"noev-kovcheg" (რუსეთი): საქართველოს მომავალშიც მოუწევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მანევრირება და გარკვეულ დრომდე თბილისი-ბაქო-ანკარის ღერძში მონაწილეობა
"noev-kovcheg" (რუსეთი): საქართველოს მომავალშიც მოუწევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მანევრირება და გარკვეულ დრომდე თბილისი-ბაქო-ანკარის ღერძში მონაწილეობა
10:50 07.04.2019
რუსეთში მცხოვრები სომხური დიასპორის ყოველთვიურ გამოცემაში (ოფიციალური სახელწოდება - „დამოუკიდებელი საინფორმაციო-ანალიტიკური საერთაშორისო სომხური გაზეთი Ноев Ковчег, ანუ ქართულად - „ნოეს კიდობანი“) გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში (ავტორი - სტანისლავ ტარასოვი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“) წევრია, ამიტომ პროდასავლური თბილისი და პრორუსული ერევანი სტრატეგიული მოკავშირეები ვერ იქნებიან. შესაბამისად, ბაქოში სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა თანამშრომლობაზე და უფრო მეტად საქმიანი ლექსიკით სარგებლობდა, ხაზს უსვამდა დადებული შეთანხმებების მნიშვნელობას, ერთობლივ სატრანპორტო პროექტებს (რკინიგზა, მილსადენები და ა.შ.), თუმცა, ბუნებრივია, მას არ შეეძლო კონკრეტული ხელშეკრულებები დაედო ჩამოთვლილ დარგებში, რადგან მას ამის კომპეტენცია არ ჰქონდა.

ერევანში სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებისას ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „სომხეთს და საქართველოს ერთმანეთთან ბევრი რამ აერთიანებთ - გეოგრაფია, ისტორია, მომავალის გეგმები“. ქართველი პრეზიდენტის ეს სიტყვები საინტერესო ფიქრების აღძრავს...

თავის დროზე გამოჩენილმა თეატრალურმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ ანდრე ამალრიკის [საბჭოთა დისიდენტი მწერლის] ნათქვამის ციტირება მოახდინა, რომლის მიხედვით, „ქართველებისა და სომხების ურთიერთობა ბევრადაა განპირობებული მათ მიერ საკუთარი ისტორიის შეგრძნებით - ისინი მტკიცედ დაუკავშირა ერთმანეთს ისტორიამ და შესაბამისად, ქართველები და სომხები არა მარტო თრთოლვით ეპყრობიან საკუთარ მრავალსაუკუნოვან წარსულს, არამედ ამ წარსულით, ამ ისტორიით ცხოვრობენ. მათ თვითშეგნებაში ისტორიას განსაკუთრებული ადგილი აქვს დაკავებული“.

შემთხვევითი არაა, რომ ქართულ და სომხურ პუბლიცისტიკაში ხშირად ციტირებენ მე-11 საუკუნეში მოღვაწე ცნობილ ქართველ ისტორიკოსს, რუისის არქიეპისკოპოსს ლეონტი მროველს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ისეთი კავკასიური ხალხები, როგორებიცაა ალბანელები, სომხები და ქართველები, ერთნაირი წარმოშობის მქონე ეთნოსები არიანო. ნუ დავიწყებთ პოლემიკას ამგვარი დოქტრინის გაჩენის მიზეზებზე. ავღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში ქართველები და სომხები ნამდვილად ერთად მოქმედებდნენ ხოლმე. ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა ეს ფაქტი გაეხსენებინა, მხოლოდ სიმბოლურ მნიშვნელობა არ აქვს. არაა გამორიცხული, რომ ეს შეიძლება საერთო ქრისტიანულ ვექტორსაც ნიშნავდეს იმ საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ევროპას აჩვენებს. ასე რომ, თუ ამ კუთხით შევხედავთ, სომხეთისათვის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი წარმატებული ჩანს.

რაც შეეხება თვით საქართველოს, მას მომავალშიც მოუწევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მანევრირება და გარკვეულ დრომდე თბილისი-ბაქო-ანკარის ღერძში მონაწილეობა. ამგვარი პოლიტიკის ფონზე შესაძლოა ახალიც გამოიკვეთოს: თბილისი-ერევანი-თეირანი-მოსკოვი. მართალია, არავინ იცის, რა აქვს მხედველობაში სალომე ზურაბიშვილს, როცა ამბობს - „კავკასიას თავისი ისტორიული დანიშნულება უნდა დაუბრუნდესო“ და მზად არის თუ არა საქართველო ევროპულად დაიწყოს „ისტორიული კვანძების გახსნა“. საერთოდ კი, ვინ და რატომ მოინდომებს ამგვარი კეთილი სურვილების ჩაშლას?

ბეჭდვა