„თბილისი საქალაქო სასამართლოში საქართველოს მეფეთა საგვარეულოს ორი შტოს წარმომადგენელთა სარჩელის
განხილვა დაიწყო: ერთი მხრივ, ბაგრატიონ-გრუზინსკის და მეორე მხრივ - ბაგრატიონ-მუხრანსკის (მუხრანელის) სახით. საბოლოოდ, მათი მრავალწლიანი დავა მაინც სასამართლომდე მივიდა, რომელშიც მონაწილეობას წამყვანი ისტორიკოსებიც მიიღებენ“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ქართულენოვან რეზიუმესა საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„საქართველოში ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს სამი შტოა წარმოდგენილი: გრუზინსკები, მუხრანსკები და იმერეტინსკები. ბოლო შტო - ბაგრატიონ-იმერეტინსკი წინა ორის ჩრდილშია, რომლებიც უფრო ცნობილები არიან და საჯარო ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. გრუზინსკები და მუხრანსკები ერთმანეთს უფლებამოსილების „მითვისებაში“ ედავებიან. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი შვილი ანა დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის (ანას ყოფილ ქმარს) იმაში ადანაშაულებს, რომ იგი ევროპის სხვადსხვა ქვეყნებში ყოფნისას საქართველოს მეფის შთამომავლის სტატუსით მიღებებს აწყობს, არიგებს ორდენებს, რის უფლება მას არ აქვს. საქმე ძალზე რთული და აწეწილ-დაწეწილია, ამიტომ მას ერთი მოსამართლე კი არ იხილავს, არამედ კოლეგია სამი მოსამართლის შემადგენლობით, - წერს ავტორი და მკითხველებს ბაგრატიონების დინასტიის მეფობის ისტორიას აცნობს, 978 წლიდან დაწყებული 1801 წლამდე.
„საქართველოს რუსეთთან მიერთების შემდეგ, ქართული წყაროების თანახმად, სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში გადასახლდნენ, მაგრამ ეს ნებაყოფლობით არ მომხდარა. თანდათანობით ბაგრატიონები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წავიდ-წამოვიდნენ. დღეს ბაგრატიონების იმ ერთ შტოს, რომელსაც პირველობაზე პრეტენზია, ესპანეთში დაბადებულ-გაზრდილი დავით მუხრანელი მეთაურობს, ხოლო მეორე შტოს - ნუგზარ გრუზინსკი, რომელიც თბილისშია დაბადებული და გაზრდილი.
ათი წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ბოლო უნდა მოღებოდა სამეფო დინასტიაში არსებულ დიდი ხნის დაპირისპირებას: ორივე მხარის წარმომადგენლები - დავით ბაგრატიონ-მუხრანსკი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ერთმანეთზე დააქორწინა: ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა და პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განახორციელა. ეს ისტორიულ მოვლენად შეფასდა. 2011 წელს წყვილს ვაჟი - გიორგი დაებადათ, რომელიც ილია მეორემ მონათლა. მაგრამ ორი წლის შემდეგ ანა და დავითი ერთმანეთს... ოფიციალურად გაშორდნენ. დაპირისპირებამ ბაგრატიონთა ორ შტოს შორის ახალი ძალით იფეთქა.
იმ უფლებამოსილებაში, რის გამოც ბაგრატიონები სასამართლოში ჩივიან, არავითარი მატერიალური ფასეულობები არ იგულისხმება. სამეფო სასახლეები საქართველოში დღეს პრაქტიკულად შემონახული არ არის. გარდა ამისა, ქვეყანაში მონარქიის აღდგენაც მხოლოდ თეორიულად განიხილება და ისიც ვიწრო წრეებში, ნეოკონსერვატიულ და ნაციონალისტურ პარტიებს შორის. მართალია, მონარქიის თაობაზე პრეზიდენტსაც აქვს ნათქვამი, რომლის მიხედვით, მეფობის აღდგენამ შესაძლოა ხელი შეუწყოს თბილისის დიალოგის დაწყებას სოხუმთან და ცხინვალთან, თუმცა ამჟამად ქართული პოლიტიკური წრეები მონარქიის წინააღმდეგნი არიან: ისინი თვლიან, რომ მეფობა ღარიბი საქართველოსთვის მძიმე ტვირთი იქნება, ქვეყანა ისედაც ძლივს უმკლავდება უამრავ პრობლემას.
მონარქიის იდეის გატარებას ძირითადად ეკლესია ცდილობს, მაგრამ დღეს ისიც შიდა პრობლემებითა და ურთიერთდაპირისპირებით არის მოცული - ერთმანეთს ებრძვიან ულტრაორთოდოქსალური და ე.წ. ლიბერალური ფრთების წარმომადგენლები“-ნათქვამია სტატიაში.
