«NDR - Norddeutscher Rundfunk» (გერმანია): მწვანე ოაზისი შავი ზღვის ნაპირზე-ურეკი, ბათუმი და მთიანი აჭარა
«NDR - Norddeutscher Rundfunk» (გერმანია): მწვანე ოაზისი შავი ზღვის ნაპირზე-ურეკი, ბათუმი და მთიანი აჭარა
15:32 08.04.2019
„მწვანე ოაზისი შავი ზღვის ნაპირზე, მაღალი მთები და სილამაზით დამაბრმავებელი მეგაპოლისი ბათუმი: არ შემცდარხართ, ეს საქართველოა - ქვეყანა 3,7 მილიონი მოსახლეობით, რომელსაც უნიკალური მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ადათები აქვს - ისეთი, როგორსაც მსოფლიოში სხვაგან ვერსად ვერ ნახავთ“, - ასე იწყება დოკუმენტურ-სარეკლამო ფილმი საქართველოს შესახებ, რომელიც 28 მარტს ჰამბურგის «Norddeutscher Rundfunk»-ის (ანუ „ჩრდილოგერმანული ტელერადიომაუწყებლობის“) ეთერში გადაიცა.

თითქმის ერთსაათიან ფილმში ნაჩვენებია საქართველოს შავიზღვისპირეთის, კერძოდ, გურიის მხარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკურორტო და ტურისტული ღირსშესანიშნაობები:

ა) „ურეკის შავი ქვიშა უნიკალურია - ის რკინას შეიცავს და მაგნიტურია. აქ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა სანატორიუმი „მეგობრობა“, რომელიც, სხვათა შორის, დღესაც მოქმედებს. სანატორიუმში მუშაობს ექიმი რამაზ ჭეიშვილი, მისი სპეციალობა ძალიან მოთხოვნადია - რამაზმა შეიმუშავა სპეციალური მაგნიტური თერაპია, რომელიც ძალზე პოპულარულია. თვით სანატორიუმში ისეთი სიტუაციაა, თითქოს დრო გაჩერდაო: არანაირი კომპიუტერები, მხოლოდ მუზუმის მსგავსი კაბინეტები, სადაც ისევ გასული საუკუნის საბჭოთა აპარატურა დგას... მაგრამ სამკურნალო ქვიშა თავის საქმეს მაინც აკეთებს“.

ბ) „ქართული ცეკვა - სწრაფი, აკრობატული და და იმავდროულად დამძაბავიც. ქართველ ახალგაზრდებს - საბას, ლუკას და ნიკას ეროვნული ცეკვები ძალიან უყვართ. სამეული უკვე სცენის ვარსკვლავები არიან, ცეკვის დროს მათ ერთმანეთისაგან ვერ გაარჩევ“.

გ) „აჭარის მთებში მდებარე სოფელ თაგოში მხოლოდ საბაგირო გზით თუ მოხვდები. საბჭოთა პერიოდის დროინდელი გონდოლა - ეს ის ტრანსპორტია, რომელიც მოსწავლეებს, ქალებს და ბაზარზე წამსვლელებს ემსახურება. განმასხვავებელი ნიშანი: საბაგირო გზა 1720 მეტრიანია და არცერთი საყრდენი ბოძი არ აქვს! გონდოლის უსაფრთხო მოძრაობას ზვიად ბოლქვაძე უზრუნველყოფს. ძლიერი ქარის დროს იგი ზოგჯერ გონდოლას აჩერებს და მგზავრები საათობით არიან ცაში გამოკიდებულები...“

ფილმში ასევე დიდი ადგილი ეთმობა ბათუმის ტურისტულ ცხოვრებას, შავშეთის მთების ვენახებს, სადაც მსოფლიოში ყველაზე უძველესი ჯიშის ვაზის ღვინოს ამზადებენ...






ბეჭდვა