დენიელ ნიქსონი: რა სიგნალები იქნება ტრამპის ადმინისტრაციისგან საგარეო კუთხით, ამას საქართველოს მსგავსად ბევრი სხვა ქვეყანაც ელოდება
დენიელ ნიქსონი: რა სიგნალები იქნება ტრამპის ადმინისტრაციისგან საგარეო კუთხით, ამას საქართველოს მსგავსად ბევრი სხვა ქვეყანაც ელოდება
11:20 27.03.2017
რამდენად რეალურია ამერიკა-რუსეთს შორის ახალი გადატვირთვის პოლიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს? ამერიკელი ანალიტიკოსები, რომლებიც კოლუმბიის უნივერსიტეტის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ერთობლივ სემინარზე შეიკრიბნენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დათბობას ან დათმობას არ ელოდებიან. ცნობილია, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ადრეულ წლებში მსგავსი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ექსპერტები ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად 2008 წლის აგვისტოში [მომხდარ საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტს] და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ.

„გინდათ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება? ეს მარტივია, მიეცით მას მთლიანი გავლენა რეგიონში, რათა გააკეთოს რაც უნდა - საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში და შეიძლება მოსკოვს მადა გაეზარდოს და ბალსტიისპირეთიც მოუნდეს. ამ შემთხვევაში ჩვენს შორის არჩვეულებრივი ურთიერთობა დამყარდება. აღარ დაგვჭირდება არანაირი გადატვირთვა. მაგრამ თუ არ მისცემ ამის საშუალებას, იქნება დაძაბულობა, მუდმივად გააკრიტიკებ მას და ვერ დალაგდება ურთიერთობა. ამას გინდა ცივი ომი დაარქვით, გინდა ცხელი. ამერიკა-რუსეთს შორის მთავარი პრობლემა არის ინტერესები და ფუნდამენტურ საკითხებზე შეჯახება. თუ მოხდება ამის აღიარება, რომ ჩვენ ფუნდამენტურ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით მაშინ რაღაცის შეცვლასაც უნდა ველოდოთ. თუმცა მე საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი" - ასეთი პროგნოზი პოლიტიკურ სემინარზე პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ კოტკინმა გააკეთა.
ამერიკა-რუსეთს შორის გადარტვირთვის პოლიტიკის მცდელობა ცივი ომის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტს ჰქონდა. ისტორიამ შემოინახა ფოტოები, სადაც რონალდ რეიგანი და მიხეილ გორბაჩოვი, ჯორჯ ბუში უფროსი და ბორის ელცინი, შემდეგ კლინტონი და ელცინი, პუტინი და უმცროსი ბუში, პუტინი და ობამა ორმხრივი შეხვედრების შემდეგ მეგობრულად იღიმიან. მორიგი ფოტოს მოლოდინში კი ექსპერტები ანალიზს წარსულს უკეთებენ. მათი შეფასებით, ყველაზე რთული რეალობა და ურთიერთობების რადიკალურად გართულება ბორის ელცინის შემდგომი პერიოდიდან იწყება. პიკი 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთს შორის განვითარებული მოვლენებია.
აგვისტოს ომი, ამერიკელი ექსპერტების აზრით, არის მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგებას მომავალშიც ხელს შეუშლის.
დენიელ ნექსონი პენტაგონში რუსეთ-ამერიკის გადატვირთვის სამხედრო საკითხებზე მაშინ მუშაობდა, როდესაც სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამ ინიციატივის შესახებ განაცხადა.
დენიელ ნექსონი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ამერიკაში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. მაშინ ბარაკ ობამა გამოვიდა და ზომიერი განცხადება გააკეთა, ორივე მხარეს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ამას მოჰყვა მკაცრი კრიტიკა, რადგან მან გამოკვეთილად მხარი არ დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას, რასაც შემდგომ მეორე განცხადება მოჰყვა, რომელშიც იგი რუსეთს აკრიტიკებდა და საქართველოს მხარდჭერას უცხადებდა. ეს მოვლენები ისედაც ძალიან რთულ საარჩევნო პროცესებს დაემთხვა შეერთებულ შტატებში, რომლის დროსაც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ მაკკეინი იყო. საპრეზიდენტო კანდიდატების დამოკიდებულებამ ამ მოვლენის მიმართ ამერიკის უსაფრთხოების ინტერესები გამოკვეთა. საინტერესო იყო გავლენა თავად კამპანიაზეც. როდესაც ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია და შეუძლებელია მისი ნდობა და მოლაპარაკება, საინტერესო იყო, რას იტყოდა ბარაკ ობამა. მის შტაბში იყვნენ საქართველოს ინტერესების დამცველები, იყო ორაზროვანი შეხედულებებიც, რუსეთთან ურთიერთობის ესკალაციასაც ერიდებოდნენ. ამან გავლენა შემდგომ თვეებზეც იქონია. რა თქმა უნდა, ბარაკ ობამამ მოიგო არჩევნები. მალევე ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა გახდა, რაც როგორც ცნობილია, უშედეგოდ დასრულდა.
იუვალ ვებერს კარნეგის მოსკოვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება აქვს. მან რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, თუ რატომ აღარ უნდა ჩაითვალოს რუსეთი, მისი სურვილის მიუხედავად, დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყნად. იგი თვლის, რომ პუტინის რუსეთი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გავლენას კარგავს. ერთ-ერთ მაგალითად მას მოჰყავს უკრაინის ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მცდელობა, რაც რუსეთის მორიგი მიზანი საქართველოსთან აგვისტოში საომარი მოქმედებების შემდეგ გახდა.
„რუსეთის მიზანი იყო, უკრაინა რომელსაც ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, ევრაზიულ კავშირში შეეყვანა. ორგანიზაცია, რომელიც პუტინის აზრით იქნებოდა ევროკავშირის ვერსია, რომელიც იქნებოდა ეკონომიკური და უსაფრთხოების ბლოკი რეგიონში. ევრაზიულ კავშირში ცენტრალური ქვეყანა უკრაინა უნდა ყოფილიყო. უკრაინის გარეშე ევრაზიის კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და სხვა პატარა ქვეყნები დარჩნენ. რუსეთმა უკრაინის დამორჩილება ვერ მოახერხა და ამიტომ ვერც რეგიონს აკონტროლებს. ძლევამოსილი ქვეყანა რომ იყოს, რუსეთს რეგიონზე სრული გავლენა უნდა ჰქონდეს“, - ამბობს იუვალ ვებერი.
რამდენად რეალურია კვლავ გაგრძელდეს ნატოს გაფართოება და ამ ჭრილში საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის გაგრძელება. ამერიკის ხმას ამ კითხვაზე დენიელ ნექსონმა უპასუხა.
დენიელ ნექსონი: იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხში საქართველოს მუდმივად აქვს ამერიკის მხარდაჭერა, ორგანიზაციაში მაინც არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს წევრობა ძალიან სარისკო იქნება. რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ზოგადად საქართველოს მხარდამჭერებად ითვლებიან და უსაფრთხოების საკითხებში მოსალოდნელია, რომ ასეც გაგრძელდეს. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციისგან რა ახალი იდეები იქნება საგარეო კუთხით, ამ სიგნალებს საქართველოს მსგავსად კიდევ ბევრი სხვა ქვეყანაც ელოდება.


ბეჭდვა