„უკრაინის მთავრობა „სუამ“-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) პროექტის რეანიმირებას ცდილობს,
რომელსაც დაარსებიდან 20 წელი უსრულდება. გუშინ კიევში ამ ორგანიზაციის ლიდერთა სამიტი გაიმართა, წევრი-ქვეყნების პრემიერ-მინისტრების დონეზე. ასევე პირველად ჩატარდა ბიზნეს-ფორუმიც. როგორც მასმედიით გამოცხადდა, მიმდინარე წლის ბოლოს, „სუამ“-ის ჩარჩოებში თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნება, რომლის შედეგად „სუამ“-ელები ჯერ კიდევ შორეულ 2003 წელს შეთანხმდნენ“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა „Независимая газета“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ტატიანა ივჟენკო).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ისტორია „სუამ“-ის შექმნის შესახებ - თუ როგორ ჩამოყალიბდა 2000-იანი წლების დასაწყისში, აშშ-ის ხელშეწყობით და რუსეთის ინტეგრაციული პროექტების წინააღმდეგ დსთ-ის სივრცეში, საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციის მსგავსი წარმონაქმნი „სუუამ“-ი, რომელიც თავიდანვე არამყარი აღმოჩნდა: ორიოდე წლის შემდეგ მის წევრობაზე უარი განაცხადა უზბეკეთმა. მოგვიანებით „სუამ“-ის გამოცოცხლებას საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები - მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშენკო შეეცადნენ და მას „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია“ უწოდეს. „სუამ“-ს ამან არ უშველა და 2000-იანი წლების ბოლოს მისი არსებობა თითქმის მიავიწყდათ, მით უმეტეს, რომ მოლდოვას მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა პირდაპირ განაცხადა ამ გაერთიანების უპერსპექტივობის თაობაზე. ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან „სუამ“-ის ყველა წევრი, მეტად თუ ნაკლებად, მაინც რუსეთზე იყო დამოკიდებული და ყველა ცდილობდა მოსკოვთან კავშირი შეენარჩუნებინა. შემდეგ კი ვიქტორ იუშენკომ და მიხეილ სააკაშვილმაც ხელისუფლება დაკარგეს...
„ამჟამად სახელმწიფოთაშორისო ურთიერეთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - უკრაინამ ბოლო წლებში დსთ-ის წევრი სახელმწიფოებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება გააძლიერა - ყირიმისა და დონბასის მიმართ ამორფული დამოკიდებულების გამო. ამიტომაც „სუამ“-ის სამიტისადმი ყურადღება განსაკუთრებულადაა გამახვილებული. შეხვედრა უკრაინის პრემიერის ვლადიმირ გროისმანის ინიციატივით განხორციელდა, რომელშიც მისი ქართველი და მოლდოველი კოლეგები გიორგი კვირიკაშვილი და პაველ ფილიპი მონაწილეობდნენ, აზერბაიჯანიდან კი ვიცე-პრემიერი ისმეთ დურსუნ-ოღლი აბასოვი. ყველა გამომსვლელი, ისევე როგორც 15 წლის წინათ, ეკონომიკური ურთიერთობის დიდ მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა. ისაუბრეს აგრეთვე სეპარატიზმის პრობლემაზეც... პრემიერმა ვლადიმირ გროისმანმა მხარეებს მოუწოდა გაერთიანებინათ ძალისხმევა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-დაცვის მიზნით. მან ყურადღება გაამახვილა აგრეთვე „სუამ“-ის წევრი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის უკეთ სარგებლობისთვისაც. ვ.გროისმანმა აღნიშნა, რომ „სუამ“-ის მთავარი პარტნიორებს - აშშ-სა და იაპონიას ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებიც დაემატებიან (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). საინტერესოა, რომ რეგიონული კონფლიქტებზე საუბრისას, „რომლებიც გარეშე ძალების ჩარევით არის გამოწვეული“, სიტყვა „რუსეთი“ საერთოდ არ გაჟღერებულა.
კიევში სამიტის წინა დღეებში მიანიშნებდნენ, რომ „სუამ“-ის რეანიმაციაში ვაშინგტონია ჩართული და ეს ყველაფერი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის წინ უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად ხდებაო. საერთოდ, ბოლო ხანებში უკრაინა-აშშ-ის აქტიურობა მართლაც შეიმჩნევა - საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი ბოლო თვეში ორჯერ იყო ჩასული ვაშინგტონში, ხოლო კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი იმყოფებოდა. მანამდე კი პეტრო პოროშენკო მიუნჰენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ პენსს შეხვდა, უფრო ადრე კი ორჯერ ელაპარაკა ტელეფონით დონალდ ტრამპს... ჰოდა, ასეთ ფონზე „ნეზავისიმაია გაზეტას“ კიეველი წყაროები ჯერ კიდევ წინა კვირაში დასაშვებად მიიჩნევდნენ იმას, რომ კიევი მარტო თავის სახელით კი არა, ამერიკის სახელითაც მოქმედებდა, დსთ-ში მიზიდულობის მეორე ცენტრის შექმნის მიზნით. მაგრამ სამიტზე პატრო პოროშენკო საერთოდ არ გამოჩენილა - იგი კიევთან ახლოს უკრაინის ეროვნული გვარდიის დაარსების მორიგ წლისთავს აღნიშნავდა. გუშინ „ნეზავისიმაია გაზეტას“ ერთ-ერთმა ექსპერტმა განუმარტა, რომ ასეთი მოქმედებით პეტრო პოროშენკომ იმის დემონტრირება მოახდინა, რომ იგი სამიტს სერიოზულ ღონისძიებად არ მიიჩნევს. უკრაინის მეთაურს იმედი არ აქვს, რომ დონალდ ტრამპი „სუამ“-ის რეანიმაციას მხარს დაუჭერს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში [აქვე შევნიშნავთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეტრო პოროშენკო სამიტის მონაწილეებს შეხვდა და მათთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა - მთარგმნ.].
სტატიის დასასრულს ავტორი წერს, რომ „სუამ“-ის სამიტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმება აამოქმედონ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებისა და პრინციპების შესაბამისად: „ჩვენ 2016 წელს მხოლოდ 2,9%-იანი ზრდა გვქონდა, რაც ჩვენს პოტენციალს სრულად არ ასახავს“, - განაცხადა ვლადიმირ გროისმანმა. ამ მიზნით მხარეებმა გააფორმეს ორი ოქმი, რომელთაგან ერთი სამუშაო ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, მოქმედების კოორდინირების მიზნით, მეორე კი - „სუამ“-ის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ ცალკეული პროცედურების აღიარების თაობაზე, რომლებიც საზღვრებზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადადგილებას ეხება.
http://www.ng.ru/cis/2017-03-28/6_6959_ukraina.html
