტვირთების ტრანზიტის საკითხი სომხეთისათვის
„ჩვენ ვიცით, რომ ტვირთების ტრანზიტზე აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ისაუბრეს. ჩემთვის ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად მზადაა და რეალურია ამ პროექტის განხორციელება. ამისათვის სერიოზული მოლაპარაკებაა საჭირო. კარგად გვესმის, რომ საქართველოს სამხედრო გზა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს და ამიტომ სომხეთმა მზერა ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიაპყრო. ცხადია, ერევნის მდგომარეობაც გვესმის, მაგრამ აქ მთავარი დაბრკოლება საქართველოს განწყობაა. თქვენ თუ სამხრეთ ოსეთის პოზიცია გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ჩვენ მზად ვართ ეს პროექტი განვიხილოთ, მაგრამ მხოლოდ ტრანზიტის საკითხში. ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ არ გადაუტანია საქართველოსთან ომის შედეგები და ამიტომ საზღვრების გახსნაზე მსჯელობას ვერ დავიწყებთ... საქართველოსთან ამ საკითხზე (საბაჟო პუნქტების თაობაზე) არ გვისაუბრია, ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს. ზოგადად კი, რაში გვჭირდება შვეიცარიელი ინსპექტორები? ჩვენ რუსეთმა გვაღიარა და ამიტომაც ყველა კონსულტაცია რუსეთთან გვაქვს“.
ე) რატომ ემატება „სამხრეთ ოსეთს“ სახელი „ალანეთის სახელმწიფო“?
ლეონიდ თიბილოვი „კომერსანტის“ კორესპონდენტს განუმარტავს: „ჩვენ კი არ ვამატებთ სახელწოდებას, არამედ ვთავაზობთ სახელწოდებას „ალანეთის სახელმწიფოს“ როგორც ერთ-ერთ სახესხვაობას, ანუ გნებავთ „სამხრეთ ოსეთი“ გვიწოდეთ, გნებავთ - „ალანეთის სახელმწიფო“. ერთად ნუ წარმოთქვამთ, არ არის საჭირო. თუ საკითხის არსზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ჩვენი წინაპრები ალანები იყვნენ, ეს ფაქტია. ოსები იმ დიდი ალანების შთამომავლები არიან, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო ჰქონდათ. მონღოლ-თათრების შემოსევების შედეგად ეს სახელმწიფო გაქრა, უკვე 600 წელია აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ვისი მემკვიდრეები ვართ? ბოლო წლებში ისტორიის გადაწერ-გადმოწერა დაიწყეს: ვხედავთ, რომ ზოგიერთი ხალხი სახელწოდება „ალანების“ მითვისებას ცდილობს. ამიტომ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ოსების თვითშეგნების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. თუ ხალხი დათანხმდება, ამით, რა თქმა უნდა, პირად დოკუმენტებში ჩანაწერი არ შეიცვლება. თუმცა არის ერთი მომენტი: მე რომ მკითხავენ, საიდან ხარო, ვუპასუხებ - ალანეთიდან. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ სამხრეთ ოსეთიდან. მე უკვე ამის ლეგიტიმური უფლება მექნება. ვერავინ იტყვის, რომ ალანეთის სახელმწიფო სამხრეთ ოსეთი კი არ არის, არამედ, მაგალითად, ინგუშეთი... გასაგებია, რომ ჩვენს ინიციატივაზე საქართველოს პრეზიდენტი წინააღმდეგი იქნება. შესაძლოა რომელიმე ჩვენს ჩრდილოკავკასიელ მეზობელსაც არ მოეწონოს, მოწინააღმდეგეები ჩვენშიც არიან. მაგრამ მე მზად ვარ დავამტკიცო, რომ სწორად ვიქცევით. ვფიქრობ, რომ ჩვენ დავაგვიანეთ კიდეც ჩვენი რესპუბლიკისათვის ისტორიული სახელის დაბრუნება. მჯერა, რომ რეფერენდუმის კითხვას ჩვენი მოქალაქეები უპასუხებენ „დიახ“.
ვ) რა სურს ედუარდ კოკოითს?
კორესპონდენტის კითხვაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილ ვითარებას ეხება, განსაკუთრებით კი ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მომხრეთა მიერ გამართულ ანტისახელისუფლებო აქციას, ლეონიდ თიბილოვი პასუხობს, რომ ედუარდ კოკოითი კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს, ცდილობს სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალოს. ედუარდ ჯებეევიჩს ბინადრობის ცენზი არ ყოფნის. ამის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტები არსებობს... თუმცა მე ვიტყოდი, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება. არის კანონი და მის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა... ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და იმედი მაქვს, ექს-პრეზიდენტი უკვე მიხვდა, რომ თავისი მოქმედებით საკუთარ ხალხს ზიანს აყენებს. ამჟამად სიტუაცია სტაბილურდება“.
----------
ინტერვიუს ბოლოს გამოქვეყნებულია ლეონიდ თიბილოვის ბიოგრაფიული მონაცემების ვრცელი ვერსია და დოსიე სამხრეთ ოსეთის შესახებ.
http://kommersant.ru/doc/3254379
