„ნიკოლ ფაშინიანის გაპრემიერებამდე ოფიციალური ერევანი და თბილისი მუდამ ირწმუნებოდნენ, რომ ორ
მეზობელ ქვეყანას შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობსო. მაგრამ სომხეთის და საქართველოს ხელისუფლების ახალმა წარმომადგენლებმა ერთმანეთთან ურთიერთობის სტარტი საყვედურებით და პრეტენზიების წაყენებით დაიწყეს. ეს ფაქტი იმას მოწმობს, რომ ერევანს აღარ ექნება ისეთი გამართული და აწყობილი დამოკიდებულება თბილისთან, როგორიც ადრე ჰქონდა“-ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის, „Kaspiy»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მარია გულამოვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
კაცმა რომ თქვას, სიტუაცია რომ ასე განვითარდა, ბრალი თვითონ სომხებს მიუძღვით. მაგალითად, გასული წლის დასაწყისში სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართულმა ეპარქიამ განცხადება გააკეთა, თითქოსდა თბილისის ცენტრში არსებული [სომხური] ტაძრის ტერიტორია საქართველოს ეკლესიამ უკანონოდ მიისაკუთრაო. მთლიანობაში სომხებს საქართველოში 653 ეკლესიაზე აქვთ პრეტენზია, თანაც სომხები, როგორც მათ ახასიათებთ, წინააღმდეგნი არიან იმ კომისიების შექმნისა, რომლებიც ტაძრების კუთვნილების საკითხს შეისწავლიან, მათ შორის სურბ ნორაშენის ტაძრისაც, რომლის სომხურ წარმომავლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საეჭვოდ მიიჩნევს.
„ალავერდის“ სახით
სულ ახლახან სომხურ სოფელ ენოკავანში, რომელიც თამარ მეფის მმართველობის დროს საქართველოს ეკუთვნოდა, ქართველ და სომეხ პრემიერ-მინისტრებს - მამუკა ბახტაძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის მეორე (წინა ბოლნისში იყო) არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ფაქტიურად, მსგავსი შეხვედრები არაფრის დამავალდებელი არ არის, მაგრამ აქ ერთ მომენტია აღსანიშნავი: საქართველოში თავისი წინა რამდენიმე ვიზიტის დროს, როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდა, ნიკოლ ფაშინიანი კონკრეტული მიზნის მიღწევას ცდილობს - ხაზი გაუსვას იმას, თუ როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მისი მთავრობა საქართველოსთან ურთიერთობას. მაგრამ ერევანში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტმა გამოაჩინა ის პრობლემები, რომლებიც ორ მეზობელს შორის სახელმწიფო დონეზე არსებობს. ადრე, წინა პერიოდებში, ქართველ და სომეხ მაღალჩინოსანთა შეხვედრების დროს, პრობლემების დემონსტრირება არ ხდებოდა.
რასაკვირველია, ამ დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში და საინვესტიციო პროექტებში უპირატესობას აზერბაიჯანს აძლევს: საქართველოს და აზერბაიჯანს ერთიანი მიდგომა აქვთ რეგიონული კონფლიქტების მიმართაც. და თუ ადრე საქართველოს ლიდერები მეტ-ნაკლებად ცდილობდნენ ჩუმი ნეიტრალიტეტი დაეცვათ მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, დღეს უკვე სხვაგვარი სიტუაციაა: ბაქოში ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იზიარებს აზერბაიჯანის პოზიციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე.
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ამ განცხადებიდან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. სომხურ მხარეს დიდი იმედი ჰქონდა, ერევანში იგი თავისი სახელმწიფოს პოზიციას „ნათელს მოჰფენდა“, ანუ უარს იტყოდა თავის სიტყვებზე, ანდა ბაქოში ნათქვამს ისეთ ინტერპრეტაციას გაუკეთებდა, როგორიც სომხეთს დააკმაყოფილებდა. მაგრამ სომხეთის პარლამენტის სპიკერის არარატ მირზოიანისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის დროს ორივემ უკმაყოფილება გამოხატა ერთმანეთის მიმართ და თანაც საკმაოდ გესლიანად. ასე, მაგალითად, არარატ მირზოიანმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების 2018 წლის 29 ოქტომბრის განცხადების გამო, „რომელშიც კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ ერთი პრინციპია მოხსენიებული“. სპიკერის უკმაყოფილება გამოიწვია სალომე ზურაბიშვილის მიერ ბაქოში გაკეთებულმა განცხადებამაც, რაზეც სტუმარმა გულისწყრომით შენიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება არა მარტო სიტყვიერად მოხდეს, არამედ საქმითაც - უნდა დაიგმოს მთიანი ყარაბაღის დელეგაციების ვიზიტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
საინტერესოა, რისი იმედი ჰქონდა არარატ მირზოიანს, როცა სალომე ზურაბიშვილს ბრალს უყენებდა?! საეჭვოა, რომ იგი ასეთ პასუხს ელოდა - სილის გაწვნას ალავერდის სახით.
