"რუსეთი თანდათან გამოდის იმ ეიფორიიდან, რომელშიც იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის
შემდეგ. მოსკოვი ფხიზლდება და არსებულ რეალიზმს უბრუნდება“, - წერს გერმანული გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი ედუარდ შტაინერი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთში ვრცელდებოდა აზრი, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ბოლოსდაბოლოს, ანგარიშს გაუწევდა მოსკოვს და მას მსოფლიო არენაზე თანაბარუფლებიან მოთამაშედ აღიარებდა. მატულობდა იმის იმედიც, რომ ვაშინგტონი ანტირუსულ სანქციებს გააუქმებდა, მით უმეტეს, რომ მოსკოვი აცხადებდა - სანქციების ნეგატიური შედეგები ისეთი არაა, როგორიც დასავლეთს ჰგონიაო, თუმცა, რასაკვირველია, სიტუაცია არც ისეთი იოლი იყო, როგორც მოსკოვს სურდა.
ფაქტია ისიც, რომ რუსეთს დღემდე არ მოუხდენია რეაგირება იმ სავაჭრო შეზღუდვებზე, რომლებიც დონალდ ტრამპმა სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ დააწესა. რუსი ექსპერტის, ეკონომისტ კონსტანტინე სონინის აზრით, ასეთი სიტუაცია საკმაოდ უცნაურია. არადა, ვლადიმირ პუტინს და საერთოდ, რუსულ ისტებლიშმენტს შეეძლო ამერიკელი პრეზიდენტისათვის სასარგებლო რეკომენდაციები მიეცა სავაჭრო ომების საკითხში: „სწორედ მოსკოვს შეეძლო აეხსნა ვაშინგტონისათვის ის, თუ რა შედეგებამდე მიიყვანს ამერიკას მსგავსი კონფლიქტები და ეკონომიკური იზოლაციის პოლიტიკა. შეიძლება კეთილდღეობის დონე დაეცეს, მაგრამ საბოლოო მიზნის მიღწევა მაინც ვერ მოხდება“. კონსტანტინე სონინი ამბობს, რომ დღემდე ყველაზე მეტი გამოცდილება ეკონომიკური სანქციების დაწესების სფეროში მხოლოდ რუსეთს აქვს, რომელიც ბოლო 15 წლის მანძილზე თვითონ გამოდიოდა ემბარგოების შემოღების ინიციატორად.
„როცა რუსეთი თავის რომელიმე მეზობელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებდა, საკუთარი პოლიტიკური ნების თავსმოხვევის მიზნით, ასეთ შეზღუდვებს შედეგი არ მოჰქონდა“, - წერს ავტორი და ამის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს ასახელებს, რომელსაც მოსკოვმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა - 2006 წელს აკრძალა ქართული მინერალური წყლის, ღვინისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების რუსულ ბაზარზე შეტანა. ამით რუსეთმა თავისი დარტყმა პროდასავლურად განწყობილ საქართველოს ხელისუფლებისაკენ მიმართა. მართალია, მოსკოვის ასეთმა ნაბიჯმა გარკვეულად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა, მაგრამ იმავდროულად ხელი შეუწყო ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ბაზრების ათვისების მიზნით. „არცერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას არ განუცდია ისეთი რადიკალური ცვლილება, როგორიც საქართველომ განიცადა. ქვეყანამ აქტიურად აიღო ორიენტაცია დემოკრატიის დასავლურ სტანდარტებზე და კორუფციასთან ბრძოლის საკითხში. დღეს საქართველო რუსებისათვის კვლავ მიმზიდველ და პოპულარულ ქვეყნად იქცა - თავისი სამხრეთული ეგზოტიკით, გამორჩეული კულინარიითა და კორუფციასთან ნულოვანი ტოლერანტობით.
რუსეთმა სანქციების მეშვეობით პოლიტიკურ მიზანს ვერც მოლდოვასა და უკრაინის მიმართ ვერ მიაღწია. ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა თურქეთის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, საერთო ტენდენციიდან გამონაკლისის სახით: „ვლადიმირ პუტინმა ანკარასთან მიმართებით წარმატებას მიაღწია, როცა სრულმასშტაბიანი ემბარგო დააწესა, ავიარეისების აკრძალვის ჩათვლით. პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი საბოლოო ჯამში იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა 2015 წლის შემოდგომაზე სირიაში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო. თუმცა, ცხადია, ვლადიმირ პუტინმაც ძალიან გარისკა: თურქეთი ხომ რუსეთისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია - გაზის იმპორტში მეორე ადგილი უკავია“.
„ვლადიმირ პუტინს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვებით პოლიტიკურ დათმობებზე არ წავა. იგი, ცხადია, აცნობიერებს იმას, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე ეცემა, იმპორტულ საქონელზე ფასები მატულობს მაგრამ იმავდროულად ამ დროს პოზიტივიც არსებობს - ვითარდება ისეთი დარგები, რომლებსაც იმპორტშემცვლელი ფუნქცია აქვთ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
https://www.welt.de/wirtschaft/article162427094/Putin-waere-der-beste-Berater-fuer-Trump.html
