სომხური გამოცემა «Lragir»-ი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს სტატიას უძღვნის და ამ ჭრილში, ცდილობს,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალიანსისკენ მიმავალ გზაზე ხელისშემშლელ ფაქტორად წარმოაჩინოს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ნაირა აირუმიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
თბილისში ვიზიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ნატოს იმედი აქვს საქართველოში არჩევნების დემოკრატიული მექანიზმები გაუმჯობესდებაო“. შემდეგ კი პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უფრო უკეთესად ჩატარდება.
ფაქტიურად გამოდის, რომ ნატო მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქვეყანაში დემოკრატიის რეგრესი დააფიქსირეს. არჩევნებიდან ჯერ კიდევ არ არის დიდი დრო გასული, მაგრამ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოასწრო ბევრი რამის არევ-დარევა, კერძოდ, საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში. ალბათ, ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ ნატოს გენმდივნის თბილისში ვიზიტამდე საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე თავის სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს ენოკავანში შეხვდა.
მოახერხეს თუ არა პრემიერებმა იმის გამოსწორება, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააფუჭა და აღდგა თუ არა ურთიერთობის რეგიონული ბალანსი? და აწყობს თუ არა ნატოს საქართველო-სომხეთს შორის არსებული მრავალწლიანი კონსენსუსი ყარაბაღის თაობაზე და ის, რომ ეს კონფლიქტი სხვა პოსტსაბჭოთა კონფლიქტების ჩარჩოებს მიღმა გადის? და რომელშიც აშკარად ჩანს რუსეთის ჩარევა? თვითონ ნატო არასოდეს არ აყენებდა ყარაბაღის კონფლიქტს საერთო რიგში სხვა კონფლიქტებთან, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხება. ყარაბაღთან მიმართებით ნატო მხარს უჭერს სამ პრინციპს, მათ შორის უპირველესს - თვითგამორკვევის უფლებას.
არ არის გამორიცხული, რომ ნატოს საქართველოსთან ურთიერთობებში სომხეთთან დამოკიდებულების პირობებიც არის გათვალისწინებული. სალომე ზურაბიშვილმა, თავისი მოუსაზრებლობისა თუ ვინმე დაკვეთის გამო, ეს პირობები დაარღვია. ნატომაც იმწუთში მიანიშნა, რომ მადამ პრეზიდენტი მთლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არ არის არჩეულიო.
რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ნატომ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედების შედეგად, საქართველოსა და სომხეთს შორის გაჩენილი „გაუგებრობა“ უკვე „დაარეგულირა? საბოლოო ჯამში, ეს კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება.
