ოფიციალური თბილისი ამ დრომდე არ ადასტურებს ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში ერთი
ერთეული - რუსული წარმოების გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსს - IGLA-ს უკანონო შეტანის შესახებ. ეს ცნობა სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა 22 მარტს გაავრცელა და ფაქტზე სომხეთის სამი მოქალაქე, მათ შორის ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის ექს-თავდაცვის „მინისტრი“, გენერალ-ლეიტენანტი სამველ ბაბაიანი დააკავა. სომხური გაზეთის „აიკაკან ჟამანაკის“ მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია აუდიომტკიცებულებები, რომ სამველ ბაბაიანი IGLA-ს გამოყენებას, სამთავრობო ვერტმფრენის წინააღმდეგ გეგმავდა და მისი სამიზნე სომხეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც შეიძლება ყოფილიყო.
გენერალი სამველ ბაბაიანი 2000 წელს ყარაბაღის მაშინდელ „პრეზიდენტ“ არკადი გუკასიანზე შეიარაღებული თავდასხმის შეკვეთის გამო უკვე იყო გასამართლებული. მაშინ მას 14 წელი მიუსაჯეს, თუმცა ციხე შეწყალების საფუძველზე, 4 წლისა და 5 თვის შემდეგ დატოვა და მალე საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. რუსეთიდან ერევანში სამველ ბაბაიანი 2016 წლის მაისში დაბრუნდა. თავად სამველ ბაბაიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მომხდარს, წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დაშინების მცდელობად აფასებს.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ორ აპრილს არის დანიშნული, დაკავებული სამველ ბაბაიანი კი ოპოზიციურ ალიანს „ოგანიან-რაფი-ოსკანიანს“ წარმოადგენს. ამ ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, სომხეთის თავდაცვის ექს-მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოგანიანი ამბობს: „სამველ ბაბაიანი ჩვენი მებრძოლი და იდეური მეგობარია, თავისი მოღვაწეობის დროს მან საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად მოგვიტანა გამარჯვება არცახის ომში, რისთვისაც ხალხმა მას „არცახის გმირის“ წოდება მიანიჭა. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ მის უფლებებს და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას შეკერილი ბრალდებით საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს დაკავება ჩვენი ბლოკის დასასუსტებლად განხორციელდა“.
სომეხი პოლიტიკური ექსპერტების აზრით, სამველ ბაბაიანის დაკავებაში ცალსახად პოლიტიკური კონტექსტია, რადგან მმართველი სომხეთის რესპუბლიკური პარტიისთვის, 2 აპრილის არჩევნების წინ, „ოგანიან-რაფი-ოსკანიანის“ ბლოკი დიდ თავისტკივილად იქცა.
ოპოზიციური ალიანსის დევიზია - „მემკვიდრეობა, ერთობა, გამარჯვება!“. ბლოკის უდაო ლიდერი გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოგანიანი 2016 წლის ოქტომბრამდე პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის უახლოესი მოკავშირე იყო. ისიც ყარაბაღის ომის აქტიური მონაწილეა, სადაც ცალი ფეხი დაკარგა. მასაც მინიჭებული აქვს „არცახის გმირის“ წოდება. იყო ყარაბაღის არმიის „შტაბის უფროსი“ და „თავდაცვის მინისტრი“, შემდეგ სომხეთის არმიის გენშტაბის უფროსი. 2008-2016 წლებში კი სომხეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.
ბლოკის მეორე ლიდერი ამერიკაში დაბადებული რაფი ოვანისიანია, დამოუკიდებელი სომხეთის პირველი საგარეო მინისტრი (1991-92). 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ხმების 36,7% დააგროვა და მხოლოდ გამარჯვებულ სერჟ სარქისიანს (58,6%) ჩამორჩა.
ალიანსის მესამე ლიდერი, სირიაში დაბადებული ვარდან ოსკანიანი 10 წლის მანძილზე, 1998-2008 წლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა
სომხური ანალიტიკური ცენტრის „მოდუს ვივენდის“ ხელმძღვანელი არა პაპიანი ამბობს, რომ IGLA-ს „კონტრაბანდაზე“ სამველ ბაბაიანის დაკავებით, ოპოზიციურ ბლოკს „ოგანიან-რაფი-ოსკანიანს“ საარჩევნო ხმები, შეიძლება, როგორც მოემატოს, ისე მოაკლდეს:
„ლოგიკა გვკარნახობს, რომ არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი IGLA-ს საქართველოს ტერიტორიის გავლით არ შემოიტანდა და ამაზე არ ჩავარდებოდა. სომხეთში უამრავია ეს იარაღი, იგივე ყარაბაღში გაცილებით ადვილია IGLA-ს ყიდვა, ვიდრე საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას სურს არჩევნების პერიოდში იზოლაციაში ამყოფოს სამველ ბაბაიანი. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის საზოგადოების ინტერესს „ოგანიან-რაფი-ოსკანიანის“ საარჩევნო ბლოკის მიმართ, თუმცა, ამავე დროს, ბლოკს პრობლემასაც შეუქმნის, ელექტორატში შიშის ატმოსფეროს დანერგვის გამო“.
სომხეთის მომავალ არჩევნებში ასევე მონაწილეობენ: ეროვნული კონგრესისა და სახალხო პარტიის ბლოკი (მას სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობს), ნაციონალისტური პარტია „დაშნაკცუთიუნი“ (რომელიც 1890 წელს ტიფლისში დაარსდა); ცენტრისტული პარტია „ორინაც ერკირი“ („სომხეთის აღორძინება“, რომელსაც პარლამენტის ექს-სპიკერი არტურ ბაღდასარიანი ლიდერობს); ბლოკი „ელკ“-ი („გამოსავალი“), „თავისუფალი დემოკრატები“, კომუნისტები და სომეხი ოლიგარქის გაგიკ ცარუკიანის საარჩევნო ბლოკი.
2015 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სომხეთი ორი აპრილის შემდეგ მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის. პირველად მეზობელი ქვეყნის ისტორიაში, არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, პარტიებისთვის ბარიერი - 5, ხოლო ბლოკებისთვის - 7%-ით არის განსაზღვრული. ახალ პარლამენტში, როგორც მინიმუმ - 101 დეპუტატი უნდა იქნას არჩეული, თუ რომელიმე პარტია გარანტირებულ უმრავლესობას ანუ ხმების 54%-ზე მეტს დააგროვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც უკვე პირველ ტურში, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები იბრძოლებენ. გამარჯვებული პარტია პრემიერ-მინისტრად საკუთარ კანდიდატურას მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს წარუდგენს, 2018 წელს კი პრეზიდენტის შემცვლელს უკვე ახალი პარლამენტი აირჩევს.
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-armenia-igla-case-and-lt-gen-babayans-arrest/3780115.html