რატომაა ნიკოლ ფაშინიანი ირანისათვის არასაიმედო კაცი
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სომხეთისათვის საქართველოსთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაშინ თბილისთან ურთიერთობის ისეთმა ტონმა, რომელიც ერევანმა აირჩია, სომხების იმედებს ხაზი გადაუსვა. მით უმეტეს იმ მომენტში, როცა ერევანი ირანიდან საქართველოსკენ გაზის ტრანზიტს იმედოვნებს, თავისი ტერიტორიის გავლით. მაგრამ ამგვარ გეგმას პრაქტიკული განხორციელება არ უწერია: ამჟამად არსებული მილებით გაზის ტრანზიტი შეუძლებელია, ახალი მილსადენის მშენებლობას კი კოლოსალური თანხა ჭირდება. საეჭვოა, რომ ხარჯი ირანულმა მხარემ დაფაროს, სომხეთს და საქართველოს კი გაზსადენის ასაგებად ფინანსური შესაძლებლობები არ აქვთ. ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, საქართველო პროექტით დაინტერესდება და აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს შეამცირებსო, მაგრამ თბილისი იმდენად არის „მინასკვული“ აზერბაიჯანზე იაფი გაზის მიწოდებით, რომ საეჭვოა ალტერნატიული წყაროები ეძებოს.
ნიკოლ ფაშინიანის ქაოსური საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით, ერთი მხრივ, სომხეთი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობა შეინარჩუნოს და ახლებურად გადააწყოს, მეორე მხრივ კი - დასავლეთზე იმედს ამყარებს, მას არანაირი იმედი არ ჰქონდეს არც კრემლიდან და არც ევროკავშირიდან. რაც შეეხება ირანელებს, ისინი საერთოდ არ ფიქრობენ, რომ თავიანთი ბუნებრივი გაზი იაფად გაყიდონ, მით უმეტეს, ისეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობის პირობებში, როგორშიც ირანი იმყოფება. განსაკუთრებით საყურადღებოა ირანისადმი დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ფაქტორიც. ირანისათვის ნიკოლ ფაშინიანი „დასავლეთის კაცს“ ნიშნავს, ანუ თეირანი მას არ ენდობა. სწორედ ამიტომ განიხილავს ნიკოლ ფაშინიანი ქართველ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან „რეგიონული პროგრამების რეალიზების“ საკითხს მხოლოდ არაოფიციალურ დონეზე, ანუ იგი თითქოსდა ჯერ ნიადაგს ამოწმებს. იმავდროულად სომხეთის ლიდერი ოცნებობს ჯავახეთში მცხოვრები სომხებისათვის მნიშვნელოვან ბავრა-ნინოწმინდის ავტომაგისტრალის მშენებლობაზეც... დაე, იოცნებოს - ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
იაფი რუსული გაზი სამომავლოდ აღარ იქნება
რამდენადაც სომხეთს ირანიდან გაზის ტრანზიტი მუქთად არ ექნება, თანაც რუსეთი უკვე წინასწარგანზრახულად „ქანჩებს უჭერს“ - მიწოდებული გაზის ფასს ზრდის, ნიკოლ ფაშინიანი თანატომელებს მოუწოდებს - ალტერნატიული ენერგეტიკა განავითარეთ, რათა მომატებულმა ფასმა საერთო ტარიფზე არ იმოქმედოსო. პრემიერმა ეს ქვეყნის პარლამენტის ბოლო სხდომაზე განაცხადა, „სამთავრობო საათის“ დროს, გაზიფიკაციის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.
სომხეთს სურს რუსეთთან გაზის გრძელვადიან სტაბილურ ფასზე მოილაპარაკოს, რათა სამომავლოდ ტარიფის მატება თავიდან აიცილოს. სწორედ ეს განაცხადა ამას წინათ ვიცე-პრემიერმა მღერ გრიგორიანმა, მაგრამ როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ, გაზის ფასის საკითხში რუსეთი ურყევი იქნება: სომხეთი ხომ ისედაც ძალზე იაფად იღებს რუსულ გაზს.
დამოუკიდებელი ექსპერტები სომხეთის უკიდურეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას იმით ხსნიან, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე ყველა საზღვარს გადასცილდა. და მანამ, სანამ სომხეთის მთავრობაში ისეთი ჩინოვნიკები იქნებიან, როგორიც, მაგალითად, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრი აკოფ არშაკიანია, მანამ ქვეყნის საქმე წინ არ წავა. სწორედ აკოფ არშაკიანმა უთხრა უარი რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეს, ბიზნესმენ არტურ ერზკნიანს, სომხეთის კავშირგაბმულობის სფეროში 200 მლნ. დოლარის ინვესტიციაზე, პირადი მოსაზრებით, რასაც სომხური მასმედიაც ადასტურებს. ასეთი მოქმედებით ნიკოლ ფაშინიანი და მისი გარემოცვა სულ მალე სომხეთის ეკონომიკას ჩიხში შეიყვანს.
