«izvestia»(რუსეთი): თურქეთის პოზიცია შეიძლება ყველაზე უარყოფითად ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე აისახოს
«izvestia»(რუსეთი): თურქეთის პოზიცია შეიძლება ყველაზე უარყოფითად ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე აისახოს
13:50 21.03.2017
რუსული გამოცემა „Известия“ თანამედროვე თურქეთის პოლიტიკაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში, ჟურნალისტ დიმიტრი ლარუს სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოსთან დაკავშირებითაცაა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას ქართულ ენაზე:


თურქეთმა ნატოსა და ავსტრიის თანამშრომლობის პროგრამა დაბლოკა. როგორც „იზვესტიის“ კორესპონდენტს ჩრდილოატალანტიკური ალიანსის პრესმდივანმა განუცხადა, ანკარის ნაბიჯმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის ურთიერთობაზე ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან. ცნობილია, რომ ნატოს გადაწყვეტილებები იმ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან, საერთო თანხმობით მიიღება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთს ნატოს სხვა წევრებთან პოლიტიკური უთანხმოება აქვს, არაა გამორიცხული, რომ ანკარამ სხვა გადაწყვეტილებებიც დაბლოკოს, ან უფრო მკაცრი ზომები განახორციელოს. თურქეთის მოქმედებით ნატო რისკავს ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, როცა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა შეიძლება გაიყინოს.

ანკარამ ავსტრიასთან თანამშრომლობის პროგრამა ვენის არაერთი განცხადების გამო დაბლოკა: ავსტრია მიიჩნევს, რომ ბრიუსელმა ანკარასთან მოლაპარაკება უნდა შეწყვიტოს, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების ღირსი არ არის. გარდა ამისა, ოფიციალურმა ვენამ ავსტრიის ტერიტორიაზე მცხოვრებ თურქთა მიტინგებიც აკრძალა.

როგორც ავსტრიის მთავრობა აცხადებს, თურქეთის ნაბიჯი არანაირ გავლენას არ მოახდენს ამჟამად მოქმედ ნატოს პროგრამებზე, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება ალიანსთან თანამშრომლობა გართულდეს.

„თურქეთი პრეზიდენტის ხელისუფლების განმტკიცებას ცდილობს, რაც ევროპელების კრიტიკას იწვევს. გარდა ამისა, ანკარას გადასაწყვეტი აქვს ქურთების და „დაიშ“-ის („ისლამური სახელმწიფოს“) პრობლემა. არაა გამორიცხული, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად თურქეთი ნატოს წევრებს შანტაჟს დაუწყებს, ან ალიანსის გარეთ მოკავშირეების ძებნას შეეცდება“, - უთხრა „იზვესტიის“ კორესპონდენტს სლოვაკელმა ანალიტიკოსმა მიხეილ ანდრეიჩიკმა.

თურქეთის პოზიცია შეიძლება ყველაზე უარყოფითად ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე აისახოს, რადგანაც ცნობილია, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ბლოკში გაწევრიანება სურს. გავიხსენოთ, რომ საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამას წინათ განაცხადა, რომ თბილისმა ნატოს შავ ზღვაზე სანაპირო დაცვის ბაზის შექმნა შესთავაზა.

„თურქეთს შეუძლია ასევე დაბლოკოს ნატო-საქართველოს თანამშრომლობაც, - ამბობს „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიტოლოგი აჯარ ქურთოვი, - ჯერ-ჯერობით თბილისი ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ანკარას საკმარისი ბერკეტები აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად, ორმხრივი ურთიერთობის კონტექტსში. თურქებმა კარგად იციან, რომ ნატოს სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება, ანკარა კი ბოლო დროს მოსკოვთან დამოკიდებულებას აუმჯობესებს“.

თურქეთს ამჟამად „ნაწყენის ქვეყნის“ პოზა უკავია და ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ნატოს სხვა წევრებზე, თუმცა ამ თვალსაზრისით ანკარის შესაძლებლობები შეზღუდულია - მას მხოლოდ შეუძლია უარი თქვას ცალკეულ პროექტებში მონაწილეობაზე. სამაგიეროდ, თურქეთს შეუძლია დაბლოკოს ალიანსის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან.

„თურქეთმა შეიძლება ნატოს სხვა წევრების „შანტაჟი“ დაიწყოს, მაგრამ, სავარაუდოდ, ანკარის კონფლიქტი ევროპის ქვეყნებთან, ალბათ, დროებითია, რომელიც პრინციპულ ხასიათს არ ატარებს“, - თვლის რუსი სამხედრო ექსპერტი ვიქტორ ლიტოვკინი.

თურქეთის ურთიერთობა გერმანიასთან და ნიდერლანდებთან სერიოზულად გამწვავდა ბოლო დროს, როცა ამ ქვეყნების მთავრობებმა თავიანთ ტერიტორიაზე თურქების მიტინგები აკრძალეს, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. რეფერენდუმი 16 აპრილს უნდა ჩატარდეს, თურქეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, რომელიც საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას ითვალისწინებს.

გამორიცხული არაა, რომ თურქეთის დაპირისპირება ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან ანკარის საგარეოპოლიტიკური კურსის ცვლილების დასაწყისი გახდეს. თურქი პოლიტიკოსები მწვავედ აღიქვამენ დასავლეთევროპული ქვეყნების არამეგობრულ ჟესტებს. დასავლეთი რისკავს დაკარგოს ისეთი მოკავშირე თურქეთის სახით, რომელსაც შემდგომ შეუძლია ხელი შეუშალოს ნატოს დაახლოებას სხვა ქვეყნებთან. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: თურქეთის ამასწინანდელი განცხადება რუსული უახლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ს-400“-ის შეძენის სურვილის თაობაზე იმის დემონსტრირებაა, რომ ანკარა მზადაა სამხედრო პარტნიორები ალიანსის გარეთაც ეძებოს.

http://izvestia.ru/news/671557


ბეჭდვა