გერმანული გამოცემა «Junge Welt»-ი საქართველოში 30 წლის წინ დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიას
ეხმაურება, როდესაც საბჭოთა ჯარი მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუწორდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რეინჰარდ ლაუტერბახის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით, თუმცა შევნიშნავთ, რომ სტატიაში მოყვანილი ზოგიერთი ფაქტის სიზუსტე შესაძლოა საკამათო იყოს:
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პროპაგანდით „საბჭოთა ხალხების მეგობრობა“ ურყევად იყო წარმოჩენილი საბჭოთა კავშირში, სინამდვილეში ხშირად ხდებოდა კონფლიქტები ეროვნულ ნიადაგზე. ხელისუფლება ცდილობდა დაპირისპირება მიეყუჩებინა და ხშირად გამარჯვებულიც გამოდიოდა, თუმცა წყენა და უკმაყოფილება მაინც რჩებოდა. ასე იყო საქართველოსთვისაც, რომელიც, საბჭოთა პროპაგანდის მიერ ჩანერგილ წარმოსახვისაგან განსხვავებით, სრულებითაც არ იყო მხოლოდ მანდარინისა და ვაზის რესპუბლიკა, უამრავი სტუმრითა და გულუხვი მასპინძლობით... საქართველოს უფრო დიდი ისტორია ჰქონდა, ვიდრე რუსეთი მიიერთებდა მე-19 საუკუნის დასაწყისში და მის ერთ-ერთ პროვინციად იქცა. არადა, რუსეთმა საქართველოს ავტონომია აღუთქვა. მეფის იმპერია მაინცდამაინც დიდ გრძნობებს არ ავლენდა ქართული თვითმყოფადი კულტურისადმი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქართველმა ინტელექტუალებმა ისარგებლეს შანსით, რათა თავიანთი ქვეყანა რუსეთისაგან გაეთავისუფლებინათ. მათ მცდელობას ხელი შეუწყო გერმანიის იმპერიამაც, რომელსაც იმ დროს, რუსეთის გვერდის ავლით, კასპიის ნავთობისაკენ გასვლა სურდა.
პრობლემები კავკასიაში
რუსეთის რევოლუციის შედეგად დაწყებულ არეულობაში წარმოიქმნა სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელ ქართული ისტორიოგრაფიაში „პირველ რესპუბლიკას“ უწოდებენ. ის იყო ბურჟუაზიული სახელმწიფო წყობის მქონე ქვეყანა, რომლის სათავეში ქართველი სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) მოექცნენ, რომლებსაც ბოლშევიკებთან - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის უმეტეს ნაწილთან დაპირისპირება ჰქონდათ. 19921 წელს, საბჭოთა რუსეთში სამოქალაქო ომის დასრულების ჟამს, წითელმა არიამ დამოუკიდებელი საქართველო ცენტრის კონტროლის ქვეშ დააბრუნა. საქართველოში ჩამოყალიბდა ისეთივე ეროვნული სიტუაცია, როგორიც იოსებ სტალინს სურდა - თითქოსდა დაბალანსებული, მაგრამ იმავდროულად მაინც ფეთქებადსაშიში. იოსებ სტალინის ეროვნული პოლიტიკის ძირითადი პრინციპი იყო, რომ სატიტულო ხალხს არ უნდა მისცემოდა იმდენად გაძლიერების შესაძლებლობა, რომ მას საბჭოთა კავშირიდან გასვლა მოესურვებინა. ცენტრი არბიტრად უნდა დარჩენილიყო ეროვნულ უმცირესობებში გაჩენილი პრობლემების დარეგულირებაში.
1980-იანი წლების ბოლოს ეროვნულ-ეთნიკური კონფლიქტები, რომლებიც ადრე მიყუჩებული იყო, კვლავ გაღვივდნენ. სიტუაცია თანდათან გამწვავდა. პირველი ასეთი დაპირისპირება აზერბაიჯანის შემადგენლობაში არსებულ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში მოხდა, რომელიც ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული. 1988 წლის თებერვალში ყარაბაღელმა სომხებმა მიტინგების დროს სომხეთისადმი შეერთება მოითხოვეს. ამას მოჰყვა ერევანში გამართული ანტიაზერბაიჯანული გამოსვლები, შემდეგ კი უკვე ამის საპასუხოდ, ბაქოში და სუმგაითში - ანტისომხური დარბევები, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპნენ ქალებიც და ბავშვებიც.
