«Der Spiegel» (გერმანია): ბავშვი-პატარძლები საქართველოში სადაც გოგონებს წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს გათხოვება
«Der Spiegel» (გერმანია): ბავშვი-პატარძლები საქართველოში სადაც გოგონებს წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს გათხოვება
13:05 13.03.2017
პოპულარული გერმანული გამოცემა «Der Spiegel»-ი საქართველოში ნაადრევ ქორწინების ფაქტებს ანეტ ლანგერის ავტორობით, ვრცელ სტატიას უძღვნის.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას თავისუფალი თარგმანით:

ისინი თორმეტი წლის ასაკში თხოვდებიან, სკოლას ტოვებენ, სწავლას აღარ აგრძელებენ, ხდებიან დიასახლისები და სწრაფად ფეხმძიმდებიან. ქართველი ბავშვი-პატარძლების ბედი, რომელიც ბევრისთვის უცნობია, ფოტოგრაფმა დარო სულაკაურმა დოკუმენტურად დააფიქსირა.

საქართველოს დედაქალაქი თბილისი მიმზიდველი და არაჩვეულებრივი მეგაპოლისია, ქუჩებში ბევრ მხატვარს და მოსეირნე თავდაჯერებულ, ამაყ ქალბატონს შეხვდებით, მაგრამ როგორც კი ქალაქს გასცდებით - დასავლეთით, აღმოსავლეთით [თუ სამხრეთით], სრულიად სხვა სამყაროში მოხვდებით. შორეულ სოფლებში თორმეტი წლის გოგონები, რომლებიც ბავშვობის ასაკიდან ჯერ გამოსულან, მშობლებმა ნაადრევად გაათხოვეს და ახლა ბავშვებს უკვე საკუთარი ბავშვები ჰყავთ. გოგონებს ათხოვებენ იმ მამაკაცებზე, რომლებთაც ისინი მხოლოდ ერთი კვირა თუ იცნობენ, თუმცა ეს გარემოება საკურთხეველთან მისვლას ხელს არ უშლის.

ქართველმა ფოტოგრაფმა დარო სულაკაურმა შემთხვევით გაიგო ამბავი კახეთისა და აჭარის რეგიონებში მცირეწლოვანი პატარძლების შესახებ და მოისურვა საკუთარი თვალით ენახა იმ ტრადიციის ამსახველი ფაქტები, რომლებიც ჩვენთვის [ევროპელებისათვის] ესოდენ უცხოა. მან პირადად დააფიქსირა ზოგიერთი გოგონას ნაადრევი ქორწინება, რომელთაგან ბევრი აშკარად არ იყო გაბედნიერებული გათხოვებით.

„გოგონებს წარმოდგენა არ აქვთ, თუ რას ნიშნავს გათხოვება, ოჯახის შექმნა“, - ამბობს დარო სულაკაური, - „მათგან უმრავლესობას სკოლაში ამ საკითხზე არასდროს გაკვეთილი არ ჩატარებიათ, მათ არაფერი იციან სექსზე, კონტრაცეფციაზე და ფეხმძიმობაზე“. საქართველოს ჯანდაცვის ორგანოების მიერ 2010 წელს 15-18 წლის გოგონებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ინტიმური ცხოვრების საკითხებზე მეტ-ნაკლებად მხოლოდ სამ პროცენტს თუ ჰქონდა წარმოდგენა.

გარდა ამისა, ხშირია ოჯახური ზეწოლის ფაქტები [ქმრებისაგან], რომ ნაადრევად გათხოვილმა გოგონებმა შვილებიც ნაადრევად გააჩინონ. „ქორწინების შემდეგ ისინი, როგორც წესი, სკოლებში აღარ დადიან, სახლებში რჩებიან და სწრაფად ფეხმძიმდებიან. ამ დროიდან ისინი ფაქტიურად თავისუფლებას კარგავენ, რომლის დაბრუნება უკვე სეუძლებელია“, - ამბობს დარო სულაკაური.

არასრულწლოვანი გოგონების გათხოვება საქართველოში უფრო მეტად კულტურით, ტრადიციითაა განპირობებული, ვიდრე რელიგიურობით. ამასთან, ნაადრევი ქორწინებები მუსულმანებში შედარებით უფრო მეტია, ვიდრე ქრისტიან-მართლმადიდებელ მოსახლეობაში. ასეთი შემთხვევები უკავშირდება რეგიონებში მცხოვრებ ცალკეული ეთნიკური უმცირესობების ადათებს, მაგალითად, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელების წეს-ჩვეულებებს.

