„svpressa.ru“(რუსეთი):რუსეთი-საქართველო; დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან?!
„svpressa.ru“(რუსეთი):რუსეთი-საქართველო; დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან?!
21:07 01.02.2017
„მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლა ქვეყნებს პრაგმატულ მოქმედებას აიძულებს. როგორც ჩანს, ჩიხიდან გამოდის რუსულ-ქართული ურთიერთობებიც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში უიმედოდ გაფუჭდა. ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ სფეროში მიღწეული პროგრესის ფონზე, სავარაუდოდ, შეიძლება სავიზო რეჟიმიც გაუქმდეს. უფრო მეტიც - არაა გამორიცხული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც“, - ნათქვამია პოპულარული გამოცემა „სვობოდნაია პრესაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - სერგეი აქსენოვი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

ცნობისათვის: „სვობოდნაია პრესის“ პუბლიკაცია წარმოადგენს რუსი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ერთგვარ კომენტარს გაზეთ „იზვესტიაში“ 30 იანვარს გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელშიც რუსი ავტორების მიერ სიტუაცია ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოსდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ქართული მხარის მზადყოფნას გამოხატავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ „იზვესტიის“ ჟურნალისტებმა მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია მოახდინეს: „საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელია - დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი განსახილველად დღის წესრიგში მხოლოდ მაშინ დადგება, თუ დაიწყება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარება და სერიოზული პროგრესი იქნება მიღწეული“.

ახლა კი გთავაზობთ უშუალოდ „სვობოდნაია პრესაში“ გამოთქმულ კომენტარებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, „უსაფუძვლოა“, მაგრამ მაინც საინტერესო - როგორც ზემოთ აღინიშნა, მათში ცნობილი რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების პოზიციებია გადმოცემული:

„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვიქტორ ვოდოლაცკის აზრით, საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთიერთობის კრიზისი მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი შეცდომებითაა გამოწვეული: „რუსეთი ყველა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართ ყოველთვის მეგობრული კავშირების მხარდამჭერად გამოდიოდა. ის დრამატული მოვლენები, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა, ცხადია, ორი ქვეყნის ცხოვრებაში პრობლემურ პერიოდს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, ძალიან ბევრი შერეული ქორწინებები, დღევანდელი სიტუაცია, რა თქმა უნდა, გასაგებ პრობლემებს ქმნის. ქართულ საზოგადოებაში უკვე გაჩნდა აზრი ძველი კავშირების აღდგენის შესახებ და ეს სამთავრობო წრეებშიც ირეკლება. ამჟამად სიტუაცია არანორმალურია: რატომ უნდა ჭირდებოდეთ ქართველებს რუსეთის ვიზის ვიზის მისაღებად შვეიცარიის საელჩოსათვის მიმართვა? სწორედ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენიდან უნდა დავიწყოთ. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელიც კავკასიაში, რუსეთისათვის მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩვენთან ტერორისტები გადმოდიოდნენ...“

შეკითხვაზე, „მაგრამ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემა ხომ მაინც რჩება? ქართველი პოლიტიკოსები ამას ეჭიდებიანო“, ვიქტორ ვოდოლაცკი პასუხობს: „რასაკვირველია, ჩაჭიდება შეიძლება, ეს თბილისის ნებაა, მაგრამ ორივე რესპუბლიკის მოსახლეობამაც ხომ გამოხატა თავისი აზრი? ქართველები, ალბათ, აცნობიერებენ იმას, რომ ისინი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ძალის გამოყენებით ვერ დაიბრუნებენ, მეორე და მესამე ომი კი მათ არ ჭირდებათ. ამიტომაც ამ საკითხზე, როგორც ჩანს, გაჭიანურებული მოლაპარაკება იქნება - ისეთი, როგორსაც რუსეთი, მაგალითად, იაპონიასთან აწარმოებს კურილის კუნძულების შესახებ“.

რუსეთში მცხოვრებ ქართველთა საბჭოს წევრს იგორ გვრიტიშვილს იმედი აქვს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს: „როგორც შევამჩნიე, ჩვენთან, რუსეთში, ბევრმა ზურაბ აბაშიძის ნათქვამი სიტყვები „გარღვევად“ მიიჩნია, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. როცა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს, ზურაბ აბაშიძე ყოველთვის ამატებს: „მხოლოდ განსაზღვრული პირობების დროს“. „განსაზღვრული პირობები“ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებაა. თბილისი ხომ ორივე რეგიონს ოკუპირებულად მიიჩნევს. რასაკვირველია, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხთა გადაწყვეტა უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება ოპტიმისტები ვიყოთ. თუ რუსეთი სავიზო რეჟიმს გააუქმებს, ეს მოსკოვის მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯი იქნება. როგორც ამბობენ, რუსი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში უკვე ერთ მილიონს მიაღწიაო, მე კი ვიტყოდი, რომ უფრო მეტია. საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი აქვს, რუსეთს კი პირიქით, ქართველებისთვის ჯერ ისევ მკაცრი სავიზო რეჟიმი მოქმედებს“.

რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის („რისი“) ახლო საზღვარგარეთის პრობლემების განყოფილების ხელმძღვანელის ალექსანდრე სკაკოვის აზრით, ახლო მომავალში საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოსალოდნელი არაა, რადგან „ორ ქვეყანას შორის ბევრი „წითელი ხაზი“ არსებობს. დიპურთიერთობის აღდგენისათვის მთავარ დაბრკოლებას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი წარმოადგენს. თბილისი რომ ამ საკითხში მოსკოვს დაეთანხმოს, ამგვარი ნაბიჯი მისი მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასაც ნიშნავს. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ეს სრულიად რეალურია. ალბათ, ასეც მოხდება, თუმცა უეცრად კი არა, არამედ რამდენიმე ეტაპად. შესაძლოა, ვიზების გაფორმება ქართველებისთვის ჯერ საზღვარზე მოხდეს, [შემდეგ კი გაუქმდეს].


https://svpressa.ru/politic/article/165354/

ბეჭდვა