მთიანი ყარაბაღის 1988 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა ბიძგი მისცა იმ სტატუს-ქვოს დარღვევას საბჭოურ ეროვნულ ურთიერთობებში, რომელიც სკკპ გენმდივნის მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის დროს, „საჯაროობის“ პერიოდში, სულ უფრო მყიფე ხდებოდა.
ერთი წლის შემდეგ არასტაბილურობის ტალღამ საქართველოშიც შეაღწია: 1989 წლის მარტში აფხაზეთში მასობრივი მიტინგები დაიწყო საქართველოს სსრ-ის შემადგენლობიდან გასვლისა და 1931 წლამდე არსებული აფხაზეთის მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით. თავის მხრივ, აფხაზების მოთხოვნამ გაამწვავა საქართველოში შექმნილი ისედაც არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია - ადგილობრივი ნაციონალისტები სსრ კავშირიდან გასვლას ითხოვდნენ და ქართველ კომუნისტებს მძაფრად აკრიტიკებდნენ [მცდარი ეროვნული პოლიტიკის გამო]. საერთოდ, საქართველოში ნაციონალიზმი მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა: ჯერ კიდევ 1976 წელს რესპუბლიკის მწერალთა კავშირის ყრილობაზე მოხდა სკანდალური ინციდენტი, როცა კომპარტიის ცეკას პირველი მდივანის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლას სტვენა მოჰყვა - იმ მიზეზით, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება რუსულად უნდა წარმართულიყო. 1978 და 1979 წლებში თბილისში მსგავსი პროტესტები კიდევ იქნა გამოხატული, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები ქართველების სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ასე ვითარდებოდა სიტუაცია.
„თბილისის სინდრომი“
ქართველმა ნაციონალისტებმა, რომლებმაც მოსახლეობაში საკმაო გავლენა მოიპოვეს და გაძლიერდნენ, რესპუბლიკის ხელმძღვანელობას აფხაზეთში წესრიგის აღდგენა მოსთხოვეს, მაგრამ საქართველოს კომპარტიამ აშკარად არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო და დახმარებისათვის მოსკოვს მიმართა. ცენტრმა კი „ბურთი“ ისევ ქართველებს გადაუგდო - „რესპუბლიკის ხელისუფლებამ სიტუაცია თვითონ უნდა შეაფასოს და მოაგვაროსო“. მიხეილ გორბაჩოვი იმ დროს საზღვარგარეთულ ვიზიტში იყო და მის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას ვერავინ ბედავდა.
ამასობაში თბილისის ცენტრალურ ადგილზე შეკრებილი დემონსტრანტები მეტალის ნაჭრებითა და ჯაჭვებით შეიარაღდნენ, დაიწყეს ფულის შეგროვება ცეცხლმსროლელი იარაღის საყიდლად. მათ ავტობუსებითა და სხვა ტექნიკით გადაკეტეს მთავრობის სახლთან მისასვლელი ქუჩები. სხვათა შორის, ასეთი ტაქტიკა კიევის 2014 წლის მაიდნის მონაწილეებმაც გაიხსენეს და ისარგებლეს. თბილისში კი 1989 წლის 9 აპრილის ღამეს დემონსტრანტების წინააღმდეგ საბჭოთა არმიის ქვედანაყოფები გამოიყენეს - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა ქართულმა პოლიციამ სიტუაციაში ჩარევაზე უარი განაცხადა. საბჭოთა ჯარისკაცებმა მომიტინგეები შეავიწროვეს და... დაიღუპა 20 ადამიანი.
მოსკოვს არ სურდა თბილისური მოვლენის ტრაგიკული შედეგების საკუთარ თავზე აღება. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მომხდარზე უშუალო პასუხისმგებელი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი საჯაროდ გააკრიტიკეს და სხვა სამუშაოზე გადაიყვანეს (დააქვეითეს), ხოლო „დემოკრატიული ოპოზიციის“ მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია საქმის დასრულებას რამდენიმე თვის განმავლობაში აჭიანურებდა.
„თბილისური სინდრომი“ მოგვიანებით სამხედროებისათვის სიფრთხილის დაცვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, ანუ ისინი მზად არ იყვნენ მსგავსი მოვლენების დროს წესრიგის აღსადგენად.
---------
თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი მოვლენის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა აგრეთვე რუსულ გაზეთ «КоммерсантЪ»-შიც სათაურით „ქართული ერის დასაწყისი: თბილისის პოლიტიკას დღემდე „9 აპრილის კურსი“ განსაზღვრავს“ (ავტორი - გიორგი დვალი. წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3933415).