1990-იან წლებში საქართველოში საკმაოდ ხშირი იყო არასრულწლოვანი გოგონების (საპატარძლოების) გატაცების ფაქტები. ასეთ შემთხვევაში მშობლები ხშირად თანხმდებოდნენ მათ გათხოვებაზე, რადგანაც შვილების სახელისა და ღირსების დაცვა სურდათ. ამჟამად ქორწინების მიზნით გატაცებები იშვიათობაა, მაგრამ ბავშვი-პატარძლების პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება. იძულებით ქორწინებებებს ხშირად თან სდევს ოჯახური ძალადობები: ბევრმა დაზარალებულმა გოგონამ ქართული ენა არ იცის, ისინი სოციალურად იზოლირებულნი არიან, სკოლებში აღარ დადიან, დასაქმების არანაირი შანსი არ აქვთ, ანუ საკუთარ ცხოვრებას თავისუფლად ვერ მოიწყობენ.

გოგონები ამ თემაზე ვერ საუბრობენ, მათ ძალიან რცხვენიათ, ერიდებათ. მათ იციან, რომ ცხოვრების ამგვარი წესი არქაულია, რომ ეს კანონდარღვევაა, მაგრამ იმის შანსი, რომ ასეთ ცხოვრებას „გაექცე“, ძალიან მცირეა. „შეიძლება ცოლ-ქმრის გაყრა მოხდეს’, - ამბობს დარო სულაკაური, მაგრამ ასეტ სემთხვევაში გოგონებს ხომ მზრუნველი და მფარველი ჭირდებათ, ვიღაცა ხომ უნდა დაეხმაროს. მათ მშობლიურ სახლებში დაბრუნება არ უწერიათ, [მშობლები უკან აღარ მიიღებენ]“.


„კონტრპროექტი განათლებული ევროპისათვის“


„ეს თემა ხელისუფლებისათვის არასასიამოვნოა“, - ამბობს ფოტოგრაფი, - „ნაადრევი ქორწინებების ფაქტების გამჟღავნება საქართველოსთვის წამგებიანია - ქვეყნისათვის, რომელიც განათლებული ევროპისაკენ მიილტვის და რომლის მცხოვრებლები თავს ევროპელებად მიიჩნევენ. საქართველო შეუერთდა გაეროს კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის მოსპობის თაობაზე, აგრეთვე კონვენციას ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ, მაგრამ ამის პარალელურად ქალებისა და ბავშვების უფლებები მაინც ირღვევა.

„იუნისეფ“-ის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ქალების 14% სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე თხოვდება, თუმცა კანონით ქორწინების მინიმალურ ასაკად 18 წელი ითვლება. გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლოს ნებართვით, ქორწინება 16 წლის ასაკშიც შეიძლება. ერთობლივი ცხოვრება უფრო დაბალი ასაკში აკრძალულია და კანონით ისჯება - თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე, მაგრამ ეს თეორიულად. პრაქტიკულად კი ქვეყნის ბევრ რაიონში კანონის მოთხოვნა იგნორირებულია, ან არასაკმარისად რეალიზებული.

გაეროს გამოკვლევის მიხედვით, ამგვარი შემთხვევების დროს პოლიცია და საერთოდ, ხელისუფლების ორგანოები პასიურად მოქმედებენ და დანაშაულს არ აფიქსირებენ. გარდა ამისა, ბევრი ახალგაზრდა წყვილი შეუღლებას ეკლესიაში ან მეჩეთში აფიქსირებს, შემდეგ კი, როცა სრულწლოვან ასაკს მიაღწევენ, ოფიციალურად აფორმებენ ქორწინების რეგისტრაციას.

„როცა სამი წლის წინათ ასეთი ფაქტები პირველად გახდა ცნობილი, ამას სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი მოჰყვა - ამგვარი არქაული სამყაროს არსებობა ბევრისთვის უცხო ხილი იყო, მათ შორის ჩემთვისაც“, - ამბობს დარო სულაკაური, - „დისკუსიის დროს გამოიკვეთა დასკვნა: სოფლებში მცხოვრები გოგონების სწავლა-განათლების დონე ძალიან დაბალია და ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს“.

ახალგაზრდა ცოლები ფინანსურად თავიანთ ქმრებზე არიან დამოკიდებულნი. ასეთ სოციალურ მდგომარეობას თავისი შედეგები მოაქვს: 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში აზერბაიჯანელი ქალების (15-დან 19 წლის ასაკამდე) შობადობის დონემ 100 მცხოვრებზე 143 ბავშვს მიაღწია, ხოლო ქართველი ქალების შობადობამ - მხოლოდ 30 ბავშვი ყოველ 1000 მცხოვრებზე. გარდა ამისა, აბორტების რაოდენობა აზერბაიჯანელ ქალებში, ქართველ ქალებთან შედარებით, ორჯერ მეტია.
-----------
«Der Spiegel» - გერმანიის ყოველკვირეული საინფორმაციო-პოლიტიკური ჟურნალი, მკითხველთა ხუთმილიონიანი აუდიტორიით, დაარსებულია 1947 წელს. ტირაჟი - 1,1 მილიონი ეგზემპლარი.


http://www.spiegel.de/panorama/kinderbraeute-in-georgien-fotografin-daro-sulakauri-ueber-arrangierte-ehen-a-1136572.html

ბეჭდვა