რუსულ გამოცემა «Известия»-სთვის მიცემულ ინტერვიუში რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი საუბრობს ბერლინის 67-ე
საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილ თავის ფილმზე „მძევლები“, რომელიც რუსეთის, საქართველოსა და პოლონეთის კინოპროდუქციაა. რეჟისორს „იზვესტიის კორესპონდენტი დენის სუტიკა ესაუბრება.
„ეს ისტორია ბავშვობიდანვე ვიცოდი. უკვე 33 წელი გავიდა და ქართულ საზოგადოებას ეს ტრაგედია კვლავ აღელვებს. მასმედია თვითმფრინავის გატაცების ფაქტზე ხშირად წერს - ადამიანები ცდილობენ იმ მიზეზების გაანალიზებას, რომლებმაც ესოდენ ტრაგიკული შედეგი გამოიწვიეს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი... ფილმში ჩვენ არ ვცდილობთ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას, მაგრამ, ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ათწლეულის ანალიზი აუცილებელია. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ხელოვანები ვართ, მაგრამ „ცივი ომის“ შედეგების შეფასება და გაგება ჩვენი მხრიდანაც საჭიროა. ვფიქრობ, რომ სწორედ „ცივი ომის“ შედეგი იყო ჯოჯოხეთური 1990-იანი წლები...
ფილმის საფუძველი რეალურად მომხდარი ისტორიაა, მაგრამ შემოქმედთა, ანუ ჩვენს მიზანს მისი მხატვრულად წარმოჩენა წარმოადგენდა, ხელოვნების კანონების გათვალისწინებით. მთავარი მიზანი ის იყო, რომ კინოსურათი დამარწმუნებელი ყოფილიყო. არ გვაქვს პრეტენზია აბსოლუტურ სიმართლეზე. ღმერთები არ ვართ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა. ეს ჩვენეული ხედვაა მომხდარ ფაქტზე. ბევრი საარქივო მასალა ვნახეთ. ყოველ თვითმხილველს თავისი სიმართლე აქვს: გატაცების დროს მგზავრები შოკში იყვნენ და მომხდარს ყველა თავისებურად აღიქვამდა. რასაკვირველია, ფილმში არის ჩვენი საავტორო პოზიციაც (...)
ფილმს შემთხვევით არ ჰქვია „მძევლები“. მე მოვუწოდებ მაყურებელს, რომ ნუ აღიქვამენ პრიმიტიულად - „დიახ, ერთნი გამტაცებლები არიან, მეორენი კი მათი მსხვერპლი“. რა თქმა უნდა, ეს დიდი ტრაგედიაა, რომელსაც გამართლება არ აქვს, მაგრამ რატომ მოხდა ასეთი ტრაგედია? ჩვენი მიზანი იყო გვეპოვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ისტორიულ კონტექსტში. ჩვენ ბრალმდებლის პოზიციაში კი არ ვართ, არამედ ვცდილობთ თანაგრძნობა გავუწიოთ და დავიტიროთ ტრაგედიის მსხვერპლნი. (...) ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემი ფილმი გაანალიზონ, მაგრამ რაღაც არ დამაბრალონ და იარლიყები არ მომაწებონ. მე ფილმში ცოცხალი ადამიანი მაინტერესებს...
კომედიური ფილმებიდან ხომ გვახსოვს, როგორ სასაცილოდ ეკითხებოდნენ საბჭოთა ადამიანები უცხოეთში ნამყოფ თანამემამულეებს: „კოკა-კოლა დალიე? სოფი ლორენი ნახე?“, მაგრამ ისინი დუმილს ინარჩუნებდნენ, ეშინოდათ რაიმე ზედმეტი ეთქვათ. ჩვენთვის დღეს უცხოეთში წასვლა ნორმაა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. ეს გასაანალიზებელია.“, - ამბობს რეზო გიგინეიშვილი „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბრის დროს. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის გავა რუსეთის ფართო ეკრანზე „მძევლები“, რეჟისორი პასუხობს: „უფლის დახმარებით, ალბათ, შევძლებთ ფართო ეკრანზე ჩვენებას. ყოველ შემთხვევაში, გეგმებში გვაქვს“.
---------
პუბლიკაციის ბოლოში გამოქვეყნებულია მოკლე ცნობა საქართველოს სსრ-ში 1983 წლის 19 ნოემბერს მომხდარი საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავის „ტუ-134“-ის გატაცების ირგვლივ.: გამტაცებელთა და მათ მსხვერპლთა ვინაობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ.
http://izvestia.ru/news/663564