გავლენიან გერმანულ გამოცემა «Süddeutsche Zeitung»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ყირიმის რუსეთის
შემადგენლობაში შესვლის პოლიტიკური შედეგები ბოლო სამი წლის განმავლობაში, ნაჩვენებია უკრაინის, რუსეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ამ პრობლემასთან მიმართებით, აგრეთვე სავარაუდო პერსპექტივა, რომელიც ყირიმის პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს (ავტორი - ქეთრინ კალვაითი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის სამი წლისთავზე ტრადიციულად კიევი და მოსკოვი ერთმანეთს მწვავე განცხადებებით უმასპინძლდებიან, მაგრამ როგორი იქნება ოთხი წლისთავი, როცა რუსეთში, ანექსიის მორიგი იუბილეს ფონზე, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება? როგორც მოსკოვიდან იტყობინებიან, არჩევნების თარიღი შეიძლება სპეციალურად გადაიტანონ: ალბათ, ვლადიმირ პუტინი მეოთხედ იგრძნობს საყოველთაო სიყვარულს „ყირიმის დედა-სამშობლოში დაბრუნების გამო“, რაც მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის „ფეხებზე დაკიდებას“ და უკრაინის მორიგ დამცირებას ნიშნავს.
არადა, კიევსა და დასავლეთის რიგ დედაქალაქებში მშვენივრად აცნობიერებენ იმას, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დიდი ხნით შევიდა. ნახევარკუნძულის უკრაინისთვის დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამას ყველაზე ცხადად ის ფაქტი ადასტურებს, რომ არცერთი მოლაპარაკება უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების საკითხზე დღემდე არ გამართულა.
რაც შეეხება დონბასის საკითხს, ამის შესახებ მინსკის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გამორიცხული არაა, რომ შეხვედრები კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება - ისე, როგორც, ვთქვათ, წარუმატებელი მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის თაობაზე. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს ეგიდით. მოსკოვმა საქართველოს ორივე სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებელო სახელმწიფოებად“ აღიარა 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ. ამჟამად ისინი რუსეთის გავლენის სფეროში იმყოფებიან, დიპლომატიურად კი ამ სიტუაციას „გაყინულ კონფლიქტს“ უწოდებენ.
თავის მხრივ, „დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკებიც“ თანდათან ექცევიან რუსეთის გავლენის სფეროში. ბოლო პერიოდამდე დონბასში ჯერ კიდევ იყო დარჩენილი უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნიშნები, უკრაინული ცნობიერების ნაშთები, იყო კომუნიკაციების შესაძლებლობა, რომლებიც ნელ-ნელა ქრება, ზოგჯერ თვითონ კიევის [არასწორი] ნაბიჯების გამო, თუმცა უკრაინა იმედს არ კარგავს სიტუაციის პოლიტიკური გზებით მოგვარებაზე
ასევე შესამჩნევია ერთი მომენტიც: კიევში უკვე ბევრი ფიქრობს, რომ უმჯობესია შეეგუონ ტერიტორიულ დანაკარგებს, ვიდრე კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლონ ომში. თუმცა, რასაკვირველია, კარგი იქნება, თუ მინსკის მოლაპარაკების ალტერნატივა გაჩნდება. ამბობენ, რომ ასეთი ალტერნატივა თურმე მართლაც არსებობს, მაგრამ მის შესახებ ეუთოს შეხვედრებზე კი არ საუბრობენ, არამედ მოსკოვსა და კიევში, დახურულ კარს მიღმა.
http://www.sueddeutsche.de/politik/2.220/ukraine-auf-dauer-eingemeindet-ins-russische-reich-1.3426350
