რუსული, უკრაინული და დასავლური მასმედიით გუშინ, 27 მარტს საკმაოდ ბევრი კომენტარი, შეფასება და თვალსაზრისი
გავრცელდა კიევში გამართული „სუამ“-ის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების სამიტთან დაკავშირებით.
დადებითი კომენტარები:
“სუამ”-ში თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩამოყალიბებით ეკონომიკური ურთიერთობები გაფართოვდება”, - განაცხადა კიეველმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ლეონოვმა. მას ეთანხმება ალექსეი კურპასი, რომელიც უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ რადგანაც ყველა სუამ-ელს ერთნაირი პრობლემები აქვთ (კონფლიქტური რეგიონები), საერთო ძალებით რუსეთს უკან დაახევინებენ... „შედეგი, ალბათ, 2018 წელს გამოჩნდება, როცა პუტინს პრეზიდენტად აღარ აირჩევენ. და თუ ისევ მას აირჩევენ, სუამი კვლავ ჩაიძინებს", - ესეც ალექსეი კურპასის ნათქვამია (წყარო:http://www.golos-ameriki.ru/a/guam-treaty-new-deal/3783793.html).
უარყოფითი შეფასებები:
ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს უკრაინული სამსახურის მიერ გამოკითხული ექსპერტები სკეპტიკურად აფასებენ სუამ-ის განმტკიცების შანსებს გავლენიან სტრუქტურად გადაქცევის თვალსაზრისით - მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე ქვეყანას ერთნაირი პრობლემები აქვთ. პუბლიკაციასაც შესაფერისი სათაური აქვს: „სუამი და სუვერენიტეტის დაცვა: 20 წელი წარმატების გარეშე“. აი, რას ამბობს ანალიტიკური ჯგუფის „Da Vinci AG“-ის დირექტორი ანატოლი ბარონინი: „დღეს სუამ-ს საშუალოვადიანი პერსპექტივაც კი არ აქვს. ოთხი ქვეყნიდან სამის ხელისუფლება (აზერბაიჯანის, მოლდოვისა და საქართველოსი) რუსეთს ლოიალურად ეკიდება. გარდა ამისა, კიშინიოვი და ბაქო თავიანთი ტერიტორიების დაკარგვაში რუსეთს არ ადანაშაულებენ, უკრაინა კი პირიქით. აშკარაა, რომ სამი ქვეყანა აღარ ეთანხმება ამ ორგანიზაციის საწყის პრინციპს - მოსკოვის პოლიტიკის საპირწონის სახით“.
„მე ვერ ვიხსენებ რომელიმე ერთ პროექტს მაინც, რომელიც „სუამ“-ის ჩარჩოებში დასრულებულიყოს მისი არსებობის პერიოდში... და თუ არასოდეს წარმატება არ გქონია, ძნელია ახლა დაგიჯერო, რომ უკეთესი პერსპექტივა გექნება“, - ამბობს კიევის საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის თანადირექტორი ალექსეი მელნიკი (წყარო: http://www.bbc.com/ukrainian/features-russian-39411167).
„სუამ“-ი როგორც ორგანიზაცია, პრაქტიკულად მკვდარია. წევრი ქვეყნების ინტერესები სხვადასხვა ვექტორული გახდა: უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველო, აზერბაიჯანი და მოლდოვა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობენ“, - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიური აკადემიის თანამშრომელი გრიგორი პერეპელიცა. მას ეთანხმება კიევის პოლიტიკური ანალიზისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი რუსლან ბორტნიკიც: „სუამ“-ის შექმნის დროიდან ფაქტიურად არაფერი გაკეთებულა. რაც შეეხება თავისუფალ ეკონომიკური ზონის გეგმებს, „სუამი“ უფრო მეტად პოლიტიკური ყალიბია, რომელიც იმავდროულად რეალურ მიზნებსაა მოკლებული“ (წყარო: https://www.ridus.ru/news/248551).
