«segodnya.ua» (უკრაინა):რა მოხდა და ვის აწყობს პროტესტები საქართველოში?
«segodnya.ua» (უკრაინა):რა მოხდა და ვის აწყობს პროტესტები საქართველოში?
10:12 14.03.2017
შაბათს, 11 მარტის საღამოს და კვირა ღამით საქართველოს ყველაზე გარეკლამირებულმა კურორტმა ისეთი პროტესტები და დარბევები გადაიტანა, რომელიც სანავსადგურო ქალაქს 2003 წლიდან აღარ უნახავს, როცა აჭარა ცენტრალური ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა. ამჟამინდელი დარბევის მიზეზი კი, ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ორი ადამიანის „უსაფუძვლო დაკავება“ გახდა - ისინი თურმე პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ“, - ასე იწყება უკრაინის გაზეთ „სეგოდნია“-ში გამოქვეყნებული სტატია (ავტორი - ირინა კოვალჩუკი), რომელშიც საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი ბათუმში მომხდარი ამბები.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

საინტერესოა, ვისი ხელი ურევია „ბათუმურ ბუნტში“? საიდან გაჩნდნენ დამრბევები? ამ კითხვაზე პასუხისათვის „სეგოდნიას“ კორესპონდენტმა ირინა კოვალჩუკმა ინტერნეტ-პორტალ Factcheck-ის მთავარ რედაქტორს დიმიტრი ავალიანს მიმართა: „რთულია იმის განსაზღვარა, თუ საიდან გაჩნდნენ დამრბევები. თავიდან ისე ჩანდა, რომ ეს თითქოსდა სტიქიური ამბოხი იყო, მაგრამ შემდეგ საიდანღაც გაჩნდნენ საეჭვო ვაჟბატონები, რომლებმაც პოლიციის მანქანების დაწვა და ქვების სროლა დაიწყეს. ჩვენთან არასდროს ასეთი რამ არ ყოფილა!. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ „რუსული კვალიც“ არსებობდეს - ძალიან ჰგავს ჰიბრიდული ომის წარმოების მათებურ ტექნოლოგიას“, - ამბობს რესპოდენტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ბათუმში ჩავიდა, მომხდარში „დესტრუქციული ძალები“ დაადანაშაულა, რომლებმაც ადამიანებს ვანდალიზმის აქტებისაკენ უბიძგეს. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ დასდო ბრალი: „როგორც არ უნდა ეცადნონ საქართველოს მტრები და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად განწყობილი ლიდერები, ჩვენს ქვეყანაში უწესრიგობებს ვერ დააბრუნებენ, ეს არასოდეს არ მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

არის მოსაზრება, რომ სტიქიური პროტესტით რამდენიმე ძალამ ისარგებლა, რომლებთაც საქართველოში სიტუაციის შეცვლა სურთ. თბილისმა გასულ კვირას ევროკავშირისაგან მნიშვნელოვანი ბონუსი მიიღო - ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის 28 მარტიდან: „პოლიციის პატრული ვალდებული იყო ჯარიმა გამოეწერა იმ მძღოლისთვის, რომელიც მთვრალი დაჯდა საჭესთან, მიუხედავად იმისა, რომ მან [იმ დღეს] ძმა დაკრძალა. ვინ დაიწყებს „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ჯარიმის გამო? არავინ. ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი [დესტრუქციულ ძალებს] პოლიტიკური მიზნებისთვის სურდათ გამოეყენებინათ“, - ამბობს „სეგოდნიას“ კორესპონდენტთან საუბარში მედიაჰოლდიგ The Georgian Times-ის დირექტორი მალხაზ გულაშვილი, - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დილის ოთხ საათზე გამოაცხადა, რომ მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს მსხვილ ქალაქებში ყველას მოუწოდა ანტისამთავრობო აქციების ჩატარებისაკენ. მე არ გამოვრიცხავ, რომ იყო მიზანი საერთაშორისო ვითარებით ესარგებლათ: პარასკევს მოსკოვში ვიზიტით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი იმყოფებოდა და იქ რუსეთ-თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განახლება დაიგეგმა. რუსეთიდან თურქეთში სახმელეთო გზა კი მხოლოდ აჭარაზე გადის“.

http://www.segodnya.ua/world/pogromy-v-batumi-chto-proizoshlo-i-komu-vygodny-protesty-v-gruzii-963621.html

ბეჭდვა