„სომხები მორიგ ცუდ ამბავს დარდობენ - საქართველოს ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის
განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება, როგორც ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ალტერნატივა, გამორიცხულიაო. „პირველად მესმის. ეს ინფორმაცია არასწორია. მთავრობაში ეს კონკრეტული პროექტი არც განხილულა. ასე რომ, ეს სიცრუეა“, - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს“. სომხებისათვის ასეთი „ცუდი ამბით“ იწყება აზერბაიჯანის გაზეთ „ეხო“-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორია ჟურნალისტი ტოფიგა კასიმოვა - ნურანი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული სომხეთის პრემიერის კარენ კარაპეტიანის საქართველოში ვიზიტის მიზნები, რომელიც სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელ საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატივის მონახვას ითვალისწინებდა. სომეხ პრემიერს იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ტერიტორიებზე გამავალი კომუნიკაციების ამოქმედებაზე მოილაპარაკებდა, მით უმეტეს, რომ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის დროს ე.წ. „სავაჭრო დერეფნების“ შესახებ ხელშეკრულების რეალიზებაზე იყო საუბარი. სტატიის ავტორი ვრცლად მიმოიხილავს როგორც ქართულ პრესაში, ასევე უცხოურ მასმედიაში - გაზეთ „რეზონანსის“ და „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებულ მასალებს.
„ცეცხლზე ნავთი დაასხხა თვით პრემიერ-მინისტრის განცხადებამ - „თბილისში ყოფნის დროს მე ვიზიტის მთელი პროგრამა შევასრულეო“. კარენ კარაპეტიანმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ მან თავის ქართველ კოლეგასთან ზემო ლარსის მიმართულების ალტერნაყტივაზე მოილაპარაკა: „თუ თქვენ ის გაინტერესებთ, იქნება თუ არა ზემო ლარსის ალტერნატივა, მე გარწმუნებთ, რომ დიახ, იქნება!“, - ასე ამაყად და ოპტიმისტურად უთხრა ჟურნალისტებს სომეხმა პრემიერმა. კარენ კარაპეტიანის ასეთი პოზიტიურ-ემოციური განცხადების შემდეგ კახა კალაძის ნათქვამმა - რა ალტერნატივა, რის ალტერნატივა, ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრიაო - სომხებისათვის „ცივი შხაპის“ ეფექტი შეასრულა, - წერს სტატიის ავტორი.
პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამხრეთ კავკასიის იმ კომუნიკაციებზე საუბარს, რომლებსაც, სავარაუდოდ, სომხეთისა და რუსეთის დამაკავშირებლი გზის ფუნქციის სესრულება შეუძლიათ: ცხინვალზე გამავალ ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალს („ტრანსკამს“), ქართული რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს, მაგრამ სომხებისთვის სამწუხაროდ, არცერთი ეს მიმართულება, გასაგები მიზეზების გამო, არ ამოქმედდება. ასევე მიუწვდომელია სომხებისთვის თბილისი-ბაქო-მოსკოვის რკინიგზაც, რომელიც საბჭოთა პერიოდში წარმატებით მუშაობდა და ამ მარშრუტით ქართველები დღესაც მშვენივრად სარგებლობენ. ერევნისათვის რცება მხოლოდ ერთი „გასაძვრომი“ - საბორნე გადასასვლელი ფოთის პორტიდან რუსულ „კავკაზამდე“, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ბორნით სარგებლობა სომხებს ძალიან ძვირი უჯდებათ - მათი მოკავშირე რუსეთი ტარიფებს არ ამცირებს“.
მოკლედ, სომხური ექსპორტი კვლავ არასტაბილურად მოქმედი „ზემო ლარსის“ იმედად რჩება, ანუ საიმედოდაა შეზღუდული. და ამ შემთხვევაში, უკვე მერამდენედ, მიზანშეწონილია დავსვათ კითხვა - რა ალტერნატივა ჰქონდა მხედველობაში კარენ კარაპეტიანს? ეტყობა, მას ჰგონია, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე (რომელიც ორ აპრილს უნდა ჩატარდეს) თანამემამულეებს ოპტიმიზმი ჩაუნერგა. და საერთოდ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კარენ კარაპეტიანმა უკვე მოასწრო უთვალავი დაპირების გაცემა, მაშინ გამორიცხული არაა, რომ „შიდაპოლიტიკური ბუმერანგი“ შეიძლება მას არჩევნებამდე უკან დაუბრუნდეს. როგორც ამბობენ ხოლმე, „მისგან გამომდინარე ყველა შედეგით“.
http://ru.echo.az/?p=57284
