„რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ რუსული სამსახურის პროექტის „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ვადიმ
დუბნოვი სომეხ და ქართველ ექსპერტებს ესაუბრება თემაზე: „სატრანსპორტო დერეფნები სომხეთიდან რუსეთისაკენ, საქართველოს გავლით“. გადაცემაში მონაწილეობენ სომხეთის ფინანსთა ექს-მინისტრი ლევონ ბარხუდარიანი და საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ალექსანდრე თვალჭრელიძე.
რადიოეთერში საუბარი ძირითადად სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის საქართველოში ვიზიტს შეეხო. როგორც ცნობილია, სომხეთის პრემიერის თბილისში ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს ალტერნატიული გზების ძიება წარმოადგენდა: საქართველოს სამხედრო გზის ზემო ლარსის მონაკვეთის ხშირი პარალიზების გამო სომხეთის ტვირთების რუსეთში გადატანა (და პირიქით) ფერხდება და ამიტომ სომხური მხარე ზარალს განიცდის. შესაბამისად, ერევანი ეფექტურ ალტერნატიულ მარშრუტს ეძებს.
ლევონ ბარხუდარიანის თქმით, ჯერ-ჯერობით სომხეთში არავინ არაფერი იცის, თუ რაზე მოილაპარაკა კარენ კარაპეტიანმა თბილისში, რომელ ალტერნატიულ გზებზეა საუბარი - „ტრანსკამის“ ავტომაგისტრალზე (როკის გვირაბის გავლით) თუ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე. ამჟამად კი სომხეთი, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გარდა, შავი ზღვის ბორნებითაც სარგებლობს.
ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, საქართველოში დღეს ბევრი სატრანსპორტო პროექტი ხორციელდება, რომლებიც სასარგებლოა სომხეთისთვისაც, მიმდინარეობს გზების პროექტირება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს დარიალის ხეობაზე გამავალი საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ, ორ წელიწადში, ოთხზოლიანი იქნება, თანაც უღელტეხილის გარეშე: აშენდება 30-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის მეშვეობით ავტოტრანსპორტი მიწისქვეშ დაბრკოლების გარეშე იმოძრავებს პირდაპირ „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე, ანუ გზა წლის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს და მისი გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზრდება. მეორე - [რუსეთის მიმართულებით] კიდევ ერთი სატრანსპორტო განშტოება იქნება - მამისონის უღელტეხილისაკენ; მესამე - მკვეთრად მოიმატებს საზღვაო ბორნების რაოდენობა, რომლებიც სომხურ ტვირთებს მოემსახურებიან, ძირითადად ბათუმის ნავსადგურში. „რაც შეეხება როკის გვირაბით მიმოსვლას და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას, ამ პროექტებს არ ვენდობი, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გეოპოლიტიკური პრობლემების „დიდ გორგალთან“, - აღნიშნა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.
ვადიმ დუბნოვის შეკითხვაზე, რამდენად კრიტიკულია სომხეთისათვის საქართველოზე ტვირთების ტრანზიტი, ლევონ ბარხუდარიანი პასუხობს: „ამჟამად საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის ტვირთნაკადისა და საქონელთბრუნვის 75% ხორციელდება... პრობლემები ბევრია, თუმცა პრეტენზიები რუსულ მხარის მისამართითაც არის, რუსი მებაჟეებიც აყოვნებენ ავტომანქანების გადაადგილებას, დიდი რიგებია... არადა, ჩვენი ტვირთები ხომ ევრაზიული კავშირის მისამართით მიდის, აუცილებელია გაკრკვეული პრეფერენციების დაწესება“.
გადაცემის მსვლელობის დროს ექსპერტებმა ისაუბრეს ირან-სომხეთ-საქართველოს მიმართულებაზეც. აღინიშნა, რომ ირანიდან ბუნებრივი გაზის ექსპორტისა და მისი ტრანზიტის საკითხი ასევე ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. სომეხმა ექსპერტმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში არსებობს როგორც რუსეთ-ირანის შეუთანხმებლობის პრობლემა, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის პრობლემაც: ლევონ ბარხუდარიანი ირანული გაზის ტრანზიტის მიმართ არცთუ იმედიანადაა განწყობილი.
რაც შეეხება ალექსანდრე თვალჭრელიძეს, მან განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მონაწილეობა მიიღოს ყველა რეგიონულ წამოწყებაში, სომხეთთან პარტნიორობის ჩათვლით, „მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ სხვა მოთამაშეებიც - თურქეთი და აზერბაიჯანი. რეგიონული პროექტების რეალიზება მხოლოდ ყველა ქვეყნის კონსენსუსის შედეგად იქნება მიღწეული. ამიტომაც ძალიან მასშტაბურ პროექტებზე ლაპარაკი, [მათ შორის ირანული გაზის ექსპორტზეც], რომლებშიც ევროპა იქნება ჩართული, ჯერ-ჯერობით ნაადრევია“, - აღნიშნა მან.
http://www.ekhokavkaza.com/a/28341839.html
