გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მორიგი, 21 მარტის შეხვედრა პირველი
შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის მიმართულებით ოთხი გამშვები პუნქტი დაიხურა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი იყო ე.წ. საზღვრის „უკანონო“ გადაკვეთის ფაქტებზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, „გამშვები პუნქტების“ დახურვისა და სხვა თემებზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე, რომელიც IPRM–ის შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს:
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რამაც შესაძლოა, პოტენციურად, საფრთხე შეუქმნას მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ცალკე საკითხად განვიხილეთ 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ამ მხრივ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მოხდეს მკვლელობაში ბრალდებული პირის რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება. ჩვენი ყურადღება გამახვილდა ასევე ზაზა წულუკიას საკითხთან დაკავშირებით. დე–ფაქტო სოხუმის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ ეს პიროვნება არის გარდაცვლილი. მიზეზად კი დასახელდა თვითმკვლელობა. მისი ცხედარი დაკრძალულია სოხუმის ტერიტორიაზე. ჩვენი მხრიდან საკითხი განხილული იქნა იმ კონტექსტში, რომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ცხედრის გადმოსვენება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ მხრივ არსებობს კონსენსუსი. მექნიზმი მარტივია. შესაძლებელია, ოჯახის ჩართულობით,ეს პროცესი განხორციელდეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. ასევე ვისაუბრეთ, ზოგადად, საოკუპაციო ზოლზე თავისუფალი გადაადგილების შეფერხების საკითხზე, კვლავაც შევეხეთ ადგილზე არსებულ პრობლემებს, რაც უკავშირდება მცირეწლოვანი მოსწავლეების თავისუფალ გადაადგილებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის შეთანხმებები, რაც არსებობდა და დაფიქსირდა წინა შეხვედრებზე, იქნება დაცული სამომავლოდ. მუშაობა ამ კუთხით კვლავაც გაგრძელდება.“
„ამერიკის ხმა“ ზუგდიდში დაფუძნებულ ორგანიზაცია „იმედის“ წარმომადგენელს ქრისტინა კილანავას ესაუბრა. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების დიდი მოლოდინია და ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს ამ ამბავს. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ ქორწილში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ცეკვის ამსახველი კადრები გავრცელდა. რთულია ითქვას, კონკრეტულად როდინდელი ფაქტია კადრებში დაფიქსირებული, თუმცა ის ცალსახად გამაღიზიანებლად მოქმედებს გარდაცვლილის ოჯახსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე.
„ეს ხომ საშინელებაა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი ასე თავისუფლად დადის. ეს ხომ სასიამოვნო არ არის. ის უნდა დაისაჯოს. სიკვდილით დასჯაზე არაა საუბარი, უბრალოდ უნდა დაისაჯოს ამ დანაშაულის გამო“, - ამბობს ქრისტინა კილანავა.
„ამერიკის ხმა“-სთან საუბრისას „იმედის“ წარმომადგენელი აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვის თაობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გალის სოფლების მოსახლეობისთვის მდგომარეობა გართულდა, რადგან მათ ამ დრომდე თუ ქართული საბუთებით შეეძლოთ ე.წ.საზღვრის გადაკვეთა, ახლა ეს შეუძლებელია. ერთადერთი გადასასვლელი ამჟამად ენგურის ხიდზე ფუნქციონირებს და მისი გადაკვეთა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ხელთ გაქვს აფხაზური ან რუსული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გალის სოფლების მოსახლეობა კი ასეთ დოკუმენტაციას არ ფლობს, ისინი აქამდე ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით სარგებლობდნენ.
„ძალიან ცუდი ფაქტია საზღვრის ჩაკეტვა, ამან ძალიან დააზარალა მოსახლეობა. სოფლებიდან ბევრი გადადიოდა, ახლა კი ეს შეუძლებელია. ფინანსური თვალსაზრისით, დროის თვალსაზრისით, ეს დიდი პრობლემაა. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ საკითხზე შეხვედრა გამართა და იქ გამოითქვა მოსაზრება, იქნებ გადაისინჯოს ეს გადაწყვეტილება აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების შემდგომ, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს, არა მგონია გადაისინჯოს. ისინი ერთხელ რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ, შემდეგ მას არ ცვლიან. ჩვენ გვყავს ბენეფიციარები, ვინც კვეთდა საზღვარს და ვიცით, რა სერიოზული პრობლემებიც შეექმნათ ახლა. იცით, რა მიზეზია კიდევ? დოკუმენტაცია არ აქვს წესრიგში ძალიან ბევრს, რასაც მესაზღვრეები ითხოვენ. ენგურის ხიდი რომ გადალახო, აფხაზური სრული დოკუმენტაციაა საჭირო, რაც გალის სოფლების მაცხოვრებლებს არ აქვთ“.
„ამერიკის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ინტერპოლმა რაშიდ კანჯი-ოღლიზე ძიება წითელი ცირკულარით დაიწყო. ჩვენს კითხვაზე იმის შესახებ, ძებნილი თუ დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება და მისი კონკრეტული ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება, აქვს თუ არა რუსეთს მისი დაკავების ვალდებულება იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სწორედ რუსეთი ახორციელებს ეფექტიან კონტროლს აფხაზეთზე და ამდენად რუსეთი არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩადენილი კანონდარღვევების თაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ეს უკვე ის დეტალებია, რაზეც პასუხებს ვერ გაგვცემენ.
http://www.amerikiskhma.com/a/negotiations-in-gali-region/3775821.html
