აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს ნატოში გაწევრიანების
პერსოპექტივებზე და სავარაუდო შედეგებზე.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
საქართველოში სამხედრო სწავლება NATO-Georgia Exercise-2019 გაიმართა, რომელსაც ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა:
პირველი - შემოწმება, თუ რამდენად უთავსდება საქართველოს არმია ნატოს სამხედრო ძალებს და მეორე - საქართველოსადმი მხარდაჭერის დემონტრირება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ. წრთვნებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრო, რომელმაც თბილისში ვიზიტის დროს, ქვეყნის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრიო. ამასთან, იენს სტოლტენბერგს არ დაუზუსტებია, გაწევრიანება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად მოხდება თუ ამ რეგიონების გარეშე, რომლებსაც თბილისი რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე პრობლემები აქვს: ცნობილია, რომ ალიანში მხოლოდ ისეთ სახელმწიფოს იღებენ, რომლებსაც, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების საკითხიც მოგვარებული აქვთ, თბილისს კი ყველაზე მეტად თავისი ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლების პრობლემა აწუხებს. ალბათ, შესაძლოა ამიტომაც თქვა ერთხელ იენს სტოლტენბერგმა - იქნებ მოვიდა ალიანსის წესდების „მოდერნიზების“ დროო. მიზეზი გასაგებია - თუ საქართველოს მიიღებენ, მაშინ ქვეყანა კანონიერ საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული.
რით ემუქრება საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთს? მოსკოვისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კავკასია - შავი ზღვის რეგიონში გაჩნდება რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო მოწინააღმდეგე (ნატოს წევრების - თურქეთ-ბულგარეთ-რუმინეთის გარდა) და ამ მოწინააღმდეგეს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ექნება. სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში გაჩნდება აშშ-ის სამხედრო ბაზები (გარკვეული სტრუქტურები უკვე შექმნილია). ამერიკელი ინსტრუქტორები უკვე 20 წელია ქართულ არმიას წრთვნიან, ქართველი ოფიცრები ოკენისიქით დადიან სასწავლო ცენტრებში. საქართველო იარაღს ნატოს წევრებისგან ყიდულობს.
ამერიკელებმა საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის - აეროდრომებისა და ნავსადგურების ინვენტარიზაცია ჩაატარეს. აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა კი ბიზნეს-გეგმა შეადგინა: საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და აშშ-ის ინტერესების შესაბამისად, ახალი ობიექტების მშენებლობისათვის კერძო კომპანიები უნდა მიიზიდონ. ბიზნეს-გეგმაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ადმინისტრაციული შენობების, საწრთვნელი ცენტრების, თვითმფრინავების ანგრების, სახანძრო სადგურების, სასადილოების და ლაბორატორიების მშენებლობა. ამერიკელებს ღამის კლუბებიც არ დავიწყებიათ. არაა გამორიცხული, რომ ნატოს დახმარებით და აშშ-ის პატრონაჟით მოძლიერებულმა თბილისმა ძალის გამოყენებით გადაწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება.
რა თქმა უნდა, რუსეთს არ სძინავს. ასეთ სავარაუდო სიუჟეტებს მოსკოვიც კარგად აცნობიერებს. ამიტომაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის გენშტაბმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზები განალაგა და თუ საქართველო ნატოში, ვთქვათ და მართლაც გაწევრიანდება, მაშინ რუსეთის ფედერაცია ორივე რესპუბლიკას კარს გაუღებს, თანაც ყველაფერი საერთაშორისო ნორმების დაცვით გაკეთდება.
