აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილული და კომენტირებულია საქართველოს
პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და პოზიცია, რომელიც მან აშშ-ის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში გამოხატა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების დაარსების მიზანშეუწონლობის თაობაზე.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიურნი არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, - პასუხობს პრეზიდენტი „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის კითხვას - „რას ფიქრობთ საქართველოში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის დაარსებაზეო“.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად 2018 წლის ნოემბერში აირჩიეს, თავის განცხადებებში მუდმივად ხაზს უსვამს, რომ მის მიზანს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა წარმოადგენს. ქვეყნის მეთაური კარგად აცნობიერებს, თუ როგორ შეიძლება შეუბრუნდეს საქართველოს თავის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის დაარსება და ამიტომაც თვლის, რომ „წითელი ხაზები“ ამ მიმართულებით არ უნდა იქნეს გადაკვეთილი თბილისის მიერ. „ბუნებრივია, ოპოზიციამ უმალვე ისარგებლა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული თავლსაზრისით და მისი მძაფრი კრიტიკა დაიწყო“, - წერს ავტორი და იმოწმებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ანტისაპრეზიდენტო განცხადებებს - ასეთი პრეზიდენტი საქართველოსთვის მიუღებელია, სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი მოუწევსო.
სტატიაში განხილულია საქართველო-აშშ-ის და საქართველო-ნატოს ურთიერთობის მდგომარეობაც: „საერთოდ, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები ნატოს არაწევრ საქართველოში უფრო მეტი შესაძლებლობებით სარგებლობენ, ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნებში. კერძოდ - მათ შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ და უპასპორტოდ ყოფნა, ამერიკელი სამხედროები სრული დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, კონტრაქტები აშშ-ის კანონმდებლობის საფუძველზე ფორმდება... რაც ყველაზე მთავარია - საქართველოში სამხედრო ტექნიკის გადასროლა ამერიკელების პირველივე მოთხოვნის შესაბამისად და უსიტყვოდ სრულდება. ქვეყნის ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე ამერიკელთა მოქმედებას ვერ აკონტროლებს. ასეთ სიტუაციაში, ჰიპოთეტურად, აშშ-ს შეუძლია საქართველოში თავისი სამხედრო ბაზა განალაგოს. პენტაგონი, პრინციპში, საკმაოდ აქტიურობს: უკვე მრავალი სამხედრო დანიშნულების ობიექტია აშენებული, ტარდება ერთობლივი სამხედრო წრთვნები, თუმცა... თავს იკავებს ამ ქვეყანაში მსხვილი სამხედრო შენაერთის მუდმივი განლაგებისაგან.
ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოს სამხედრო აეროდრომები ვაზიანში და მარნეულში აშშ-სათვის მოსახერხებელი იქნება, თუ ვაშინგტონი რეგიონში თავისი ყოფნის განმტკიცებას მოისურვებს, მაგრამ საქმე მთლად სურვილებზე არაა დამოკიდებული, არსებობს რეგიონის სპეციფიკა, რაც გასათვალისწინებელია: 2008 წელს ნატოს შეეძლო მარნეულის აეროდრომით სარგებლობა, მაგრამ ვაშინგტონმა არ გამოიყენა... გასაგები მიზეზების გამო.
მოკლედ, გარკვეული თვალსაზრისით სალომე ზურაბიშვილი მართალია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მისი უფლებამოსილება სიმბოლურია და ქვეყნის პროდასავლურ ძალებს პრეზიდენტის დამხობა ყოველ მომენტში შეუძლიათ. ასე რომ, დიდი ალბათობით, თუ ვაშინგტონი დღეს თუ ხვალ მართლაც სერიოზულად მოისურვებს საქართველოში ბაზის შექმნას, სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ შეეკითხება“, - წერს ავტორი.
