„ng.ru“ (რუსეთი): ცხინვალში ვითარება საშიშ დონეზე მწვავდება
„ng.ru“ (რუსეთი): ცხინვალში ვითარება საშიშ დონეზე მწვავდება
11:05 22.03.2017
რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია „ნაწილობრივაღიარებულ“ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ შექმნილი ვითარება ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით: ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა და ვლადიმირ პუტინს შეხვდა, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებთან და რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებული მომენტები“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - იური როქსი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის რეზიუმეს:

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ცხინვალში შექმნილ რთულ სიტუაციაზე, რომელიც სწორედ პრეზიდენტის არჩევნებს უკავშირდება. დღეისათვის ადგილობრივმა ცესკომ პრეზიდენტობის სამი კანდიდატი დაარეგისტრირა - მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („კაგებე“-ს) თანამშრომელი ალან გაგლოევი. რეგისტრირებაზე უარი ეთქვა რამდენიმე პირს, მათ შორის ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს, რომელიც, შეიძლება ითქვას, თავის მიერვე „დაგებულ ხაფანგში მოხვდა“: რამდენიმე წლის წინათ, პრეზიდენტობის პერიოდში, სწორედ ედუარდ კოკოითმა მიიღო კანონი (კონკურენტების ჩამოსაშორებლად), რომლის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდესო. ჰოდა, ახლა ამ კანონის ძალა მასზეც გავრცელდა: კომისიამ დაადგინა, რომ ედუარდ კოკოითი ბოლო 10 წლის მანძილზე სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა და ამიტომაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვსო.

რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას ედუარდი და მისი მომხრეები არ დაეთანხმნენ და ცხინვალში პერმანენტული მიტინგი გამართეს. ედუარდს არც დამატებითმა დოკუმენტებმა არ უშველა, მას კვლავ გაუმეორეს - ხომ გითხარით, რომ აქ არ ცხოვრობდი და გაჩერდი, გეყოფა საჩივრების წერაო. თავის მხრივ, ედუარდ კოკოითმა ცესკო, „კაგებე“, შსს და კანონდარღვევაში დაადანაშაულა... მოკლედ, ცხინვალში სიტუაცია დაიძაბა. მიტინგთან ახლოს „ომონი“ ათენებს და აღამებს...

ცხადია, „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასაც“ არ სძინავს და შესაბამის საპასუხო სვლებს აკეთებს: ჯერ ერთი, რომ ლეონიდ თიბილოვის მომხრეებმა ანტიკოკოითური მიტინგი ჩაატარეს (თუმცა ამბობენ, რომ მისი მონაწილეები სპეციალურად ჩამოიყვანეს რაიონებიდანო), მეორე - ექს-პრეზიდენტს „ზურგში დანა ჩასცეს“: ედუარდმა სასამართლოში მიწვევის შეტყობინება მიიღო, მოწმის სახით: განიხილება მისი ძმის სისხლის სამართლის საქმე საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის თაობაზე, რომელიც ათი წლით ციხეში ყოფნით ისჯება.

სტატიის ავტორი ესაუბრება სამხრეთ ოსეთის ყოფილ „ელჩს“ რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევს, რომლის თქმით, სიტუაცია მართლაც დაძაბული და არასტაბილურია, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მათი კანდიდატია პრეზიდენტობის ღირსი: ლეონიდ თიბილოვის მომხრეები აცხადებენ, რომ მისი პრეზიდენტობის დროს შეწყდა ფინანსური სკანდალები, თანდათან უმჯობესდება სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია... ედუარდ კოკოითის მხარდამჭერები კი საწინააღმდეგო სურათს ხატავენ: კორუფცია ჰყვავის, თანამდებობებზე პრეზიდენტის ნათესავები სხედან, ეკონომიკა საერთოდ არ არსებობს, ტოტალური უმუშევრობაა...

დიმიტრი მედოევის თქმით, ჩატარებული გამოკითხვების სედეგად ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს, თუმცა იმის თქმა, რომ იგი გაიმარჯვებს, ძნელია - რუსეთში და აფხაზეთში ბევრი ოსი ცხოვრობს და არავინ იცის, მისცემენ თუ არა ხმას ისინი პარლამენტის სპიკერს.

რაც შეეხება რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთის სახელწოდების თაობაზე („სამხრეთ ოსეთი - ალანეთი“), დიმიტრი მედოევი აღნიშნავს, რომ გარანტირებული არც ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არ არის. „ამ საკითხზე ლეონიდ თიბილოვმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო იმ მიზნით, რომ არცევნებში ბევრ ხმებს მიიღებს, თუმცა მან თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო საზოგადოების გახლეჩვას“, - ამბობს დიმიტრი მედოევი „ნეზავისიმაია გაზეტა“-სთან საუბარში.

„სამხრეთ ოსეთში დღეს შექმნილი სიტუაცია 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში არსებულ ვითარებას მოგვაგონებს, როცა მდგომარეობა მოსკოვის „უხეში ჩარევით“ მოგვარდა: მართალია, „ნაჯახური მოქმედებით“, მაგრამ რესპუბლიკა კატასტროფას ასცილდა. როგორც სტატიის ავტორს ცხინვალში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ამომრჩეველმა განუცხადა, „ახლაც ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში დახმარების მიღების მიზნით იყო წასული, რადგან ედუარდ კოკოითის გაჩერება აქაური „მშვიდობიანი ფორმატით“ ვერ მოხერხდება. თიბილოვს პუტინის იმედი აქვს, ტყუილად კი არაა მოფენილი ცხინვალის ქუჩები მათი ერთად გადაღებული ფოტოსურათებით“.

სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ მოსკოვის ყურადღებას არ იქცევს, ცხინვალის მდგომარეობას თბილისიც აკვირდება. ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარები არ გამოქვეყნებულა, გამოთქმული შენიშვნები კი იმდენად არჩევნებს არ ეხება, რამდენადაც თარიღს: 9 აპრილს საქართველოში 1989 წლის მიტინგის დარბევის სამგლოვიარო წლისთავი აღინიშნება. ადგილობრივ საექსპერტო წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ცხინვალში არჩევნები 9 აპრილისათვის სწორედ ქართველების ჯიბრზე დაინიშნა. „ეს ყველაფერი ცხინვალის რეჟიმისა და მათი მფარველების გრიმასებია და იმას მოწმობს, რომ ისინი კავკასიურ ტრადიციებს პატივს არ სცემენ“. რაც შეეხება მეორე საკითხს - რეფერენდუმს სახლწოდების გადარქმევის თაობაზე, თბილისში ლაკონურად პასუხობენ: „ალანეთი საქართველოში არასოდეს ყოფილა, არ არის და არც იქნება“.

თუმცა, როგორც დიმიტრი მედოევი ამბობს, ამ შემთხვევაში თარიღი საქართველოს არ უკავშირდება: „ამჟამინდელი არჩევნები ბოლო არჩევნებიდან დროის ჩვეულებრივი ათვლით დაინიშნა. ჩვენ უკვე მეოთხედი საუკუნეა თბილისის განცხადებებს და ნათქვამს ყურადღებას აღარ ვაქცევთ, ჩვენ ქართველების პოზიცია ნაკლებად გვაღელვებს“. როგორც ჩანს, ყოფილი ელჩი მართალია: ცხინვალელებს საზოგადოებაში კონფრონტაციის გამწვავება უფრო აღელვებთ, ვიდრე თბილისის მიერ გამოხატული პოზიცია.


http://www.ng.ru/cis/2017-03-22/7_6954_chinval.html


ბეჭდვა